ანგარიშები

საქართველოს პოლიტიკური პარტიების ფინანსები 2025 წელს

2025 წლის წლიური შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია ანტიკორუფციულ ბიუროში 44-მა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა, თუმცა მათ შორის ფინანსური ბრუნვა მხოლოდ 25 პარტიას გააჩნდა. 21 პოლიტიკურ გაერთიანებას გასული წლის განმავლობაში საერთოდ არ ჰქონია შემოსავალი, ხოლო 19-ს - ხარჯი.

„სამართლიანი არჩევნები“ გთავაზობთ 2025 წელს საქართველოს პოლიტიკური პარტიების ფინანსების ანალიზს.

- პოლიტიკური პარტიების ჯამურმა შემოსავალმა დაახლოებით 49 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც „ქართულმა ოცნებამ“ უფრო მეტი შემოსავალი (26.5 მლნ ლარი) მიიღო, ვიდრე ყველა სხვა პოლიტიკურმა პარტიამ ერთად (22.5 მლნ ლარი).

- სახელმწიფო ბიუჯეტიდან ექვსი პოლიტიკური პარტიის დასაფინანსებლად გასული წლის განმავლობაში სულ 8.9 მლნ ლარი გაიცა, რომლის 68% „ქართულ ოცნებას“ ერგო. ამასთან, წლის ბოლოსათვის კიდევ უფრო შემცირდა სახელმწიფო დაფინანსების მიმღები პარტიების რიცხვი.

- შემოწირულებები 21-მა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო. შემოწირულებების ჯამური ოდენობა 27 მლნ ლარს აღემატებოდა, ხოლო მისი 67% ერთ პარტიაზე, „ქართულ ოცნებაზე“, მოდიოდა.

- პოლიტიკური პარტიების ჯამურმა ხარჯმა 2025 წელს 46 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. მათ შორის, 23.8 მლნ ლარი (52%) „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა.

- პარტიების საერთო ხარჯების უმეტესი ნაწილი რეკლამის (13.9 მლნ ლარი), შრომის ანაზღაურების (5.4 მლნ ლარი), იჯარისა (4.3 მლნ ლარი) და კაპიტალურ (9.4 მლნ ლარი) ხარჯებზე მოდიოდა.