ანგარიშები

საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის ხელშემწყობი რუსული საინფორმაციო ოპერაცია Facebook-ზე და მასში ჩართული არაავთენტური ანგარიშები

2020 წლის 30 აპრილს „ფეისბუქმა“ საკუთარი პლატფორმიდან წაშალა კრემლის პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტო „ნიუს-ფრონტის“ „ფეისბუქ“ გვერდები ქართულ და სხვა ენებზე, რომელთაც გამოცემა სხვადასხვა ქვეყნებში იყენებდა. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „ნიუს-ფრონტ ჯორჯიას“ და მასთან დაკავშირებულ ანგარიშებს „ფეისბუქზე“ 2019 წლის ნოემბრიდან აკვირდებოდა.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ღია წყაროების გამოყენებით შეისწავლა სააგენტო News-Front Georgia-ს (შემდგომში „ნიუს-ფრონტი“) მასალების გავრცელების სქემა „ფეისბუქზე“ და მივიდა დასკვნამდე, რომ „ნიუს-ფრონტი“ „ფეისბუქზე“ ოპერირებდა პლატფორმის წესების მასობრივი დარღვევით. კერძოდ, „ნიუს-ფრონტ ჯორჯიას“ „ფეისბუქ“ გვერდი და მისი ადმინისტრატორი სხვა არაავთენტურ ანგარიშებთან ერთად შერჩევითად, ვიწრო სამიზნე აუდიტორიაზე გათვლით ავრცელებდა ინფორმაციას, რომელიც მიმართული იყო ქართულ „ფეისბუქ“ მომხმარებლებში ანტაგონიზმისა და აგრესიის გაღვივებისკენ, საზოგადოების დახლეჩვისკენ და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ. „ნიუს-ფრონტი“და მასთან კოორდინირენული არაავთენტური ანგარიშები სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენებით ავრცელებდნენ ანტიდასავლურ, პრო-რუსულ გზავნილებს და ქმნიდნენ არაავთენტურ ინტერაქციას „ფეისბუქის“ აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის მიზნით.

„ნიუს-ფრონტის“ აქტიური საქმიანობა ქართულ „ფეისბუქ“ სივრცეში დაახლოებით 6 თვეს ითვლიდა. მას საკუთარი კონტენტის გასავრცელებლად ორგანიზებული ქსელი ჩამოყალიბებული ჰქონდა ძირითადად, არაავთენტური, საეჭვო ანგარიშების სახით. გამოცემის ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდისა და ამ გვერდის ადმინისტრატორის, კონსტანტინე ჩიკვილაძის პერსონალური ანგარიშის გარდა ქსელს ქმნიდა 12 არაავთენტური ანგარიში, რომლებიც მიზანმიმართულად და ორგანიზებულად, არაავთენტური და კოორდინირებული ქცევის გამოყენებით აქტიურ საინფორმაციო ოპერაციებს ატარებდა „ფეისბუქ“ ჯგუფებში. 

„ნიუს-ფრონტი“ და მის სასარგებლოდ მოქმედი არაავთენტური ანგარიშები განზრახ შერჩევითად აზიარებდნენ „ნიუს-ფრონტის“ პოსტებს თემატურ ჯგუფებში და სიმულირებდნენ კომენტარებს, რაც ქართული პოლიტიკური გარემოს მიზანმიმართულად პოლარიზაციის გარდა, ასევე, სავარაუდოდ უკავშირდებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს. მათი სამიზნე, როგორც ღიად პრო-რუსული შინაარსის მქონე ჯგუფები, ასევე, „ქართულ ოცნებისა“ და მის ლიდერების მხარდამჭერთა, და „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ მხარდამჭერების ჯგუფები იყვნენ. „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, „ნიუს-ფრონტის“ მასალები ვრცელდებოდა 31 ღია „ფეისბუქ“ ჯგუფში, რომელთაც ჯამში 521,240 წევრი ჰყავთ.

რუსული გამოცემა „სპუტნიკ-საქართველოს“ არაავთენტური კოორდინინირებული ქმედებების მსგავსად,„ფეისბუქზე“ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ნიუს-ფტონტის“ ოპერაციების ხაზიც ინტერესების ირგვლივ გაერთიანებული მრავალრიცხოვანი აუდიტორიის მქონე ჯგუფების გამოყენებაზე გადიოდა.

 

რა არის „ნიუს-ფრონტი“?

„ნიუს-ფრონტი“ საქართველოში მოქმედი კრემლისტური საინფორმაციო საგენტოა, რომელიც  აქტიურად იყენებდა „ფეისბუქს“ პრო-რუსული და ანტიდასავლური საინფორმაციო კამპანიის საწარმოებლად.

ღიად აგრესიული პრო-რუსული და ანტიდასავლური საინფორმაციო ფრონტი რუსეთმა საქართველოში 2019 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი წლით ადრე, ონლაინ გამოცემა news-front.ge-ს ამოქმედებით გააძლიერა. მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად,ამ გამოცემას მოსკოვიდან რადიკალურ დაჯგუფება „ქართულ მარშთან“ დაკავშირებული, მოსკოვში მყოფი პრორუსული ორიენტაციის მქონე პირი, შოთა აფხაიძე მართავს. ორგანიზაციის კიდევ ერთი კვლევის თანახმად კი, გამოცემას „ფეისბუქზე“ ღიად ორგანიზებული ქსელი გააჩნია.

News-front Georgia - წარმოადგენს კრემლისტური საინფორმაციო სააგენტო News-front-ის ქსელის ნაწილს, რომლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საკონტაქტო მისამართად მითითებულია სიმფეროპოლი, ყირიმი, როგორც რუსეთის ფედერაციის ტერიტორია. სააგენტო აერთიანებს გამოცემებს ინგლისურ, ბულგარულ, გერმანულ, ესპანურ, სერბულ, უნგრულ და ქართულ ენებზე.

სააგენტო „News-Front” დაარსებულია რუსეთის ფედერაციის მთავრობის კომუნიკაციების მარეგულირებელი სააგენტოს, როსკომნადზორის 2015 წლის 26 ივნისის ბრძანებით.

კორონავირუსის პანდემიის ფონზეც „ნიუსფრონტი“ შენიღბულად უთხრიდა ძირს  სახელმწიფოს მიერ ვირუსით გამოწვეული პრევენციული ღონისძიებების, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის მიმართ სანდოობას და მიზანმიმართულად ავრცელებდა დეზინფორმაციას. „ნიუს-ფრონტი“ დეზინფორმაციული სტატიებით თავს ესხმოდა ლუგარის ლაბორატორიას და მის დირექტორს, პაატა იმნაძესაც.

 

ნიუს-ფრონტისგამავრცელებელი არაავთენტური, კოორდინირებული ანგარიშები 

„სამართლიანი არჩევნებმა“ აღმოაჩინა 12 არაავთენტური ანგარიში, რომელთა მეშვეობით „ნიუს-ფრონტ“ საქართველოს ოფიციალური გვერდის გარდა გამოცემის მასალა სხვადასხვა ჯგუფში ორგანიზებულად და შერჩევითად ქვეყნდებოდა. არაავთენტური ანგარიშები სხვადასხვა ასაკის, სქესის და დემოგრაფიული მონაცემების მქონე პირების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, რაც მათ ყალბ ინტერაქციას ბუნებრივ ელფერს აძლევდა და რომელიც, თითქოს საზოგადოების ფართო სეგმენტს მოიცავდა. ამასთან, მათი დემოგრაფიული დივერსიფიცირების მაღალი ხარისხი განაპირობებდა მათი კოორდინირების უხილავობას და მათი ორგანიზებული აქტივობა „ფეისბუქის“  მომხმარებლისთვის შეუმჩნეველი  რჩებოდა.

-----

-----

ეს ანგარიშები, რიგ შემთხვევებში ინტერაქციაში ორგანიზებულად შედიოდნენ „ნიუს-ფრონტის“ ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზეც და ხელს უწყობდნენ პრო-რუსული, ანტიამერიკული განწყობების დაფიქსირებას, რაც ქმნიდა ყალბ წარმოდგენას, რომ ამ განწყობებს უფრო მეტი „ფეისბუქ“ მომხმარებელი იზიარებდა.

-----

"ნიუს-ფრონტის" ერთ სტატიაზე არაავთენტირებული ანგარიშების მიერ ინტერაქციის სიმულირება "ნიუს-ფრონტის" გვერდზე და საჯარო ჯგუფებში

-----

არაავთენტური ანგარიშების ნაწილი სხვის იდენტობას იპარავდა. ნაწილის პროფილის ფოტო იმდენად უხარისხო იყო, რომ რთული იყო მათი ღია წყაროებით გადამოწმება, ერთი ნაწილის სახელები და გვარები არ იძებნებოდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში ან/და „ფეისბუქ“ URL მისამართში სახელები შეცვლილი. მათ პირად გვერდებზე არ ვლინდებოდა ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის დამახასიათებელი ქცევა. მაგალითად, პროფილის ფოტოებზე არც ერთი ნაცნობის გამოხმაურება არ ფიქსირდებოდა. ამ არაავთენტური ანგარიშების აქტივობა ძირითადად გადაჯაჭვული იყო „ნიუს-ფრონტის“ ადმინისტრატორის, კონსტანტინე ჩიკვილაძის „ფეისბუქ“ აქტივობასთან.

-----

ანგარიში Nadia Kakabadze იყენებს ფოტოგრაფ ალექსანდრე ტოლჩინსკის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს, ანგარიში Vika Teliaიყენებს მოლდოველი მოდელის ფოტოებს.

ანგარიში სახელწოდებით Irakli Samushia იყენებს ალბანელი მუსიკოსის, ტედი ნუჰოლის  ფოტოებს

-----

30 აპრილს, „ფეისბუქმა“ გააუქმა თორმეტივე არაავთენტური ანგარიში, ისევე როგორც კონსტანტინე ჩიკვილაძის პირადი პროფილი.

არაავთენტური ანგარიშების ეს ქსელი, გარდა იმისა რომ ორგანიზებულად აზიარებდა „ნიუს ფრონტის“ მასალებს, გაზიარებულ მასალებზე თავად იწყებდა ან ერთვებოდა საკვანძო მოვლენებთან დაკავშირებულ საჯარო დისკუსიებში, კომენტარებში ხელოვნურად ზრდიდა საზოგადოებაში არაპოპულარული აზრების ირგვლივ დისკუსიას, აგრესიულად ესხმოდა თავს საწინააღმდეგო აზრების მქონე ადამიანებს. მათი ძირითადი გზავნილი ანტიამერიკული, ანტიდემოკრატიული და პრო-რუსული იყო. ასევე, რიგ კომენტარებში ისინი მკვეთრად ანტიოპოზიციურ მოსაზრებებს გამოხატავდნენ.

-----

 

-----

მაგალითად, ცხინვალის იზოლატორში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობისას, გამოვლენილი არაავთენტური ანგარიშები საჯარო დისკუსიების პროვოცირებით და შემდგომ კომენტარებში შეჭრით ენერგიულად ცდილობდნენ გაფრინდაშვილის პროვოკატორად წარმოჩენას და იმ აზრის გავრცელებას, რომ მის ქმედებაში გმირული არაფერი იყო.[1] „ნიუს-ფრონტთან“ დაკავშირებული ანგარიშები სხვადასხვა ჯგუფებში თითქმის ერთი და იმავე ტექსტით გაფრინდაშვილის პატიმრობას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირებდნენ.

-----

„ნიუს-ფრონტის“ მიერ  4 სხვადასხვა ჯგუფში გავრცელებულ სტატიაზე  ერთი და იმავე არაავთენტური ქცევის ანგარიშის იდენტური კომენტარები, რაც კომენტარების ხელოვნურობაზე მიუთითებს.

 

"ნიუს-ფრონტის" არაავთენტური ანგარიშების მიერ 8 წუთის ინტერვალში ვაჟა გაფრინდაშვილის მადისკრედიტირებელი სტატიის გავრცელება სხვადასხვა თემატურ ჯგუფში

 

ვაჟა გაფრინდაშვილის დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებული პოსტები სხვადასხვა ჯგუფებში ნიუს-ფრონტის არაავთენტური ანგარიშების მიერ

-----

ყველა ეს არაავთენტური ანგარიში „ფეისბუქზე“ იდენტურ ქცევას ავლენდა, რაც გამოიხატება მათ მიერ გამოქვეყნებულ საჯარო პოსტებში, კომენტარების ხასიათში, ენობრივ მსგავსებაში და მოწონებულ გვერდებში, რომელიც ასევე იდენტური იყო. ეს კი სავარაუდოდ, მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ერთი წყაროსგან იმართებოდნენ.

არაავთენტური ანგარიშების აქტივობები „ფეისბუქზე“ მიუთითებს, რომ მათი მიზანი რეალური ადამიანების დისკუსიის ჩახშობა, მრავალი ანგარიშის მიერ ერთგვაროვანი, სასურველი აზრის მასიურად დაფიქსირება იყო, რათა დისკუსიაში ჩართული განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისთვის სოციალური მიუღებლობის განცდა შეექმნათ.

 

კოორდინირებული, არაავთენტური ქცევის გამოყენებაფეისბუქ“-ჯგუფებში

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით „ნიუს-ფრონტი“ და მასთან დაკავშირებული არაავთენტურ ანგარიშები 31 „ფეისბუქ“ ჯგუფში სხვადახვა ინტენსივობით აქვეყნებდნენ პრო-რუსულ ინტერესებს მორგებულ მასალებს. ამ 31 ჯგუფს ჯამში 521,240 წევრი ჰყავს.

„ნიუს-ფრონტის“ სამიზნე ჯგუფები შემდეგი შინაარსის აუდიტორიად იყოფიან:

  • ღიად პრო-რუსული
  • „ქართული ოცნების“/პარტიის ლიდერების მხარდამჭერი
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი/ოპოზიციური ელფერის მქონე
  • ანტიოპოზიციური შინაარსის მქონე
  • ევროპაში და აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტები
  • რელიგიური

ამ თემების ირგვლივ „ფეისბუქ“ ჯგუფებში გაწევრიანებული მრავალათასიანი აუდიტორიისთვის არაავთენტური ანგარიშები ერთგვარი მონაცვლეობით, თითქმის ყოველდღურად და დღეში რამდენჯერმეც შერჩევითად აზიარებდნენ „ნიუს-ფრონტის“ მასალებს. გაზიარებული მასალა, როგორც წესი წარმოდგენილი იყო „ნიუს-ფრონტის“ ვებ-გვერდის ბმულის სახით რასაც თან ახლადა სტატიის მთავარი გზავნილი.

საგულისხმოა, რომ შესწავლილ ჯგუფებში რეალური მომხმარებლების მიერ „ნიუს-ფრონტის“ მასალების გაზიარების შემთხვევები თითქმის არ გვხვდებოდა. როგორც ზემოთ აღინიშნა, სამიზნე „ფეისბუქ“ ჯგუფებში „ნიუს-ფრონტის“ მასალებს ავრცელებდა როგორც გამოცემის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი, ასევე გამოცემასთან მჭიდრო კავშირში მყოფი არაავთენტური ანგარიშების ქსელი.

„ფეისბუქ“ ჯგუფებში „ნიუს-ფრონტის“ ორგანიზებული ქსელის მიერ გამოქვეყნებული პოსტების შინაარსზე დაკვირვებით, შესამჩნევია „ნიუს-ფრონტის“ მიერ შერჩევითი ინფორმაციით აუდიტორიის მანიპულირების სამი ტენდენცია.  „ნიუს-ფრონტი“ და მასთან დაკავშირებული არაავთენტური ქსელი მუშაობდა როგორც ხელისუფლების მხარდამჭერ, ისე ოპოზიციის მხარდამჭერ „ფეისბუქ“ ჯგუფებზე, სადაც შერჩევითად ავრცელებდნენ ამ ჯგუფების მომხმარებელთა განწყობებზე მორგებულ პროვოკაციულ გზავნილებს, რაც, სავარაუდოდ, საზოგადოების ორ ბანაკად დაყოფის და დაპირისპირების მიზანს  ემსახურებოდა. ამას გარდა, „ნიუს-ფრონტი“ ავრცელებდა ღიად პრო-რუსულ და ანტიდასავლურ გზავნილებს სხვადასხვა შინაარსის მქონე „ფეისბუქ“ ჯგუფებში.

-----

-----

1. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა, ისევე როგორც ღიად პრორუსული პოლიტიკის მხარდამჭერების ჯგუფებში „ნიუს-ფრონტის“ მიერ ვრცელდებოდა ღიად ანტიდასავლური და ანტიოპოზიციური ნარატვის შემცველი მასალა, რომლის მიზანი იყო სიძულვილისა და ანტაგონიზმის გაღვივება ოპოზიციის, მათი მხარდამჭერების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დასავლური ღირებულებების მიმართ. ამასთან დასავლელი პოლიტიკოსები და მთლიანად დასავლეთი ნატოს ჩათვლით, წარმოჩენილი იყვნენ საქართველოს მტრებად, რომლებიც თითქოს საქართველოს თავს ახვევდნენ მიხეილ სააკაშვილისა და ენმ-ის მმართველობას. ამასთანავე, სტატიების ნაწილი მიმართული იყო ოპოზიციის ბოლოდროინდელი გაერთიანებული ფორმატის დისკრედიტაციისკენ. 

2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე მრავალრიცხოვან მხარდამჭერთა ჯგუფში „გავერთიანდეთ მტრის წინააღმდეგ მიშასეული წინსვლის დასაბუნებლად“, რომელიც 44,000 მომხმარებელს აერთიანებს, გამოქვეყნებული პოსტები „ქართული ოცნების“ მხადამჭერთა ჯგუფებში გავრცელებული პოსტების რაოდენობასთან შედარებით მცირე იყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ ჯგუფებში არაავთენტური ანგარიშების ქსელი ძირითადად იმგვარი შინაარსის მასალებს ავრცელებდა, რომელიც ფორმითა და შინაარსით ენმ-ს პოლიტიკური ლიდერების საწინააღმდეგო არ იყო, თუმცა აგრესია მიემართებოდა სახელმწიფო ინსტიტუციებს, მმართველ პარტიას, ან იმ საჯარო პირებს ან პოლიტიკოსებს, რომლებიც არ არიან ამ პარტიის გამოკვეთილი ლიდერები ან მხარდამჭერები.

ილუსტრაციისთვის, „სამართლიანი არჩევნები“ გთავაზობთ ერთ-ერთი არაავთენტური ანგარიშის მიერ წამქეზებლური ქცევის მაგალითს, სადაც ის, ერთ შემთხვევაში ხოტბას ასხამს ცესკოს, ხოლო თემატურ პოლიტიკურ ჯგუფში, ის ცესკოს თავმჯდომარის ქონების კონფიკაციის მოწოდებით გამოდის.

-----

ანგარიში Nadia Kakabadze ცრუ მედიის გვერდებზე ცესკოს მხარდამჭერ კომენტარებს აფიქსირებს, ხოლო ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა ჯგუფებში ცესკოს თავმჯდომარის მიმართ აგრესიას გამოხტავს

 

ორი დაპირისპირებული პარტიის მხარდამჭერთა ჯგუფებში გავრცელებული პოსტების მაგალითი შერჩევითი შინაარსის მიხედვით

-----

3. ყველა სამიზნე ჯგუფში „ნიუს-ფრონტისა“ და მისი არაავთენტური ანგარიშების მიერ ვრცელდებოდა ზოგად სახელმწიფოებრივ საკითხებზე მგრძობიარე თემებით მანიპულაციის შემცველი სტატიები, რომლებიც შეიცავდა კონსპირაციის თეორიებს და თესავდა ირაციონალურ შიშებს, რაც სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა საზოგადოების დეზორგანიზებასა და აგრესიის გაღვივებას. ამ სტატიებში დასავლეთი საქართველოს გამანადგურებლად ხოლო რუსეთი გადამრჩენლად იყო წარმოჩენილი. საქართველოს მთავარ საფრთხედ და მტრის ხატად ამერიკის შეერთებული შტატები სახელდებოდა.

-----

-----

საგულისხმოა, რომ „ნიუს-ფრონტის“ ამგვარი აქტივობის მიზანი, როგორც ჩანს, არ იყო მხოლოდ ამ სააგენტოს კონტენტის ხელოვნურად გავრცელება. ამ ქსელის ქმედებები უფრო დიდი რუსული საინფორმაციო ოპერაციის ნაწილი იყო, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ გამოცემის „ფეისბუქ“ გვერდის და მასთან დაკავშირებული არაავთენტური ანგარიშების მიერ „ფეისბუქ“ ჯგუფებში ვრცელდებოდა არა მხოლოდ „ნიუს-ფრონტ“-ის ვებ-გვერდის მასალები, არამედ კიდევ ერთი პრორუსული გამოცემა www.Geworld.ge-ის მასალებიც. შესაბამისად, მაღალი ალბათობით, „ნიუს-ფრონტის“ მიზანი არამხოლოდ საკუთარი ვებ-გვერდის აუდიტორიის გაზრდა, არამედ კონკრეტული გზავნილების გავრცელებაც იყო.

-----

-----

„ნიუს ფრონტის“ მიერ არაავთენტური ანგარიშების გამოყენებით საერთო ინტერესის ირგვლივ ერთ სივრცეში გაერთიანებული აუდიტორიისთვის გამიზნული მესიჯების გავრცელება მათთვის მომგებიანი იყო, რადგან, სამიზნე „ფეისბუქ“ ჯგუფების ადმინისტრატორები ნაკლებად იყენებდნენ პოსტების შინაარსის მოდერაციის ფუნქციას. ამასთან, აუდიტორიას, რომელიც მისი ინტერესის თუ პოლიტიკური გემოვნების მიხედვით თითქოსდა რეალური მომხმარებლის მიერ იღებდა ინფორმაციას ნაკლებად შეიძლება ეფიქრა გაზიარებული წყაროს წარმომავლობაზე და ეჭვქვეშ დაეყენებინა მისი სანდოობა. 

 


 

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ნიუს-ფრონტის“ არაავთენტური ქსელის ქცევაზე მონიტორინგი აჩვენებს, რომ მათ აქტივობებში იკვეთებოდა საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევის ნიშნები და პოლიტიკური პოლარიზაციის გაღვივების მცდელობა. „ფეისბუქის“ მიერ „ნიუს-ფრონტისა“ და მასთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშების პლატფორმიდან  წაშლა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან სააგენტოს ყალბი მანიპულაციური ქცევით ფართო აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის და დაბნევის შესაძლებლობა შეეზღუდა. თუმცა კრემლისტური სააგენტო „ნიუს-ფრონტი“, რომლის სათაო ოფისის მისამართად რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაა მითითებული, საქართველოში ოპერირებას განაგრძობს და ზემოთაღწერილი სქემიდან გამომდინარე საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევას კვლავ წარმოადგენს. 

2020 საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხოება, შიდაპოლიტიკური სტაბილურობის გარდა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან არჩევნებში ჩარევის საფრთხეებისგან ქვეყნის დაცვას უკავშირდება. 20 თებერვალს საქართველოს, აშშ-ს და გაერთიანებული სამეფოს მთავრობების მიერ ჩატარებული გამოძიებებით დადასტურდა, რომ არჩევნებამდე 1 წლით ადრე, 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში მომხდარი ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმის უკან რუსეთის ფედერაცია იდგა. პარალელურად, 17 თებერვალს ესტონეთის დაზვერვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში რუსეთის მხრიდან საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის საფრთხეზე მიანიშნებს. არსებული გარემოებები ცხადყოფს, რომ 2020 საპარლამენტო არჩევნების წინ მოსალოდნელია რუსეთის მიერ საინფორმაციო სივრცეში აქტიურ ქმედებებზე გადასვლა, მათ შორის სოციალურ მედიის გამოყენებითაც, რაც წინასაარჩევნო პერიოდში სახელმწიფოსთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. 

 

ანგარიში მომზადებულია „ფეისბუქზე“ არსებულ ღია წყაროებზე დაკვირვებით. პერსონალური ანგარიშების საქმიანობის შეფასება გამომდინარეობს მხოლოდ მათი საჯარო აქტივობიდან. მონიტორინგის ხელსაწყოდ გამოყენებულია CrowdTangle ხოლო News-Front Georgia-სთან კავშირში მყოფი საჯარო „ფეისბუქ“ გვერდების მონაცემები შეგროვდა Factalyzer-ით.

„სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის, და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს დონორების პოზიციას. 

 

-----

[1] ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის ე.წ. „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“ უკანონოდ დააკავა ე.წ. საზღვრის უკანონო დარღვევისთვის და ერთი წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან 28 დეკემბერს გათავისუფლდა: https://civil.ge/ka/archives/332211