ანგარიშები

ცესკოს პროფესიული წევრების შესარჩევ კონკურსში გამოვლენილი ხარვეზები

საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების საკითხი მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა დისკუსია საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების არსებული მოდელის გასაუმჯობესებლად, რაც ე.წ. შერეული მოდელიდან კომისიის წევრთა პროფესიული ნიშნით  შერჩევის მოდელზე გადასვლას ითვალისწინებს, ამ მხრივ არაფერი  შეცვლილა. არსებული წესით, საარჩევნო კომისიის 6 წევრს პოლიტიკური პარტიები ნიშნავენ, ხოლო დანარჩენი 6  წევრი კონკურსის საფუძველზე შეირჩევა.

გარდა იმისა, რომ პრობლემურია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების არსებული მოდელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს, საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკურად ნეიტრალურ ორგანოდ ჩამოყალიბებას, პრობლემას წარმოადგენს ასევე ამ მოდელის პრაქტიკული იმპლემენტაცია, კერძოდ, არსებული მოდელის პირობებში საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული წევრების შერჩევის პროცესის გამჭვირვალობისა და კანონიერების საკითხი. გასულ წლებში, საარჩევნო მონიტორინგის პროცესში არაერთი ფაქტი გამოიკვეთა პროფესიული ნიშნით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას, როცა კითხვის ნიშნები გაჩნდა ამ პროცესში სავარაუდო პოლიტიკური გავლენების არსებობისა თუ ნეპოტიზმის ფაქტების გამო.[1] საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული წევრების დაკომპლექტების საკითხთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ წევრების შერჩევის პროცესი, რომელიც პროფესიული ნიშნით, პრეზიდენტის წარდგინების საფუძველზე, პარლამენტის მიერ აირჩევა.[2]

ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრების შესარჩევად ბოლო კონკურსი 2019 წელს ჩატარდა, კერძოდ, პრეზიდენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატების შესარჩევად ღია კონკურსი 2019 წლის 5 ნოემბერს გამოაცხადა. პრეზიდენტის #05/11/02 განკარგულებით ასევე დამტკიცდა საკონკურსო კომისიის დებულება და ღია კონკურსის ჩატარების წესი.[3]

 

მეთოდოლოგია

„სამართლიანმა არჩევნებმა“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცესკოს ვაკანტურ პოზიციებზე გამოცხადებული კონკურსის პროცესის შესწავლის მიზნით შემდეგი საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან:

  • ცესკოს წევრების შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე კანდიდატების შესახებ ინფორმაცია და მათ მიერ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტების ასლები;
  • ცესკოს წევრების შესარჩევად შექმნილი საკონკურსო კომისიის დებულება და კომისიის მიერ ჩატარებული სხდომის ოქმები.

ორგანიზაციამ შეისწავლა, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული კანდიდატების საკონკურსო დოკუმენტაცია, ასევე საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმები და კონკურსის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები.

 

ძირითადი მიგნებები

პრეზიდენტის მიერ ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში პრობლემები გამოიკვეთა, როგორც საკონკურსო-კომისიის ფორმირების ეტაპზე, ასევე კანდიდატების შეფასების პროცესში. გამოვლენილი პრობლემებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა შემდეგი:

  • მიუხედავად, იმისა, რომ საკონკურსო კომისიის შემადგენლობის ფორმირებისას არ დარღვეულა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი მოთხოვნები და კომისიაში წარმოდგენილი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გაუგებარია რა კრიტერიუმების საფუძველზე მოხდა პრეზიდენტის მიერ კომისიის შემადგენლობის ფორმირება;
  • კომისიის შემადგენლობაში წარმოდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკურ მიკერძოებულობასა და პროფესიონალიზმთან დაკავშირებული კითხვის ნიშნები ეჭვებს აჩენს ცესკოს წევრობის შესარჩევი კონკურსის ობიექტურობაზე;
  • საკონკურსო-კომისიის ოქმიდან არ ჩანს, თუ როგორ მოხდა კომისიის მიერ კონკურსში მონაწილე კანდიდატების შეფასება დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით;
  • საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული. გაუგებარია რის საფუძველზე მიიღო კომისიამ გადაწყვეტილება პრეზიდენტისთვის კონკურსში მონაწილე კანდიდატების წარდგენის შესახებ.

 

ცესკოს კანდიდატების შესარჩევად შექმნილი კომისიის შემადგენლობა

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-12 მუხლის შესაბამისად, ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 30-ე დღისა, ხოლო ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში მისი წარმოშობიდან არა უგვიანეს მე-15 დღისა პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ. საარჩევნო კოდექსით ასევე განსაზღვრულია კომისიის ფორმირების წესი, კერძოდ, საკონკურსო კომისია წარმომადგენლობითი უნდა იყოს და მისი წევრების ნახევარი  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან უნდა შედგებოდეს.

საქართველოს პრეზინდეტის #05/11/02 განკარგულებით შექმნილი საკონკურსო კომისია 6 წევრისგან შედგებოდა, აქედან კომისიის სამი წევრი პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ხოლო სამი წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ.[4] მიუხედავად იმისა, რომ გარდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით არსებული დაზუსტებისა, საარჩევნო კოდექსი სხვა მხრივ არ განსაზღვრავს, თუ ვინ უნდა შედიოდეს კომისიის შემადგენლობაში, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის 3 წარმომადგენლის ყოფნა კომისიაში, არ უზრუნველყოფს კომისიის შემადგენლობის წარმომადგენლობითობას.  კომისიის შემადგენლობის ფორმირების არსებული გადაწყვეტილებიდან არ ჩანს რა ნიშნის მიხედვით მოხდა პრეზიდენტის მიერ კომისიის წევრებად პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების შერჩევა, ან რამდენად ჰქონდათ ამ პირებს საარჩევნო საკითხებზე მუშაობისა ან/და ცოდნის გამოცდილება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებით კომისიის დაკომპლექტების გარდა, სერიოზული კითხვის ნიშნები ჩნდება კომისიის შემადგენლობაში შემავალ რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით. კერძოდ, „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ ხელისუფლებასთან ასოცირებული ორგანიზაციაა, რომელსაც მიუკერძოებელი[5] და სანდო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ავტორიტეტი არ აქვს. მისი არჩევნებზე დაკვირვების მეთოდოლოგია გამჭვირვალე არ არის, ხოლო უშუალოდ არჩევნების მონიტორინგის პროცესში არ იცავს ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს,[6] გამოირჩევა ადგილობრივი ხელისუფლებისა თუ მმართველი პარტიის მხარდამჭერი განცხადებების გავრცელებითა და სანდო და ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაციების კრიტიკით. რაც შეეხება კომისიაში შემავალ კიდევ ერთ ორგანიაციას - „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის“, უცნობია მისი არჩევნებზე დაკვირვების მეთოდოლოგია, ანგარიშები და შეფასებები მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებზე. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, რა საფუძვლით მიანიჭა საქართველოს პერზიდენტმა აღნიშნულ ორგანიზაციებს ცესკოს კანდიდატების შერჩევის ლეგიტიმაცია.  

 

ცესკოს წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესი

საარჩევნო კოდექსის 12-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, პრეზიდენტის განკარგულებით #05/11/02 დამტკიცდა ცესკოს წევრობის კანდიდატების  საკვალიფიკაციო მოთხოვნები. კერძოდ: კანდიდატი უნდა ყოფილიყო ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე,  რომელიც ფლობდა სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონით დადგენილ მოთხოვნებსა და ექნებოდა არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერთიფიკატთან ერთად.

საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ 12-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს უნდა წარუდგინოს ასარჩევად თითო ვაკანსიაზე არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კანდიდატურისა. 2019 წლის 22 ნოემბერს, კონკურსში მონაწილე კანდიდატების განცხადებების განხილვის მიზნით  ცესკოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შეიკრიბა. კომისიის სხდომის ოქმიდან დგინდება, რომ კომისიამ შეისწავლა 16 კონკურსანტის განცხადება. აქედან, ერთ შემთხვევაში მიიღო გადაწყვეტილება, კანდიდატურა არ განეხილა, რადგან დოკუმენტები არ იყო სახელმწიფო ენაზე წარმოდგენილი. კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტს 4 ვაკანტურ ადგილზე 12 კონკურსანტი წარედგინა. თუმცა კომისიის ოქმიდან არ ჩანს კონკურსში მონაწილე დანარჩენი 3 კანდიდატის შემთხვევაში რა გადაწყვეტილება მიიღო კომისიამ და რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი.[7] 

მიუხედავად იმისა, რომ საკონკურსო კომისიას არ დაურღვევია საარჩევნო კოდექსით დადგენილი პროცედურები, კომისიის ოქმიდან არ ჩანს თითოეული კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გარდა წარდგენილი დოკუმენტების ფორმალური შემოწმებისა, რა დამატებითი მექანიზმები გამოიყენა კომისიამ ისეთი კრიტერიუმების შესაფასებლად, როგორიც არის მაგალითად კანდიდატის პარტიული კუთვნილება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ცესკოს პროფესიული წევრების შერჩევის ეტაპზე.[8] ასევე, არ იკვეთება, ზოგადად, რა არგუმენტებზე და გარემოებებზე დაყრდნობით მიანიჭა კომისიამ უპირატესობა პრეზიდენტისთვის წარდგენილ  12 კანდიდატს და რატომ ვერ მოხვდა ამ სიაში დანარჩენი სამი კანდიდატი, რომლებიც გამოეთიშნენ კონკურსს. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესწავლის შემდეგ შესაძლებელია ითქვას, რომ აღნიშნული კონკურსანტებიც აკმაყოფილებდნენ  დადგენილ მოთხოვნებს, მათი და კომისიის მიერ წარდგენილი 12 კანდიდატის ინდივიდუალური შეფასებები ოქმში ასახული არ არის, რაც კომისიის მხრიდან გადაწყვეტილების დასაბუთებულობის პრინციპის დარღვევაზე მიანიშნებს.  

საარჩევნო კოდექსის მე-12 მუხლით დადგენილია, რომ პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ცესკოსწევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე 2 კანდიდატურას. 2019 წლის 25 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ცესკოს წევრის 4 ვაკანტურ ადგილზე 8 კანდიდატი წარუდგინა საქართველოს პარლამენტს შემდეგი განაწილებით: დიმიტრი ჯავახიძე და გია ცაცაშვილი; გიორგი ძაგანია და ვლადიმერ ბოჟაძე; გიორგი ჯავახიშვილი და მაია ზარიძე; გიორგი ჭიქაბერიძე და ზაზა პირველი.

იქიდან გამომდინარე, რომ საკონკურსო კომისიის ოქმი არ შეიცავდა რაიმე სახის დასაბუთებას შერჩეულ 12 კანდიდატთან დაკავშირებით, გაუგებარია, საქართველოს პრეზიდენტმა ერთი მხრივ, რაზე დაყრდნობით შეარჩია პარლამენტისთვის წარსადგენი 8 კანდიდატი და შემდეგ რა კრიტერიუმების მიხედვით მოხდა მათი გადანაწილება ვაკანტური ადგილების მიხედვით.[9]

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე,  ჩნდება კითხვის ნიშნები კონკურსის ყველა ეტაპზე კანდიდატების შერჩევის ობიექტური კრიტერიუმებისა და პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

 

რეკომენდაციები

მიგვაჩნია, რომ მომავალში ცესკოს წევრების შერჩევის მიმართ საზოგადოების ნდობისა და მეტი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია:

  • კომისიაში შედიოდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი. დანარჩენი წევრები შეიძლება იყვნენ სახალხო დამცველის წარმომადგენელი, საარჩევნო საკითხების ექსპერტები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, რომლებსაც გამოცდილება აქვთ არჩევნების მიმართულებით და სხვ., რომლებიც სარგებლობენ მაღალი რეპუტაციით და სანდოობით;
  • ნაცვლად საეჭვო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციებისა, კომისიაში მიწვეული უნდა იყონ ის ადგილობრივი ორგანიზაციები, რომლებსაც საარჩევნო საკითხებზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ და მიუკერძოებელი და ობიექტური საქმიანობით გამოირჩევიან;
  • საკონკურსო კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული. აღნიშნული აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ კომისიისა და შემდგომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ არ წარმოქმნას კითხვის ნიშნები შერჩევის პროცესის ობიექტურობასთან დაკავშირებით.

 

 

------

[1] მაგალითად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსი შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარა. კონკურსში მონაწილე 173 კანდიდატიდან 72 კონკურსანტი 24 საათში გასაუბრების გარეშე აირჩია, რაც ვერ უზრუნველყოფდა კანდიდატების ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე შეფასებას. ასევე 24 საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები წინასწარი სიების საფუძველზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს საუბნო კომისიის წევრების შერჩევისას. ასევე გამოვლინდა არაერთი ფაქტი, როცა შერჩეული კომისიის წევრები პ/გ „ქართული ოცნების“ და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამდებობის პირების ახლო ნათესავები იყვნენ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კონკურსის ფორმალურ ხასიათზე. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო ანგარიში, http://www.isfed.ge/geo/news/2018-tslis-saprezidento-archevnebis-saboloo-angarishi

[2] იხ. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“,  მუხლი 10: ცესკოს 5 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 6 წევრს ნიშნავენ პარტიები  კანონით დადგენილი წესით, https://matsne.gov.ge/ka/document/view/1557168?publication=58

[3] იხ.  საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 5 ნოემბრის განკარგულება #05/11/02 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ; https://bit.ly/2JDMqj0

[4] იხ. საქართველოს პრეზიდენტის 5 ნოემბრის განკარგულება #05/11/02, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ: https://bit.ly/2JDMqj0

[5] იხ. “ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია” დირექტორის გრიგოლ გაგნიძის “საერთო გაზეთისთვის” მიცემული ინტერვი: “ერთადერთი, ვინც ამომრჩეველს რეალურ დაპირებებს აძლევს, სალომე ზურაბიშვილია”: https://netgazeti.ge/news/314525/

[6] იხ. სამართლიანი არჩევნების  განცხადება არჩევნების დღის მიმდინარეობის შესახებ: ჩოხატაურის #62 საარჩევნო ოლქის #2, #8 და #26 საარჩევნო უბნებთან „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ დამკვირვებლის მოწმობებით ადამიანები სხედან მანქანებში, რომლებსაც აქვთ სიები და პარალელურად ეწევიან აგიტაციას სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, http://www.isfed.ge/geo/presrelizebi/archevnebis-dghis-mimdinareoba-1100-saatistvis

[7] იხ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის ოქმი #1, 2019 წელი, 22 ნოემბერი;

[8] იხ. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მუხლი 12; https://bit.ly/34VHgc8

[9] საქართველოს პარლამენტმა გადაწყევტილება 2019 წლის 10 დეკემბერს მიიღო და შემდეგი კანდიდატები შეარჩია ცესკოს წევრის 4 ვაკანტურ ადგილზე: დიმიტრი ჯავახაძე -79 ხმით; გიორგი ძაგანია - 77 ხმით; გიორგი ჯავახიშვილი - 78 ხმით და გიორგი ჭიქაბერიძე - 76 ხმით; https://bit.ly/2wX4tOI