ბლოგი

აქვს თუ არა ორმაგ მოქალაქეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში?

ISFED-ის ბლოგი
 
„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ უკრძალავს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს უფლებას, კანდიდატის სტატუსით მონაწილეობა მიიღონ საპრეზიდენტო არჩევნებში. 

მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური ნორმები ამ მხრივ, გარკვეულწილად, ნათლად არ არის ჩამოყალიბებული, თუმცა, მათი არა ფრაგმენტული, არამედ ერთობლივი, კომპლექსური განმარტებიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა კანდიდატად დარეგისტრირებაზე განცხადების მიღებაზე უარის თქმით კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა შემდეგი გარემოებების გამო:
უპირველეს ყოვლისა, უნდა გავმიჯნოთ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთათვის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, ანუ კანდიდატად ყოფნის უფლება და უფლება, დაიკავონ მაღალი პოლიტიკური თანამდებობები. 

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტი, რომელზეც ცესკო აპელირებას აკეთებს, აცხადებს, რომ „საქართველოს პრეზიდენტის [..] თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.“ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ნორმა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს უკრძალავს პრეზიდენტის პოსტის დაკავების უფლებას, მაგრამ არა არჩევნებში მონაწილეობის უფლებას.

საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, “პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში.” აღნიშნული ნორმა საქართველოს მოქალაქეს უფლებას აძლევს არჩეულ იყოს საქართველოს პრეზიდენტად. საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლი განასხვავებს „პრეზიდენტის არჩევას“ და „პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას“, რაც მის მიერ ფიცის დადების მომენტიდან დგება. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს (მათ შორის მათაც, ვისაც ამავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეობა აქვს), უფლება აქვს აირჩიონ პრეზიდენტის თანამდებობაზე, თუმცა, კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-ე პუნქტი მას პრეზიდენტის თანადებობის დაკავების უფლებას არ აძლევს მანამ, სანამ არჩეულლი კანდიდატი უარს არ იტყვის უცხო ქვეყნის მოქალაქეობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებები, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთათვის რეგისტრაციის გავლაზე უარის თქმის შესახებ შესაბამისობაში არ მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან.

ამასთანავე, უნდა გაიმიჯნოს იმ ორმაგი მოქალაქეების უფლება, დაიკავონ პრეზიდენტის თანამდებობა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობის გარდა ფლობენ ევროკავშრის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობას მათგან, ვინც ფლობს სხვა - ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოს მოქალაქეობას.

საქართველოს კონსტიტუციის 1044-ე მუხლის თანახმად, „2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისთვის აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.“ ამასთანავე, აღნიშნული მუხლი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრ მოქალაქეებზე არ ვრცელდება კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა, დაიკავონ პრეზიდენტის თანამდებობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაციას მიაჩნია:
  • ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს უფლება აქვთ კანდიდატის სტატუსით მონაწილეობა მიიღონ საპრეზიდენტო არჩევნებში;
  • გამარჯვების შემთხვევაში, 2014 წლის 1 იანვრამდე იმ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს, რომელიც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად ფლობს ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეობას (და ამავდროულად აკმაყოფილებს ასაკისა და საქართველოში ცხოვრების ცენზებს), უფლება აქვს ეკავოს პრეზიდენტის თანამდებობა;
  • გამარჯვების შემთხვევაში, იმ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს, რომელიც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად ფლობს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეობას, უფლება არა აქვს დაიკავოს პრეზიდენტის თანამდებობა, თუკი ფიცის მიღების დღემდე არ დაკარგავს უცხო ქვეყნის მოქალაქეობას.
  •