ღირებულებებთან დამარცხებული შანტაჟი
2014 წლის ზაფხულში იელის უნივერსიტეტის ამერიკის ისტორიის პროფესორმა ბევერლი გეიჯმა ამერიკის ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის ჯონ ედგარ ჰუვერის ბიოგრაფიის კვლევისას აღმოაჩინა ეროვნულ არქივში დაცული, ოფიციალურ და საიდუმლო ფაილებში ჩაკეცილი, არარედაქტირებული წერილი, რომელის ადრესატი მარტინ ლუთერ კინგი იყო. ბევერლი გეიჯმა აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით გამაოგნებელი სტატია New York Times - ში გამოაქვეყნა. სტატიის ავტორი დეტალურად აღწერს FBI-ს მიერ მარტინ ლუთერ კინგზე მოპოვებული პირადი ცხოვრების ნიუანსებით განხორციელებულ შანტაჟს და მის შედეგებს.
ამ სტატიაზე დაყრდნობით შეგვიძლია პარალელები გავავლოთ საქართველოს დღევანდელ რეალობასთან, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, პოლიტიკური ლიდერები და ჟურნალისტები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების მუქარის წინაშე დგანან, ხოლო რამდენიმე პირი ამ თავზარდამცემი ქმედების პირდაპირი მსხვერპლი აღმოჩნდა.
1963 წლის 28 აგვისტოს მარტინ ლუთერ კინგმა ვაშინგტონში აქციაზე მყოფ 250 000 მეტ ადამიანს თავისი ისტორიული სიტყვით - „მე მაქვს ოცნება“ მიმართა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი და ხალხმრავალი აქცია ადამიანის უფლებების დასაცავად ამერიკის ისტორიაში. აღნიშნული მოვლენის შემდეგ ამერიკის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ კინგზე თვალთვალი გააფართოვა. დაამონტაჟა სატელეფონო მოსასმენი აპარატურა მის სახლში, ოფისში და სათვალთვალო მოწყობილობები მის სასტუმროს ნომერში.
გეიჯი აღნიშნავს, რომ თვალთვალის შედეგად მიღებული ინფორმაცია კინგის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით როგორც ჩანს, საგანგაშო აღმოჩნდა ფედერალური ბიუროსთვის. ერთის მხრივ, მარტინ ლუთერ კინგი იყო ყველაზე მაღალი კატეგორიის მორალური მოძრაობის, ადამიანის უფლებების დამცველი ლიდერი და ამავდროულად იქცეოდა როგორც “გადაგვარებული სექსუალური მოთხოვნილებებით შეპყრობილი ცხოველი“.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დიწყო ხმების გავრცელება მეგობრულად განწყობილ პრესაში კინგის სასტუმროს ნომერში არსებული სიტუაციის შესახებ, იმ იმედით, რომ მოახდენდა სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლი მოძრაობის ლიდერის დისკრედიტაციას.
მათდა გასაოცრად ეს ამბავი პრესამ არ გაახმაურა.
1964 წელს კონგრესმა მიიღო სამოქალაქო უფლებების აქტი. ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ კინგი გახდა ნობელის მშვიდობის პრემით დაჯილდოვებული იმ დროისათვის ყველაზე ახალგაზრდა მამაკაცი.
FBI-ს დირექტორმა ჯონ ედვარდ ჰუვერმა გადაწყვიტა თავისი კამპანიის გამწვავება კინგის წინააღმდეგ. 1964 წლის 18 ნოემბერს, მან ვაშინგტონის პრეს-კონფერენციაზე გაკიცხა კინგი და უწოდა „ყველაზე განთქმული მატყუარა ქვვეყანაში“. რამდენიმე დღის შემდეგ, ჰუვერის ერთ- ერთმა მოადგილემ, უილიამ სლივენმა, დაწერა ანონიმური წერილი და მაიამიში მივლინებული აგენტის მეშვეობით ამანათი ატლანტაში კინგთან გაგზავნა.
წერილის ვრცელი ნაწილი უკავშირდებოდა კინგის სექსუალურ ცხოვრებას. ანონიმი ავტორი არწმუნებდა კინგს გვერდზე გაწეულიყო და სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერობა სხვისთვის დაეთმო.
“თქვენ ხართ უდიდესი თაღლითი და ბოროტი, ამავდროულად მანკიერი“, „რა დაუჯერებელი ბოროტებაა“, „სექსუალური ორგიები“ „მრუშული და ამორალური ქცევა“ „ბოროტი, შეშლილი ცხოველი“, „არის ერთი რამ რაც უნდა გააკეთოთ, თავად იცით, რაც“.
ანონიმური წერილი რომელიც მარტინ ლუთერ კინგთან გაიგზავნა, სავსე იყო ამგვარი ეპითეტებით. წერილის ავტორი აღნიშნავდა, რომ იცოდა ადრესატის პირადი ცხოვრების ინტიმური დეტალები და ახსენებდა რა ერთ-ერთი საყვარლის სახელს, ამტკიცებდა, რომ არსებობდა დოკუმენტები სხვა ურთიერთობების შესახებაც.
რა სურდა ფედერალურ ბიუროს, კინგის გვერდზე გაწევა თუ თვითმკვლელობა ძნელი სათმელია, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო ბიუროს სურვილი, მათ უნდოდათ ეს ყველაფერი ნობელის პრემიის დაჯილდოვების ცერემონიამდე მომხდარიყო, რომელიც დეკემბერში იყო დანიშნული. მაგრამ, კინგს ეს საფოსტო გზავნილი ოსლოში ჩასვლამდე არ უნახავს. კინგის ბიოგრაფისტის, დავიდ გაროუს მიხედვით, ყველაფერი ეს კინგის ცოლის, კორეტას დამსახურება იყო, რომელმაც პირველმა გახსნა საფოსტო გზავნილი - ეგონა რა კინგის სიტყვით გამოსვლის მორიგი ტექსტი. კორეტა კინგმა შეკრიბა ნდობით აღჭურვილი ადამიანები, რათა ერთობლივად გადაეწყვიტათ როგორ მოქცეულიყვნენ. კინგის მეგობრები და თანამებრძოლები სწრაფად მიხვდნენ, რომ წერილის ავტორი მხოლოდ FBI შეიძლება ყოფილიყო.
როდესაც ეს წერილი წაიკითხა, მარტინ ლუთერ კინგმა მეგობრებს უთხრა, რომ ვიღაცას მისი თვითმკვლელობამდე მიყვანა უნდოდა და იცოდა ვის სურდა ეს. კინგი დარწმუნებული იყო, რომ წერილი ეკუთვნდა FBI-ს დირექტორს ჯონ ედგარ ჰუვერს, რომელსაც კინგის დისკრედიტაცია დიდი ხანის მანძილზე სურდა.
ე.წ. „თვითმკვლელ წერილს“, როგორც FBI-ს ქმედებების ყველაზე ცნობილ და სამარცხვინო ფურცელს, უნიკალური ადგილი უკავია ამერიკული დაზვერვის ისტორიაში.
სტატიის ავტორი, ბევერლი გეიჯი აღნიშნავს, რომ რაც გააკეთა მაშინდელმა პრესამ, უფრო სწორად რაც არ გააკეთა, შეუძლებელია დღევანდელ პირობებში. დღეს, მედია ნადირობს სკანდალებზე და წარმოუდგენელია ეს ინფორმაცია არ გაჟონილიყო. თუმცა, 2016 წლის 14 მარტს საპირისპირო დაამტკიცა ქართულმა მედიამ. კომუნიკაციის საშუალებების მასშტაბურობის და ეფექტურობის მიუხედავად მედია დადგა კონკრეტული მსხვერპლების უფლებების სადარაჯოზე და თავიდან აგვაცილა მთელი საზოგადოების მსხვერპლად ქცევა.
ქართულმა მედიამ გვიჩვენა მაგალითი, თუ როგორ შეიძლება აღიკვეთოს შანტაჟისტების თუ კიბერტერორისტების მიზნის მიღწევა, მაშინ, როდესაც ხელისუფლება უძლურია დაგვიცვას ამგვარი ტერორისგან.
ჩვენ არ ვიცით რა მიზანი აქვთ შანტაჟისტებს, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ცნობილი ჟურნალისტების და პოლიტიკოსების დისკრედიტაციის გზით პოლიტიკური ველის მოსუფთავება ერთ-ერთი მთავარი მიზანი შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში, შანტაჟისტების მთავარი იარაღი დანარჩენი ჟურნალისტები და პოლიტიკოსები არიან. სწორედ ამიტომ, ყველა დანარჩენმა ჟურნალისტმა და პოლიტიკოსმა, ყოველგვარი მინიშნების, მორალურ ნორმებზე მითითების გარეშე უნდა დაგმოს თითოეული ფაქტი და დაიცვას ადამიანები მორალური დისკრედიტაციისგან.
არავინ იცის, მარტინ ლუთერ კინგის თანამებრძოლებს ან მედიას მისი სექსუალური ცხოვრების დეტალები რომ გაესაჯაროვებინათ, იქნებოდა თუ არა სამოქალაქო თანასწორობისთვის მებრძოლი მოძრაობა დისკრედიტირებული ლიდერის პირობებში ისეთივე ეფექტური და შედეგიანი როგორიც ის იყო.
ნახევარი საუკუნის წინ ამერიკული მედიის სწორი პოზიციის დამსახურებით, დღეს, მარტინ ლუთერ კინგი წარმოგვიდგება, როგორც ზნეობის, სიმამაცის და ადამიანის ღირსების სიმბოლო, ხოლო ჰუვერის სახელი მხოლოდ სირცხვილს და უხერხულობას უკავშირდება.
ფოტო: National Archives, College Park, Maryland