იტალიის მოახლოვებული არჩევნები და ევროპის სამომავლო პერსპექტივები
2017 წელი ევროპისათვის გადამწყვეტი წელი იყო. აღნიშნულ პერიოდში გამართულ სხვადასხვა ქვეყნის მნიშვნელოვან არჩევნებში პოლიტიკურ ისტაბლიშმენტს პოპულისტი ძალები დაუპირისპირდნენ, რომლებიც საზოგადოების უკმაყოფილებას თავის სასარგებლოდ იყენებდნენ. ამ საარჩევნო ოდისეის შედეგებს და, შესაბამისად, ევროკავშირის არაერთი წევრი-სახელმწიფოს მთავრობის ახალ შემადგენლობას პირდაპირი გავლენა ჰქონდა და ექნება იმ ბრძოლაზე, რომელიც ამჟამად ევროკავშირის ფარგლებში მიმდინარეობს; ბრძოლა, რომელმაც სავარაუდოდ შეიძლება შეცვალოს ევროკავშირის მომავალი. მანამდე კი, იტალიის ჯერია სასწორზე დადოს საკუთარი და ევროკავშირის მომავალი, ვინაიდან ქვეყანა 4 მარტის არჩევნებისთვის ემზადება.
კრიზისული ათწლეულის შემდეგ ევროპა უფრო მეტად არის დაყოფილი, ვიდრე ოდესმე. ერთი მხრივ, არსებობენ პროევროპული მთავრობები, რომლებიც “უფრო მჭიდრო კავშირის” შექმნას ისახავენ მიზნად (როგორც ეს ევროკავშირის ხელშეკრულების პრეამბულაშია აღნიშული). წევრ-სახელმწიფოებს არაერთი განსხვავებული ხედვა გააჩნიათ როგორც ევროკავშირის ინსტიტუციონალურ მოდელთან, ისე მის სამომავლო პოლიტიკასთან დაკავშირებით. მათ შორის მოწინავე ადგილს იკავებს ემანუელ მაკრონის ინსტიტუციონალური პერსპექტივა, რომელიც “სუვერენული, გაერთიანებული და დემოკრატიული კავშირის” ხელახლა დაფუძნებას ისახავს მიზნად, და აგრეთვე, გერმანიის მიერ წარმოდგენილი პოლიტიკის პერსპექტივა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ფისკალურ სტაბილურობასა და ეროვნული საბიუჯეტო პოლიტიკის ცენტრალიზებული კონტროლის გაძლიერებას. ნათელია, რომ ევროზონის რეფორმა არის ის საწყისი წერტილი, საიდანაც ბიძგი უნდა მიეცეს უფრო მჭიდრო ინტეგრაციას, ხოლო საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა საკუთარ თავზე აიღეს აღნიშნული რეფორმის ხელმძღვანელობა. მათ ევროზონის რეგიონის განსამტკიცებლად საჭირო რეფორმებს ერთსულოვანი მხარდაჭერა გამოუცხადეს და “ელისეს ხელშეკრულების” გაფორმების 55-ე წლისთავზე ერთობლივ რეზოლუციას მოაწერეს ხელი, რომელიც ხაზს უსვამს თანამშრომლობის გააქტიურების საჭიროებას, რაც ევროპის განსამტკიცებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამავდროულად, ევროკავშირის მომავალი განვითარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მხოლოდ აღნიშნული ორი აქტორისათვის მინდობა არ იქნება მართებული. დღეს-დღეობით ყველა პროევროპული მთავრობა დგას იმ საერთო გამოწვევის წინაშე, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუტებისა და სამომავლო პოლიტიკის შესახებ საერთო ხედვის შესამუშავებლად შიდა დებატების დაწყებასა და მასში მონაწილეობის მიღებაში მდგომარეობს. აღნიშნული გამოწვევა ფუნდამენტურად არის დაკავშირებული კიდევ ერთ უაღრესად მნიშვნელოვან გამოწვევასთან - კერძოდ, პროევროპული კოალიციის განმტკიცება იმ ანტი-ევროკავშირული მთავრობების გავლენის შესაკავებლად, რომლებიც ეწინააღმდეგებიან “კიდევ უფრო მჭიდრო” კავშირის შექმნას. მეორე მხრივ, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბრძოლის ველის მეორე მხარეს ნამდვილად არსებობენ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს მთავრობები, რომლებიც ეროვნულ სუვერენიტეტის გაძლიერებაზე არიან ორიენტირებულები. მათ თავიანთი ანტი-ევროკავშირული სტრატეგია ცოტა ხნის წინ მოარგეს პოსტ-ბრექსიტულ სცენარს, რაც გულისხმობს ევროკავშირის შეფერხებას შიგნიდან, ევროკავშირის დატოვების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანულმა გამოცდილებამ ნათლად წარმოაჩინა ის პოტენციური სირთულეები, რომელსაც აწყდებიან ინტეგრირებულ ევროპაში ეროვნული სუვერენიტეტის გაძლიერების მომხრე წევრი-სახელმწიფოები, ამ უკანასკნელებს არ გადაუხვევიათ იმ საერთო მიზნისკენ მიმავალი გზიდან, რომელიც გულისხმობს ინტეგრაციის პროექტის გრძელვადიანი ხედვის (finalité politique) გარეშე დატოვებას, რაც ევროკავშირს გადააქცევს ერთგვარ ეკონომიკურ კავშირად და როგორც ლიბერალური, ისე არა-ლიბერალური დემოკრატიების თანაარსებობის სივრცედ.
ცალსახაა, რომ იტალიის მთავრობა გარკვეულ როლს თამაშობს აღნიშნულ შიდა ბრძოლაში, რომელიც ევროკავშირის მომავალს განსაზღვრავს. იტალიის კოალიციური მთავრობა გადამწყვეტი იქნება პროევროპული მთავრობების გაერთიანების საქმეში, ხოლო მისი ფედერალისტური ხედვა შესაძლოა კრიტიკული აღმოჩნდეს იმ წევრი სახელმწიფოების განსხვავებული პოზიციების შესაკავშირებლად, რომლებიც ევროპის მთავრობათაშორისი მართვის კიდევ უფრო განმტკიცების ხედვას იზიარებენ - ასეთი ქვეყნებია, მაგალითად, გერმანია და საფრანგეთი. ამავდროულად, ის, თუ რამდენად შეძლებს იტალია, იკისროს აღნიშნული როლი, დამოკიდებულია 2018 წლის მარტში დაგეგმილი პოლიტიკური არჩევნების შედეგებზე, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა ექნება ევროპისთვის. კენჭისყრის შედეგები იმდენად სხვადასხვა იტალიურ პარტიებს შორის ძალთა ბალანსს განსაზღვრავს არ ეხება, რამდენადაც, სასწორზე დაიდება ორი სტრატეგიული არჩევანი, ხოლო იტალიელი ამომრჩევლების ნებაზე იქნება დამოკიდებული ის, თუ რა პოზიციას დაიკავებს იტალია ევროპულ სისტემაში. შეძლებენ თუ არა გერმანია და საფრანგეთი ჰქონდეთ იტალიის იმედი ევროზონის რეფორმირების კუთხით? საბოლოოდ, ახალი ბიძგი უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ შესაძლოა საფრთხის ქვეშ დადგეს პოლიტიკური არა-სტაბილურობის ან, უარეს შემთხვევაში, პოპულისტების ხელისუფლებაში მოსვლით იტალიაში, რომელიც ევროზონის მესამე უდიდეს ეკონომიკას წარმოადგენს.
იტალიაში არჩევნების გარშემო შექმნილი მდგომარეობაზე გულდასმით დაკვირვება ცხადყოფს, რომ მიუხედავად აშკარა იდეოლოგიური და პროგრამული ფრაგმენტაციისა1, იტალიური პოლიტიკური ძალების ფუნდამენტური გამყოფი ზოლი მარტივი აღსაქმელია და აშკარაა, რომ გარკვეულწილად უკავშირდება ზემოაღნიშნულ ორ პოლიტიკურ “ბანაკს”. ერთ მხარეს არიან პროევროპული ძალების კოალიცია, რომელიც არსებითად აღიარებს ევროკავშირში ურთიერთდამოკიდებულობის პირობას, რომელსაც იტალია ექვემდებარება. აღნიშნული პარტიები იზიარებენ “ევროპული იტალიის” ხედვას და სამი კოალიციური მთავრობის (ლეტა, რენცი და ჯენტილიონი) მემკვიდრეებს წარმოადგენენ, რომლებიც XVII მოწვევის პარლამენტს (2013-2017) ედგნენ სათავეში. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია რენცის “დემოკრატიული პარტია” (PD), თუმცა, რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასაც შესაძლოა ეწოდოს პროევროპული - მაგალითად, ბელრუსკონის Forza Italia (FI) და “დემოკრატიული და პროგრესიული მოძრაობა” (MDP). მიუხედავად მათი პროგრამული და იდეოლოგიური განსხვავებებისა, სამივე პარტია ევროპასთან იტალიის ურთიერთობას საშინაო პოლიტიკის ნაწილად მიიჩნევს და შესაბამისად აყალიბებს პოლიტიკასაც, რომლის საბოლოო მიზანს ევროპის ურთიერთდამოკიდებულ სისტემაში იტალიური ინტერესების დაცვა წარმოადგენს. მეორე მხარეს არიან დამოუკიდებლობის მომხრეები, ინტროვერტი ძალების არაფორმალური კოალიცია, რომელთა პროგრამებიც ეყრდობა იტალიის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს კონცეფციას. აღნიშნულ ძალებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია “ჩრდილოეთის ლიგა” (LN), “იტალიის ძმები” (FdI) და “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა” (M5S). ეს ძალები ხშირად ვერ იაზრებენ ევროპაში ურთიერთდამოკიდებულების კომპლექსურობას, რის შდეგადაც, მათ მიერ წარმოდგენილი პოლიტიკური ხედვა მოკლებულია პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობას. ეს განსაკუთრებით ეხება ფულად და საბიუჯეტო პოლიტიკას. ამ პარტიებისათვის ევროპა წარმოადგენს როგორც საარჩევნო კონკურენციის ფარგლებში განსახილველ თემას, ისე საგარეო პოლიტიკის საკითხს.
პროევროპული იტალიური კოალიციის გამარჯვება განამტკიცებს ევროკავშირის იმ წევრი-სახელმწიფოების კოალიციას, რომლებიც მტკიცედ უჭერენ მხარს პოლიტიკური გაერთიანების შექმნას ლიბერალური დემოკრატიისა და ერთიანი ბაზრის საფუძველზე, ხოლო დამოუკიდებლობის მომხრე კოალიციის წევრების გამარჯვება გამოიწვევს იტალიის ნახევარკუნძულის უკან დახევას ევროპული პერიფერიისაკენ და მისი მთავრობის გამორიცხვას ევროზონის განმტკიცებისა და დემოკრატიზაციის პროცესიდან. ამავდროულად, ქვეყანაში, რომელიც უაღრესად უკმაყოფილია მისი ამჟამინდელი ლიდერებით, ეკონომიკის მდგომარეობითა და ევროკავშირის წევრობიდან მომდინარე სარგებელით, - სადაც მოსახლეობის მხოლოდ 39%-ს მიაჩნია, რომ საბოლოო ჯამში ევროკავშირში წევრობას ქვეყნისათვის სარგებელი მოაქვს - საარჩევნო პერსპექტივები არც თუ ისე იმედისმომცემად გამოიყურება პროინტეგრაციის მომხრე პოლიტიკური ძალებისათვის. საქმეს კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ სამი ძირითადი დაჯგუფებიდან (მემარცხენე-ცენტრისტული კოალიცია PD-ის ხელმძღვანელობით, მემარჯვენე კაოლიცია FI-ს ხელმძღვანელობით და M5S) მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო ხმების მოპოვებას არც ერთს არ უწინასწარმეტყველებენ, რასაც შედეგად მოჰყვება არჩევნების შემდგომი მოლაპარაკებების პოტენციური რაუნდი ან კიდევ ერთი არდამტკიცებული პარლამენტის დრამა.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში მნიშვნელოვნად კარგავს მხარდაჭერას ყველაზე დიდი პრო-ევროპული ძალა, რენცის “დემოკრატიული პარტია” (20.7%), რაც ასახავს იმ დასუსტების დინამიკას - ამომრჩევლების დაკარგვისა და დაშლის ტენდენციას - რომლის წინაშეც ამჟამად არაერთი სოციალურ-დემოკრატიული პარტია დგას ევროპაში. მაშინაც კი, თუ დასუსტებული PD ისარგებლებს იმ მცირე ზომის ლიბერალური ფორმირებების ხმებით, რომელთაც საარჩევნო ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს, მემარცხენე-ცენტრისტული კოალიცია PD-ს ხელმძღვანელობით შეძლებს ხმების მაქსიმუმ 30%-ის მიღებას, რაც უმრავლესობის ფორმირებისათვის არასაკმარისია (40%). ინდივიდუალურ პარტიებს შორის ყველაზე მეტი ხმის მიღებას ანტი-ისტაბლიშმენტურ M5S-ს უწინასწარმეტყველებენ (28.1%). აღნიშნული პარტია წარმოადგენს ეკონომიკური დაღმავლობის შემდგომ შექმნილ პოპულისტურ ფორმირებას, რომელსაც დიდი სარგებელი მოუტანა როგორც მემარცხენეების დაშლამ, ისე ეკონომიკურმა კრიზისმა, რის შემდეგაც პარტია ასპარეზზე გამოჩნდა როგორც მარგინალიზებულთა დამცველი და კასტის მოწინააღმდეგე ძალა. აღნიშნული პარტია, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს კოალიციის შექმნას, ვინაიდან იგი ამას პრინციპულად ეწინააღმდეგება. მოვლენათა განვითარების ყველაზე დამაჯერებელი სცენარი სილვიო ბერლუსკონის დაბრუნებაა, რომლის პარტია (FI) მემარჯვენეთა კოალიციას უდგას სათავეში (საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით აღნიშნულ კოალიციას რესპონდენტთა 35-40% უჭერს მხარს). თუმცა, ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ბრიუსელმა შვება იგრძნოს, ვინაიდან ბერლუსკონის ყველაზე მსხვილი პარტნიორი ულტრა-მემარჯვენე “ჩრდილოეთის ლიგაა”. ეს უკანასკნელი ერთ დროს სეპარატიზმის მომხრე ძალ იყო, რომელიც შემდეგ წმინდა იტალიურ მტკიცედ-მემარჯვენე მოძრაობად გადაიქცა. მისი მიზანია ისეთი პარტიის შექმნა, როგორიცაა საფრანგეთის ეროვნული ფრონტი (Front National). მემარჯვენე ცენტრისტები სწრაფად იკრეფენ ძალებს, რასაც ხელს უწყობს მიგრაციის კრიზისთან დაკავშირებული უკმაყოფილების ტალღა, რასაც მოახლოებული არჩევნების ფონზე აქვს პოტენციალი იმისა, რომ თავდაყირა დააყენოს კენჭისყრის შედეგები. უმუშევრობის პრობლემის შემდეგ მიგრაცია საზოგადოებისათვის სიდიდით მეორე პრობლემას წარმოადგენს. მოსახლეობის აზრით, მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევა მიგრაციის შესამცირებლად წარუმატებელი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ლიბიასთან დადებული არაერთი სადაო გარიგების შედეგად იტალიის სანაპიროებზე ჩამოსული მიგრანტების რაოდენობა 2017 წელს ერთი-მესამედით შემცირდა. მემარჯვენე ცენტრისტების სასარგებლოდ მოქმედებს საზოგადოების დიდ ნაწილში მზარდი შეხედულება იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის სხვა წევრმა-სახელმწიფოებმა იტალია მიგრაციისა და ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში მიატოვეს. ევრობარომეტრის ბოლოდროინდელი მონაცემებით, იტალიელების მხოლოდ 37% არის პოზიტიურად განწყობილი ევროკავშირის მიმართ, ხოლო 80% ევროკავშირს მიგრაციის პრობლემის არაეფექტური მართვისთვის აკრიტიკებს.
გასაკვირია, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად როგორც LN-მა, ისე M5S-მა შეარბილეს თავიანთი პოზიციები ევროკავშირთან დაკავშირებით და მათი ანტი-ევროპული რიტორიკა, ასევე შეწყვიტეს მოწოდებები იტალიის მიერ ევროს გამოყენებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის გამართვაზე. მართალია, ევროზონიდან გამოსვლა შესაძლოა აღარ წარმოადგენდეს დამოუკიდებლობის მომხრე კოალიციის პრიორიტეტს, თუმცა, ევროს მიმართ მათი კრიტიკის მიღმა არსებული ლოგიკა კვლავ აქტუალურად რჩება და ორმაგ მიზანს ემსახურება. პირველ რიგში, აღნიშნული კრიტიკა ის “კოზირია” (bargaining chip), რომლის გამოყენებასაც პარტიები შეძლებენ თავიანთი რეალური მიზნის მისაღწევად - გადაისინჯოს ევროკავშირის ფისკალური პოლიტიკა. იტალიის პარტიების უმრავლესობა, მათ შორის პროევროპული პარტიები, დეფიციტისა და ვალის შესახებ წესებს იურიდიულ დაბრკოლებად მიიჩნევენ, რომელიც იტალიას ზრდაზე ორიენტირებული რეფორმების დანერგვაში უშლის ხელს. აღნიშნული კრიტიკის ძირითად ელემენტს წარმოადგენს “ხელშეკრულება ფისკალური კომპაქტის” თაობაზე - შეთანხმება, რომელმაც ევროკავშირის წევრთა ფისკალურ პოლიტიკაზე უფრო მკაცრი კონტროლი დააწესა, მათ შორის, დაბალანსებული ბიუჯეტის შენარჩუნების მოთხოვნა2. შესაბამისად, რა მთავრობაც არ უნდა მოვიდეს იტალიის ხელისუფლებაში არჩევნების შემდეგ, ეჭვგარეშეა, რომ იგი საკუთარ თავზე აიღებს აღნიშნული წესების გადასინჯვის გამოწვევას და ევროზონის რეფორმის მოლაპარაკების პროცესში ამ ინტერესის შესაბამისად იმოქმედებს. კრიტიკის კიდევ ერთ მიზანს წარმოადგენს ნაციონალიზმის გაღვივება და ელექტორატის იმ დიდი ნაწილის მხარდაჭერის მოპოვება, რომელიც უკმაყოფილოა იტალიაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობით.
ამასთან, არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ აღნიშნულ დამოუკიდებლობის მომხრე ძალებს ევროკავშირის წინააღმდეგ ბრძოლაში შეუძლიათ თამამად ჰქონდეთ კრემლის მხარდაჭერის იმედი. მართლაც, იტალიაში პოპულისტური და ანტი-ისტებლიშმენტური ტალღის ბოლო ეტაპის პარალელურად იმატებს ვლადიმირ პუტინის პოპულარობა, რომელიც გლობალიზმთან ბრძოლაში იქცა “სუვერენიტიზმის” ძლიერ სიმბოლოდ და შესაბამისად, იტალიის პოტენციურ მოკავშირედ სუვერენიტეტის აღდგენის საქმეში. აღნიშნულ აღქმაზე გავლენას ახდენს კრემლის მიერ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში პოლიტიკური მოკავშირეების კულტივირებისკენ მიმართული ძალისხმევა. ამ სტრატეგიის მიზანს ევროპული კონსენსუსისათვის ძირის გამოთხრა, საზოგადოებებში უთანხმოების დათესვა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის გაჩენა წარმოადგენს. იტალიის შემთხვევაში, მოსკოვმა 2012 წლიდან აქტიურად დაიწყო ახალ ანტი-ისტაბლიშმენტურ ძალებთან ურთიერთობა და მათი წახალისება პრო-რუსული პოზიციის მხარდაჭერისა და პოლიტიკურ დებატებზე გავლენის მოხდენის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ იტალიის ყველა მსხვილ პარტიას გააჩნია სენტიმენტალური გრძნობები რუსეთის მიმართ - აღნიშნული კავშირის ყველაზე ნათელ გამოხატულებას წარმოადგენს ბერლუსკონისა და პუტინის ხანგრძლივი მეგობრობა - ნამდვილ “პრო-რუსულ” ძალებად შესაძლოა მიჩნეულ იქნას მხოლოდ LN და M5S. ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტის “ატლანტიკური საბჭოს” მიერ განხორციელებული კვლევის “The Kremlin Trojan Horses 2.0” თანახმად, ორივე პარტია იღებს პოლიტიკურ მხარდაჭერას მოსკოვისგან, რაზეც აშკარად მეტყველებს პარტიების წარმომადგენლებსა და რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნებსა თუ “ერთიანი რუსეთის” ლიდერებს შორის გამართული შეხვედრები. უფრო მეტიც, LN-მა და “ერთიანმა რუსეთმა” 2017 წლის მარტში ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. აღნიშნული პარტიები აგრეთვე სარგებლობენ მედიის მხარდაჭერით, რაც ძირითადად გამოიხატება კრემლის მიერ კონტროლირებად საერთაშორისო მედიაში მათი ხილვადობითა და იტალიის მთავრობის წინააღმდეგ რუსული მედიის მიერ განხორციელებული მტრული კამპანიებით. ანგარიშში აგრეთვე დოკუმენტირებულია LN-ისა და M5S-ის მიერ განხორციელებული პრო-რუსული აქტივობები, რამაც ხელი შეუწყო რუსეთის გავლენის ქსელის შექმნას, მათ შორის ანტი-რუსული სანქციების წინააღმდეგ კამპანიების დაწყებასა და ისეთი ასოციაციების დაარსებას, რომელიც რუსეთში აღნიშნული იტალიური პარტიების პოლიტიკური კონტაქტების განვითარებასა და ბიზნეს-ურთიერთობების დამყარებას უწყობს ხელს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ასოციაციები რუსული რბილი ძალის ცენტრებს წარმოადგენენ და ისინი კრემლის სტრატეგიულ ნარატივებს იტალიურ საზოგადოებას აწვდიან. შესაბამისად, M5S-ის ან LN-ის მთავრობაში მოსვლის შემთხვევაში მოსალოდნელია იტალიაში რუსეთის გავლენის გაზრდა, ვინაიდან ისინი, სავარაუდოდ, გააგრძელებენ იტალიურ საზოგადოებაში კრემლის ანტი-დასავლური ნარატივების გავრცელებას და მოსკოვთან გარკვეული სტრატეგიული მოკავშირეობის დამყარებას, რაც იტალიის პროევროპულ პოლიტიკას საფრთხეში აგდებს.
შესაძლოა ერთი შეხედვით ასე არ ჩანდეს, მაგრამ იტალიის არჩევნები მხოლოდ იტალიელებისათვის არ არის მნიშვნელოვანი. კერძოდ, იტალია გარკვეულ როლს თამაშობს ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით ბრძოლაში და არჩევნების შედეგებს ისტორიული მნიშვნელობა ექნება იმ ევროპისთვის, სადაც ჩვენ ვიცხოვრებთ.
1 4 მარტს იტალიაში გაიმართება არჩევნები ახალი საარჩევნო კანონმდებლობის საფუძველზე ახალი პარლამენტის ასარჩევად. არჩევნები ჩატარდება შერეული საარჩევნო სისტემით, რომელიც აერთიანებს პროპორციულ და ფარდობითი უმრავლესობის მაჟორიტარულ (“აირჩევა პირველი”/first-past-the-post voting) სისტემებს. ასპარეზზე გამოჩნდა მრავალი განსხვავებული სია და ორგანიზაცია, რომელთა წახალისებაც გამოიწვია ახალი სისტემის პროპორციულმა ნაწილმა.
2 იტალიამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა გერმანიის
მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი ზეწოლის შედეგად, 2012 წელს, მაშინ, როდესაც ფინანსური
კრიზისი პიკს აღწევდა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი ხელშეკრულების აღსრულებასთან
დაკავშირებით იჩენს გარკვეულ მოქნილობას, იტალიელი პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან
განწყობილები ინ სამართლებრივი ჩარჩოს მიმართ, რომელიც იტალიის მთავრობას უზღუდავს
მანევრირების შესაძლებლობას ფისკალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით.