ბლოგი

პენსიების ზრდა საბიუჯეტო რესურსების წინასაარჩევნოდ გამოყენების პრაქტიკის გაგრძელებაა

ISFED's Blog
 
საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის თანახმად,   პედაგოგების შრომის ანაზღაურების და პენსიების ზრდა 2016 წლის ოქტომბრის საარლამენტო არჩევნების მოახლოებას დაემთხვევა.  

2015 წლის 27 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2016 წლის ბიუჯეტი „სოციალურად ორიენტირებული იქნება“ და აპრილში პედაგოგების ხელფასების მომატებასთან ერთად 2016 წლის 1 ივლისიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება.   

საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა, ბიუროკრატიული რესურსის შემცირების ხარჯზე სახელმწიფო პენსიის 50 ლარით გაზრდის თაობაზე.  ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებიდან ჩანდა, რომ საქართველოს მთავრობა, სახელმწიფოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, პენსიის გაზრდას თავდაპირველად არ გეგმავდა.  აღნიშნულთან დაკავშრებით ფინანსთა მინისტრის მოადგილე ოქტომბრის დასაწყისში აცხადებდა - „არ ვთვლით, რომ სოციალური ხარჯები ახალი ვალდებულებებით კიდევ უნდა დაიტვირთოს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამის შესაძლებლობა საქართველოს ეკონომიკას არ აქვს და ზოგადად, ეკონომიკა ამის შესაძლებლობას არ იძლევა“. შესაბამისად, მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თავდაპირველი პროექტი  არ ითვალისწინებდა პენსიის ზრდას მომდევნო საბიუჯეტო წლისთვის, თუმცა, მოგვიანებით, შესაბამისი ხარჯები 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარლამენტისთვის  წარდგენილ შესწორებულ ვერსიაში აისახა.   

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პენსიის გაზრდის გადაწყვეტილება არჩევნების მოახლოებას და პიარს არ უკავშირდება.  თუმცა, თუ მომავალი წლიდან დაგეგმილ პროექტებს განვიხილავთ, ნათელი ხდება, რომ საარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან ერთად ხელისუფლების პოლიტიკური დღის წესრიგი ფოკუსირდა პედაგოგების ხელფასებისა და პენსიების გაზრდაზე, რაც შესაძლოა წინასაარჩევნოდ საზოგადოების ფართო მასების გულის მოსაგებად გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალოს.  

საქართველოს მთავრობის მოულდნელი გადაწყვეტილება პენსიის გაზრდის შესახებ იმ პრაქტიკის გაგრძელებაა, რაც წინასაარჩევნოდ სოციალური პროექტების გააქტიურებას და ამისთვის საბიუჯეტო რესურსების ზრდას გულისხმობს. მაგალითისათვის, 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ პენსიების ზრდა სწორედ არჩევნებამდე 1 თვით ადრე, 1 სექტემბერს გაითვალისწინა.  კერძოდ, 2012 წლის პირველი სექტემბრიდან გაიზარდა 100 ლარიანი პენსიის ოდენობა და პენსიამ 60 წლიდან 67 წლამდე ასაკის ქალებისა და 65 წლიდან 67 წლამდე ასაკის მამაკაცებისათვის 110 ლარი, ხოლო 67 წლის და 67 წელზე მეტი ასაკის პირთათვის – 125 ლარი შეადგინა.  ასევე, საპარლამენტო არჩევნების წინ დაანონსდა ისეთი სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ძირითად მიმართული იყო ამომრჩეველთა ფართო მასების გულის მოსაგებად და არ იყო გათვლილი ქვეყნის ეკნომიკური და სოციალური განვითარების გრძელვადიან პრიორიტეტებზე. ასეთი პროგრამის მაგალითი იყო, სტუდენტური დასაქმების პროგრამა Summer Job; “სტუდენტური ფესტივალი”  და სხვა. 

მსოფლიო ბანკის 2013 წლის საპენსიო რეფორმის გლობალური და ქართული ასპექტების შეფასების ანგარიშში ხაზგასმულია, რომ როგორც წესი, პენსიონერები მიიჩნევიან ყველაზე აქტიურ და თანმიმდევრულ ელექტორატად და შესაბამისად,  მთავრობები ხშირად იღებენ ეკონომიკურად დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს, რომელიც მათთვის მოკლევადიანი პოლიტიკური სარგებლის მოტანაზეა გათვლილი. საპენსიო პოლიტიკის ერთ-ერთი რისკი ისაა, რომ  ხელისუფლება და პოლიტიკური ჯგუფები პენსიის საკითხებს პოლიტიკური მხარდაჭერის მისაღებად იყენებენ. შედეგად, მთავრობები წინასწარი განხილვისა და შესაბამისი წყაროების განსაზღვრის გარეშე ზრიდან ან აწესებენ საპენსიო განაკვეთებს. 

უნდა აღინიშნოს, რომ პედაგოგებისათვის ღირსეული შრომის ანაზღაურება, ხოლო მოხუცებულთათვის ადეკვატური პენსიის და სოციალურად დაუცველთათვის  სოციალური დახმარების უზრუნველყოფა საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ამ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, საარჩევნო წლის მოახლოვებასთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტში  პენსიებისა და ხელფასების ზრდის, აგრეთვე სხვადასხვა სოციალური პროექტების ინიციირებას წინ უნდა უძღვოდეს დისკუსიები და გადაწყვეტილებები გამყარებული უნდა იყოს რეალური ეკონომიკური გათვლებით, რათა არ არსებობდეს ეჭვები, რომ აღნიშნული ინიციატივები მხოლოდ ამომრჩეველთა გულის მოგებას  და სახელისუფლებო პარტიის წინასაარჩევნო ამოცანებს ემსახურება.

შესაბამისად, ხელისუფლების მიერ საარჩევნო წელს სახელმწიფო ბიუჯეტის იმგვარად დაგეგმვა, რომელიც მრავალრიცხოვანი ელექტორატის შემოსავალს სწორედ არჩევნების მოახლოებასთან ერთად გაზრდის, წინასაარჩევნო კამპანიაზე გათვლილ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეიძლება შეფასდეს, რომელიც ადმინისტრაციული რესურსი გამოყენების აკრძალვის საერთაშორისო სტანდარტს ეწინააღმდეგება.