ბლოგი

რატომ გვჭირდება პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი?

ISFED BLOG
საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის კვალდაკვალ, აქტიური განხილვის საგანია პრეზიდენტის არჩევის საკითხი. ამჟამად მოქმედი წესისაგან განსხვავებით (რომლის მიხედვითაც ქვეყნის პირველი პირი აირჩევა მოქალაქეთა მიერ, საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე), საუბარია, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის შესაძლებლობაზე.
 


 
საქართველოს კონსტიტუციის 69-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი.

სახელმწიფოს მეთაურის, როგორც ქვეყნის მთლიანობის გარანტის, კონსტიტუციურ ორგანოთა არბიტრის, პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის უნარის მქონე კონსტიტუციურ-სამართლებრივი ინსტიტუტის, როლი უკეთ რეალიზდება მისი პირდაპირი წესით არჩევის შემთხვევაში. 

არაპირდაპირი არჩევნები შეამცირებს ქვეყნის პირველი პირის ლეგიტიმაციის ხარისხს, რადგან სახელმწიფოს მეთაური არჩეული იქნება არა ამ სახელმწიფოს მოქალაქეთა უმრავლესობის, არამედ საპარალამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის მიერ (რომელიც თავის მხრივ მოსახლეობის ნაწილმა აირჩია). ეს კი, ქვეყნის მეთაურის, როგორც ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოს მნიშვნელობას, მის პოლიტიკურ წონას შეამცირებს.

არჩევნები არის უშუალო დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ფორმა, რომელიც ამომრჩეველს საშუალებას აძლევს პირადად  ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ გამოხატოს ნება და გავლენა მოახდინოს სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილებებზე. საქართველოში, ამჟამად მოქმედი, მმართველობის საპარლამენტო მოდელის პირობებში პრეზიდენტი რეალურად არის ერთადერთი თანამდებობის პირი უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა სისტემაში, რომელიც ხალხის უშუალო ლეგიტიმაციით, პირდაპირი წესით, საყოველთაო არჩევნებით აირჩევა. ამდენად, ხალხისათვის, როგორც ძალაუფლების წყაროსათვის  პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლების ჩამორთმევა, უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება დემოკრატიის გაძლიერების გზაზე, შეამცირებს მოქალაქეთა მიერ საკუთარი ძალის აღქმას და გამოიწვევს მათ ფრუსტრაციასა და გაუცხოებას პოლიტიკური პროცესებისგან. 

კონსტიტუციურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, პრეზიდენტი არის ცალკე მდგომი ფიგურა, რომელიც ხელისუფლების არცერთ შტოს არ მიეკუთვნება და აქვს ერთგვარი არბიტრის როლი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მთავრობისა და პარლამენტის შესაძლო დაპირისპირების პირობებში. სახელმწიფოს მეთაურმა, პოლიტიკური კრიზისისა და პარტიული დაპირისპირების პირობებში, არბიტრის ფუნქცია რომ შეასრულოს, სასურველია, პრეზიდენტის ლეგიტიმაციას პარლამენტისაგან დამოუკიდებელი საფუძველი ქონდეს სახალხო მხარდაჭერის სახით.

მხოლოდ პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი შეძლებს გამოავლინოს პრინციპულობა და საჭიროების შემთხვევაში გაბედოს პარლამენტის წინაშე საწინააღმდეგო პოზიციის დაცვა (პარლამენტთან დაპირისპირება). 

პრეზიდენტის დამოუკიდებლობას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ასევე ისეთი მნიშვნელოვანი უფლებამოსილებების განხორციელებისას, როგორიცაა საკანონმდებლო აქტებზე ვეტოს დადების უფლება, მოსამართლეთა დანიშვნა, პარლამეტის დათხოვის უფლება, კონსტიტუციით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შერჩევა.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევა მით უფრო ნაკლებად გამართლებულია ერთპალატიანი პარლამენტის პირობებში. ერთპალატიანი, შერეული ან პროპორციული საარჩევნო სისტემით ფორმირებული პარლამენტის მიერ გადაწყვეტილებების მიღება ნიშნავს, უმრავლესობის მქონე პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილების დომინირებას. ორპალატიანი სისტემების პირობებში აღნიშნული საფრთხე შედარებით შემცირებულია რეგიონალური წარმომადგენლობების დამოუკიდებელი  პალატის არსებობით. პალატების უფლებამოსილების განსხვავებული ვადები და შემადგენლობის პერიოდული განახლება დამატებით უზრუნველყოფს უფრო მეტ წარმომადგენლობითობას, განსხვავებული და შედარებით ფართო დიაპაზონის პოზიციების ასახვას პრეზიდენტის ამრჩევთა შორის.

ქვეყანაში საპარლამენტო მმართველობისა და ერთპალატიანი პარლამენტის პირობებში შესაძლოა შეიქმნას ვითარება, როცა მთელი პოლიტიკური ხელისუფლება მოექცევა ერთი პარტიის გავლენის ქვეშ. ეს ხდება მაშინ, როცა პოლიტიკური ხელისუფლების (საკანონმდებლო და აღმასრულებელი) შტოებს სრულად აკონტროლებს საპარლამენტო არჩენებში გამარჯვებული, უმრავლესობის მქონე პარტია. ასეთი მდგომარეობა ამ უკანასკნელს საშუალებას აძლევს, ირიბად გააკონტროლოს სასამართლო ხელისუფლებაც, რადგან საკანონმდებლო ხელისუფლება პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობას იღებს სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გამწესებაში (საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ნაწილის შერჩევა, რომელიც თავის მხრივ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შერჩევას უზრუნველყოფს). 

ასეთ ვითარებაში, ქვეყნის პრეზიდენტის პოლიტიკური და კონსტიტუციური როლი განსაკუთრებით მნიშნელოვანი ხდება. თუ კონსტიტუცია დასაშვებად მიიჩნევს სახელმწიფოს მეთაურის არაპირდაპირი წესით, პარლამენტის მიერ არჩევას, უმაღლესი ხელისუფლების დონეზე არ დარჩება ორგანო, რომელიც პარტიული გავლენის მიღმა იარსებებს. 

პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევის შემთხვევაში, შესაძლოა, მივიღოთ ერთი კონკრეტული პარტიის მიერ კონტროლირებადი ფიგურა, რომელიც ლოიალური იქნება მისი ამრჩევი უმრავლესობის მიმართ. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ განმეორებით არჩევის შესაძლებლობას, საფიქრებელია, რომ პრეზიდენტი არ მოისურვებს პარლამენტის იმ უმრავლესობასთან დაპირისპირებას, თუნდაც ამის საფუძვლიანი მიზეზი არსებობდეს, რომლის ხელშიც მისი ხელმეორედ არჩევის მექანიზმია. მეორე მხრივ, რადგან პრეზიდენტის ხელშია პარლამენტის დათხოვნის ბერკეტი,  ქვეყნის მეთაურის კანდიდატურის შერჩევისას პარლამენტი  იზრუნებს იმაზე, რომ  მაქსიმალურად მისაღები და ლოიალური ფიგურა შეარჩიოს.

სახელმწიფოს მეთაურის არაპირდაპირი წესით არჩევის მომხრეთა ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკურ-სამართლებრივი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ პირდაპირი წესით არჩეულ პირს, როგორც წესი, უჩნდება მეტი პრეტენზიები, სახელმწიფო ორგანოთა სისტემაში უპირატესობის მოპოვების სურვილი, რამაც გარკვეული საფრთხე შეიძლება შექმნას ავტორიტარიზმის, ხელისუფლების მითვისების მიმართულებით. ეს არგუმენტი საპარლამენტო მმართველობის ქვეყნების შემთხვევაში აზრს მოკლებულია, რადგან პრეზიდენტის ვიწროდ რეგლამენტირებული უფლებამოსილებანი აღნიშნულ საფრთხეს არარეალურად აქცევს.  

საგულისხმოა, რომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი მოქმედებს საპარლამენტო მმართველობის მოდელის მქონე ევროპულ სახელმწიფოთა უმრავლესობაში. პირდაპირი, საყოველთაო არჩევნები არის იმის გარანტია, რომ არჩეული პირი - სახელმწიფოს მეთაური - მთელი ქვეყნის პრეზიდენტი იქნება და არა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენელი.

ბუნებრივია, არც ერთი წესი არ არის პანაცეა. კონკრეტულ სახელმწიფოში მოქმედი კონსტიტუცია უნდა ითვალისწინებდეს ამ ქვეყნის თავისებურებებს და ადგილობრივ გამოცდილებას, უნდა პასუხობდეს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებას. ამდენად, საქართველოში არსებული მდგომარეობის, დემოკრატიული ინსტიტუტების სისუსტის, მათდამი ნაკლები პოლიტიკური ნდობის არსებობის, სახელისუფლო პარტიის სიძლიერის გათვალისწინებით, არ არის სასურველი პირდაპირი დემოკრატიის შესუსტება. 

ქვეყნის პირველი პირის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნება საშუალებას იძლევა, ისედაც მცირე უფლებამოსილებების მქონე პრეზიდენტი, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების და განმტკიცების სტადიაში მყოფი დემოკრატიის პირობებში, არ იქცეს კონკრეტული პარტიის გავლენის მძევლად და, როგორც ქვეყნის მეთაური, რეალურად მოქმედებდეს ამომრჩეველთა უმრავლესობის მანდატით, იყოს სახელმწიფოს და არა კონკრეტული პოლიტიკური ძალის/პარტიის პრეზიდენტი.