ბლოგი

საარჩევნო თემატიკის შესახებ წარმოდგენილი ინიციატივები პარტიათა საარჩევნო პროგრამებში

ISFED Blog
 
უკანასკნელი წლების განმავლობაში პოლიტიკური გაერთიანებებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ ინტენსიურად განიხილება არსებული საარჩევნო სისტემის ნაკლოვანებები და ალტერნატიული მოდელები. სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, არსებული საარჩევნო სისტემა არაპროპორციული და უსამართლო შედეგის დადგომის შესაძლებლობას იძლევა. ამ აზრს, უკანასკნელი წლების განმავლობაში, მსხვილი პოლიტიკური გაერთიანებების უმეტესი ნაწილიც იზიარებდა.   

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ტარდება. აღნიშნული სისტემის მიხედვით, 150 საპარლამენტო მანდატიდან 73 მანდატი ნაწილდება ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებზე, ხოლო 77 მანდატი - ერთიანი პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

2015 წელს, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების სპექტრმა, პრეზიდენტის ჩართულობით კონსენსუსს მიაღწია არსებული საარჩევნო სისტემის სრულად რეგიონალურ-პროპორციული სისტემით ჩანაცვლების თაობაზე. საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ მემორანდუმს ხელი მოაწერეს შემდეგმა პარტიებმა: „თავისუფალი დემოკრატები“; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; „ახალი მემარჯვენეები“; „ქართული დასი“; „ევროპელი დემოკრატები“; გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“; „მემარცხენე ალიანსი“; ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“; „თავისუფალი საქართველო“; „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“; „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“; „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“.

საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით,  საქართველოს პარლამენტში ორი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი იყო წაარდგენილი.  აქედან ერთი პროექტი წარმოადგინა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ - „კოალიცია ქართულმა ოცნებამ“. მათი ვერსიის მიხედვით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საარჩევნო სისტემის ცვლილება უნდა მოხდეს რეგიონალურ-პროპორციული საარჩევნო მოდელით. 

მეორე პროექტი წარმოადგინეს ოპოზიციურმა პარტიებმა. მათ მხარი დაუჭირეს რეგიონალურ-პროპორციულ საარჩევნო მოდელით არჩევნების ჩატარებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პირობებშიც. ინიციატივის კონსტიტუციურ კანონპროექტად გადაქცევის  მიზნით ოპოზიციურმა პარტიებმა 200,000 ამომრჩევლის ხელმოწერას გაუკეთეს ორგანიზება.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ვერცერთმა პროექტმა პარლამენტში სათანადო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ამის კვალდაკვალ, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო სისტემის ცვლილების ალტერნატიულ ვარიანტზე - ე.წ. „გერმანულ მოდელზე“ - შეჯერდნენ, რომლის მიღებაც საკონსიტუციო ცვლილებების გარეშე იქნებოდა შესაძლებელი. აღნიშნულ მოდელს მხარი დაუჭირა რესპუბლიკურმა პარტიამ (რომელიც მანამდე კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კონსტიტუციურ კანონპროექტს უჭერდა მხარს) და ინიცირება გაუკეთა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ე.წ. „გერმანულ მოდელზე“ გადასვლისთვის.  

ამრიგად, პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი თანხმდებოდა საარჩევნო სისტემის ცვლილების აუცილებლობაზე. „სამართლიანი არჩევნები“ დაინტერესდდა თუ რამდენად აისახა პოლიტიკური პარტიების ხედვები საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე მათ საარჩევნო პროგრამებში. 
 



 
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

როგორც აღინიშნა, პარტია „ქართულმა ოცნებამ" 2020 წლისთვის ე.წ. „რეგიონალურ-პროპორციული სისტემაზე გადასასვლელად კონსტიტუციური კანონპროექტი შეიტანა.  პარტია აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო სისტემის შესახებ განხილვებში. მიუხედავად ამისა, მათ მიერ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წარმოდგენილ პროგრამაში საარჩევნო სისტემის კონკრეტულ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით დაპირებები არ გვხვდება.

პროგრამაში „ქართული ოცნება“ საარჩევნო რეფორმის მნიშვნელობაზე ზოგად კონტექსტში საუბრობს და აღნიშნავს, რომ “პოლიტიკური სისტემის განითარების და პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით უნდა მოხდეს პოლიტიკური პარტიებისა და არჩევნების მარეგულირებელი კანონმდებლობის შემდგომ დახვეწა და საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, საარჩევნო სისტემის გადასინჯვა”.  

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

მიუხედავად იმისა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო სისტემის რეფორმის მოთხოვნით არაერთ ხმამაღალ განცხადებას აკეთებდა, წინასაარჩევნო პროგრამა არ შეიცავს პარტიის ხედვას საარჩევნო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით. წინასაარჩევნო პროგრამაში საუბარია მხოლოდ დევნილთა ლეგიტიმური წარმომადგენლობითი სტრუქტურის რეფორმაზე.  „ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩევლებს ჰპირდება აფხაზეთის ა/რ უზენაესი საბჭოს და ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პერიოდულ და პირდაპირი გზით არჩევნებს.   

„თავისუფალი დემოკრატები“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მსგავსად“, „თავისუფალი დემოკრატები“  წინასაარჩევნო პროგრამაში დევნილთა საარჩევნო უფლებებზე ამახვილებენ ყურადღებას. პროგრამა არ შეიცავს პარტიის დაპირებას საარჩევნო სისტემის სამომავლო გარდაქმნასთან დაკავშირებით, მუხედავად იმისა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ საარცევნო რეფორმის აქტიური მხარდამწერები იყვნენ. 
თავისუფალი დემოკრატების აზრით, დევნილებს ჩამორთმეული აქვთ უფლება - აირჩიონ და არჩეული იყვნენ აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობით სტრუქტურაში. საარჩევნო დაპირებად წარმოდგენილია დევნილებისთვის საარჩევნო უფლების დაბრუნება და აფხაზეთის წარმომადგენლობითი ორგანოს (უმაღლესი საბჭოს) არჩევნების ჩატარება.  ამასთან ერთად, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს უნდა მიენიჭოს უფლებამოსილება მონაწილეობა მიიღოს აფხაზეთის დეოკუპაციის საკითხებთან  დაკავშირებულ ყველა სტრატეგიულ მნიშვნელობის მოლაპარაკებებში, ასევე, დევნილთა მიმართ სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში 

„საქართველოს რესპუბლიკური პარტია“

პარტიას საარჩევნო პროგრამაში დეტალურად აქვს განხილული როგორც ადგილობრივი, ასევე, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების  ცვლილებების მათეული ხედვა. 

პარტიის აზრით, საჭიროა, არსებული საპარლამენტო საარჩევნო სისტემის შეცვლა პროპორციული საარჩევნო სისტემით, როდესაც პარლამენტის 150-ვე წევრი აირჩევა მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში. რესპუბლიკური პარტიის აზრით, ასეთი სისტემა მოგვცემს ამომრჩეველთა ნების შესატყვისი შედეგის მიღების, მათ შორის, რეგიონული ინტერესების გათვალისწინების შესაძლებლობას.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, პარტია თვლის რომ „ადგილობრივი არჩევნების სიტემა უნდა შეიცვალოს შედარებით რბილი სისტემით.“ ამის მაგალითად წარმოდგენილია საარჩევნო მოდელის ცვლილება „პროპორციული სისტემით ღია პარტიული სიებით, ან მასთან კომბინირებული მრავალმანდატიანი ოლქებით, რათა გაიზარდოს საკრებულოებში სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლობა.“ 

ასევე, პროგრამაში წარმოდგენილია მუნიციპალური მოწყობის რეფორმისთვის გასატარებელ ღონისძიებათა ნუსხა. 

ინიციატივად წარმოდგენილია პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაც. პროგრამის მიხედვით, პრეზიდენტს 5 წლის ვადით უნდა ირჩევდეს პარლამენტი ან საარჩევნო კოლეგია, რომელიც შედგება პარლამენტის წევრებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოებიდან არჩეული დელეგატებისგან. 

ამასთან, საარჩევნო პროგრამა პრიორიტეტად ასახელებს ქალთა წარმომადგენლობის უზრუნველყოფას პოლიტიკაში გადაწყვეტილებების მიღების დონეზე. თუმცა, კონკრეტულ გასატარებელ ღონისძიებების შესახებ პროგრამაში არ არის საუბარი. 

„ეროვნული ფორუმი“

პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ფორუმის“ საარჩევნო პროგრამაში არ არის საუბარი საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე. 

თუმცა, „ეროვნული ფორუმი”  საზოგადოებას სთავაზობს სასამართლოს პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეთა კორპუსის დაკომპლექტებას საერთო-სახალხო კენჭისყრის (არჩევნების) საშუალებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის და სასამართლოს მოთხოვნილებათა გათვალისწინებით ქალაქებსა და რაიონებში ერთ (სასურველია) ან/და მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებში; 

„პატრიოტთა ალიანსი“

საარჩევნო პროგრამის მიხედვით, პარტია მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა. თუმცა, პროგრამაში ამომრჩეველთათვის არ არის შეთავაზებული კონკრეტული საარჩევნო მოდელი. 

ასევე, პატრიოტთა ალიანსის პოზიციით, უნდა შეიცვალოს სპეცუბნების შექმნის წესი. მისი შექმნა არ უნდა მოხდეს სამხედრო ნაწილებში.  

სხვა პარტიები

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წინასაარჩევნო პროგრამა არ მიმოიხილავს საარჩევნო თემატიკას. ამ დროისთვის, საარჩევნო პროგრამა არ აქვთ წარმოდგენილი ლეიბორისტულ პარტიას და ბლოკს „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“. 

ამრიგად, საარჩევნო სისტემის ცვლილება პრიორიტეტად დასახული აქვს პოლიტიკურ პარტიათა ნაწილს - „რესპუბლიკურ პარტიას“ და „ქართულ ოცნებას“. აქედან, მხოლოდ ერთს - „რესპუბლიკურ პარტიას“ აქვს წარმოდგენილი კონკრეტულად გასატარებელ ღონისძიებები საარჩევნო მოდელის ცვლილებასთან დაკავშირებით. დანარჩენი პოლიტიკური გაერთიანებები არ საუბრობენ აღნიშნულ საკითხზე.

როგორც ვხედავთ, სამწუხაროდ, საარჩევნო სისტემის ცვლილება პარტიების საარჩევნო პროგრამებში აქტუალურ საკითად არ გვხვდება, მიუხედავად იმისა, რომ მათი დიდი ნაწილი ერთ-ერთ მთავარ წინასაარჩევნო გამოწვევად სისტემის ცვლილებას ასახელებდა. მიგვაჩნია, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმირება მომავალი 4 წლის განმავლობაში პოლიტიკური დისკუსიის მნიშვნელოვან ნაწილად დარჩება, შესაბამისად, აუცილებელია,  საზოგადოებამ იცოდეს პოლიტიკური პარტიების ხედვები ამ საკითხთან დაკავშირებით.
 

ავტორი: გიორგი ნონიაშვილი