ბლოგი

სტატისტიკაში დაკარგული გამწვანება

ISFED's Blog
 
თბილისის მერის წინასაარჩევნო დაპირებამ მილიონი ხის დარგვასთან დაკავშირებით საზოგადოებაში იმთავითვე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. გაჩნდა კითხვები თუ რამდენად შესაძლებელია მილიონი ხის დარგვა, სად უნდა დაირგოს ნერგები ან ვინ მოუვლის მათ, რა უფრო პრიორიტეტულია - ხარისხი თუ რაოდენობა?!

საკითხისადმი საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე „სამართლიანმა არჩევნებმა“ თბილისის მერიას ორჯერ მიმართა და გამოითხოვა ინფორმაცია პროგრამის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე. მერიის მიერ მოწოდებული წერილებით ირკვევა, რომ 2015 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით მილიონი ხის პროგრამის ფარგლებში დაირგო  426,524  ხე.  ორი დღით ადრე, 8 დეკემბერს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ერთ წლიანი  საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ „მილიონი ხის“ პროგრამის ფარგლებში უკვე დაირგო დაახლოებით 480 ათასი ხე.  ერთსა და იმავე პერიოდში მერიის მიერ გაჟღერებულ ამ ორ მონაცემს შორის მნიშვნელოვანი უზუსტობაა (53,476 ხე).  

მართალია 2014 წლიდან თბილისის მერია ხშირად ატარებდა ცალკეულ გამწვანების აქტივობებს, მაგრამ მერის მიერ გაცხადებულმა პროგრამის შესრულების მასშტაბმა და ვადებმა საზოგადოებაში არსებული ეჭვები კიდევ უფრო გააძლიერა. პირველ წერილში, რომელიც 2015 წლის 29 ოქტომბერს მივიღეთ ვკითხულობთ, რომ 2014 წლის საშემოდგომო რგვების დაწყებიდან 2015 წლის 22 ოქტომბრის მდგომარეობით, დაირგო 208 ,324 ერთეული ხე-მცენარის ნერგი. მეორე წერილის მიხედვით კი, 2015 წლის 29 ოქტომბრიდან 10 დეკემბრამდე, დაირგო 218,200 ხე. შესაბამისად, დგინდება რომ 2015 წლის შემოდგომაზე, თვენახევარზე ნაკლებ პერიოდში უფრო მეტი ხე არის დარგული, ვიდრე 1 წლის განმავლობაში, 2015 წლის ოქტომბრამდე. 

უხეშად რომ დავთვალოთ, 29 ოქტომბრიდან 10 დეკემბრამდე, ანუ 42 დღეში, შაბათ-კვირის ჩათვლით, დღეში მინიმუმ  5,195 ნერგი უნდა დარგულიყო. ამასთან, პირველი 208,324 ნერგი შპს „მცენარეთა დაცვის საწარმომ“ და კიდევ ექვსმა კონტრაქტორმა კომპანიამ დარგო, მაშინ როდესაც შემდგომი 218,200 ნერგის დარგვაში „მცენარეთა დაცვის საწარმოსთან“ ერთად კიდევ ორი კომპანია მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ გამწვანებაში ჩართული კომპანიების რიცხვი შემცირდა, თვენახევარში დაირგო იმდენი ხე, რამდენსაც ორჯერ მეტი რაოდენობის კომპანია ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში რგავდა. 

კითხვები ჩნდება პროგრამის ბიუჯეტთან დაკავშირებითაც. „მილიონი ხის“ ფარგლებში 2015 წელს მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა 1,093,647 ლარის ღირებულების 452,180 ნერგი შეისყიდა, 2016 წელს კი 180,000 ნერგის შესაძენად ბიუჯეტით  900,000 ლარია გათვალისწინებული.



 
გამწვანება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქალაქში არსებული ეკოლოგიური პრობლემებისთვის, თუმცა ფაქტია, სტატისტიკა და ხარისხი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. მართალია, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ხელშეკრულებით იღებენ პასუხისმგებლობას, რომ მცენარეების 100%- იანი გახარება უნდა უზრუნველყონ, რასაც თბილისის მერია მიღება-ჩაბარების აქტით აღრიცხავს, თუმცა კონტრაქტის ამოწურვის შემდგომ კომპანიები ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნიან ხეების მოვლაზე და ნერგები თბილისის მერიის ბალანსზე რჩება. ჩვენ თბილისში რამდენიმე ადგილას გადავამოწმეთ დარგული ხეების მდგომარეობა, თუმცა გარკვეული რაოდენობა უკვე გამხმარი დაგვხვდა. მაგალითად, არასახარბიელო ვითარებაა სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც შედარებით მეტია ალბათობა, რომ ადმინისტრაციამ დარგულ ხეებს მოუაროს. შესაბამისად, ისეთ ადგილებში, როგორიცაა მაგალითად გლდანის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია, თბილისის ზღვის მიმდებარე და სხვა ადგილები, სადაც მერიის მონაცემებით განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ხეები დაირგო, მოუვლელობის შედეგად ხეების გახმობის ალბათობა კიდევ უფრო მაღალია. ის, რომ მერია წელს აპირებს ხეების დარგვასთან ერთად საირიგაციო სისტემის მოწყობას, სავარაუდოდ გაზრდის ხეების გახარების შანსს, თუმცა კარგი იქნებოდა აღნიშნულის თავიდანვე გათვალისწინება, რათა მომხდარიყო მეტი ნარგავის შენარჩუნება.  

თუ რა ძნელია მწვანე საფარის შენარჩუნება და გახარება განვითარებულ ქვეყნებშიც კი ქალაქ ბერლინის მაგალითიც მოწმობს. გერმანიამ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ბერლინში დაზიანებული მწვანე საფარის აღდგენას 70 წელი მოანდომა. ომის დროს გადარჩენილი 161 000 ხე რაოდენობრივად 2014 წლისთვის 439 000-მდე შეივსო.  

მილიონი ხის პროგრამა თბილისის მერს არ მოუგონია. მსგავსი ინიციატივებით როგორც ქალაქის მერები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნებში არაერთხელ გამოსულან. პროექტები ძირითადად გარემოსდაცვითი აქტივობების შედეგია, რომლის ფარგლებშიც ქალაქებმა მილიონი ხის დარგვის ვალდებულება აიღეს. ასეთი ქალაქებია მაგალითად, ლოს ანჯელესი, ნიუ იორკი, შანხაი, დენვერი და ლონდონი (ონტარიო, კანადა). 

საინტერესოა ამ ქალაქების პროექტების ამბიციურობისა და დროის მასშტაბების განხილვა. 2006 წელს ლოს ანჯელესის მერობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანიის დაპირებად მილიონი ხის დარგვა დაასახელა და გამარჯვების შემდგომ მისი განხორციელება დაიწყო. ქალაქში მილიონი ხის დარგვას 2012 წლისთვის გეგმავდნენ. მსგავსი ინიციატივა 2006 წელს წინასაარჩევნოდ წამოაყენა დენვერის მერმაც და 2025 წლისთვის მილიონი ხის დარგვა დაისახა მიზნად.  ნიუ-იორკში მილიონი ხის დარგვის პროგრამა 8 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა და 2015  წელს დასრულდა.   შანხაიმ 2007 წელს დაწყებული მილიონი ხის დარგვის პროგრამა 2012 წელს დაასრულა, თუმცა პროექტი მომდევნო მილიონი ხის დარგვით გაგრძელდა.  ლონდონში (ონტარიო) კი 2011 წლიდან დაწყებიდან დღემდე,  დაახლოებით 5 წლის მანძილზე მხოლოდ 270,012 ხე არის დარგული.  მაშინ, როდესაც ასეთი განვითარებული ქალაქები მილიონი ხის დარგვას საშუალოდ 5-8 წელს ანდომებენ საკმაოდ დიდი შემოწირულობებისა და ქველმოქმედებების ფონზე, მერიის მონაცემებით, თბილისში ნახევარ მილიონამდე ხე თითქმის ერთ წელში დაირგო. თუმცა, როგორც ვხედავთ, გამწვანების სწრაფი ტემპები პროგრამის ეფექტურობის მაჩვენებელი არ არის.  

აღნიშნული ქალაქების გამწვანების პროგრამების ვებ-გვერდებზე,  დიდი ყურადღება ეთმობა მოსახლეობის ჩართულობას ხეების დარგვის, შემდგომში მათი შენარჩუნებისა და მუდმივი მონიტორინგის პროცესში. შემუშავებულია სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები სკოლებისთვის, ტარდება ტრენინგები. ხეების დარგვის გარდა, მსურველებს მათზე ე.წ. მეურვეობის აღება შეუძლიათ და დარგული ხეების მოვლა-პატრონობაზე ხანგრძლივი ვადით ზრუნავენ. 

ასეთი  კამპანიები კი ხელს უწყობს მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას და გრძელვადიან პერსპექტივაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. სამწუხაროდ, თბილისის „მილიონი ხის“ პროგრამის ფარგლებში მსგავსი აქტივობების ნაკლებობაა. ხეების დარგვის გარდა არ ტარდება აქტიური საგანმანათლებლო კამპანიები მოხალისეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.  
ფაქტია, რომ ხეები უფრო მეტ მოვლას საჭიროებს და მხოლოდ დარგვა არ არის შედეგის მომცემი. უმჯობესი იქნება „მილიონი ხის“ პროგრამის ფარგლებში თანხები გადანაწილდეს უკვე დარგული ნერგების მოვლასა და საგანმანათლებლო აქტივობებზე,  რომ არ მივიღოთ მხოლოდ გამხმარი ხეების სტატისტიკა.