დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები

სოციალურ მედიაში გავრცელებული დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები: 20 თებერვალი - 5 მარტი

პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მადისკრედიტირებელი გზავნილები 

ოპოზიციის წინააღმდეგ ანონიმურად მოქმედ ფეისბუქისა და ტიკტოკის ანგარიშებზე გაგრძელდა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის, დამცინავი ფოტომანიპულაციების გავრცელება. გამოქვეყნებულ პოსტებში კვლავ ხაზარაძის ბიზნესსაქმიანობაზე კეთდებოდა აქცენტი, რასაც მევახშეობად მოიხსენიებდნენ და  მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი სახლების ჩამორთმევას უკავშირებდნენ. პოლიტიკოსის გაშარჟების მიზეზი, ასევე, გახდა  ვიდეო, რომელშიც დაზიანებული „ფორდ მუსტანგს“ მარკის ავტომანქანის მის მიერ შეკეთება იყო ასახული. გავრცელებული პოსტები არმენოფობიურ გზავნილებსაც შეიცავდა.

 

დამცინავი ფოტომანიპულაციები ნიკა მელიაზე მის მიერ პარტიის საარჩევნო ნომრის დაანონსების შემდეგ 

4 მარტს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, საკუთარი ახალი პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო რიგითი ნომერი დააანონსა. მელიას გუნდი არჩევნებში კენჭისყრას 4 ნომრით გეგმავს. ამ საარჩევნო ნომრის არჩევის უფლება პარტია „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ეკუთვნის, რომლის ერთ-ერთი ლიდერი და ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძეა. ამ საკითხთან დაკავშირებით ფეისბუქის ანონიმურად მოქმედმა ანგარიშებმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დამცინავი ფოტომანიპულაციები გაავრცელეს.

 

ნიკა გვარამიას საწინააღმდეგო გზავნილები გიორგი გახარიასთან და ონკოპაციენტების მკურნალობის დაფინანსებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო  

ანტიოპოზიციურ ფეისბუქგვერდებზე ახალი პოლიტიკური გაერთიანების - „ახალის” ლიდერის, ნიკა გვარამიას საწინააღმდეგო პოსტები გავრცელდა, რომლებიც ხაზს უსვამდა მისი დამოკიდებულების ცვლილებას ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ამჟამად პარტია „საქართველოსთვის” ლიდერთან, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით.  2019 წელს გაკეთებულ განცხადებაში ნიკა გვარამია გიორგი გახარიას აკრიტიკებდა, 2024 წელს კი მასთან თანამშრომლობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. აღნიშნულ თემაზე გავრცელებული პოსტების ნაწილი დასპონსორებული იყო.

 

გარდა ამისა, ანტიოპოზიციურ მადისკრედიტირებელ ანგარიშებზე გავრცელდა ნიკა გვარამიას სატელევიზიო თერიდან ამოჭრილი ვიდეო. ამ ოსტებში გვარამია ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობის დაფინანსების გაპროტესტებაში იყო დადანაშაულებულ.

 

სალომე სამადაშვილის მადისკრედიტირებელი გზავნილები პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერზე წარსულში გაკეთებული კრიტიკული განცხადების გამო 

ტიკტოკისა და ფეისბუქის პლატფორმებზე არსებულ მადისკრედიტირებელ ანგარიშებზე ვრცელდებოდა სატელევიზიო გადაცემის არქივიდან აღებული ვიდეო, რომელშიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი კრიტიკულად აფასებს იმ პარტიის („ლელო საქართველოსთვის“) ლიდერის საქმიანობას, რომლის წევრიც მოგვიანებით თვითონ გახდა.

 

სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაცია ლონდონში ვიზიტის დროს ქართულ ეკლესიაზე გამოთქმული მოსაზრების გამო 

თებერვლის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლონდონს ეწვია, სადაც Chatham House-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. ღონისძიების ერთ-ერთმა მონაწილემ პრეზიდენტს ქართული ეკლესიის როლის შესახებ ჰკითხა, რაზეც ზურაბიშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან მიმართებით შემდეგი სიტყვები თქვა: „პატრიარქი მოხუცია და არსებობს შიში, რომ როდესაც ის გარდაიცვლება, და ღმერთმა არ ქნას, ეს მალე მოხდეს, შესაძლოა, საქართველოს ეკლესიაში პრორუსული ტენდენცია გაჩნდეს, იმ ეკლესიაში, რომელსაც ჯერ კიდევ დიდი გავლენა აქვს საქართველოს საზოგადოებაში“.  

შემდეგ კი დასძინა: „ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის პატრიარქის სისუსტე. იმ პატრიარქისა, რომელმაც ეკლესიის გეზი ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა“.  

ზურაბიშვილის ნათქვამს ფეისბუქსა და ტიკტოკზე ანონიმურად მოქმედი ანგარიშების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა, სადაც ძირითადად ყურადღება იმაზე იყო გამახვილებული, რომ თითქოს ზურაბიშვილმა კათოლიკოს-პატრიარქს შეურაცხყოფა მიაყენა და საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას თავს დაესხა.

 

ანონიმურად მოქმედ მადისკრედიტირებელ ფეისბუქგვერდზეაგენტურაგამოქვეყნდა ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმართული სექსისტური ფოტომანიპულაციებიც.

 

 

 

ყოველკვირეული მიმოხილვის შესახებ 

სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები” ყოველკვირეულ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს იმ გზავნილებს, რომლებიც ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებს, კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში (მეტნაკლებად) ვირუსულად ცირკულირებს და მის გავრცელებაში ერთზე მეტი აქტორი, ანგარიში თუ გვერდია ჩართული. რიგ შემთხვევებში, წარმოდგენილია კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალინტერაქციული პოსტები.    

მონაცემთა დამუშავებისთვის ორგანიზაცია იყენებს ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტ Crowdtangle-ს და ეყრდნობა დისკრედიტაციულ კამპანიებში ჩართული გვერდების/ანგარიშების არსებულ განახლებად ბაზას. გვერდები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე www.disinfoobserver.ge    

     

ამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. მოცემული პუბლიკაცია ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.