დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები

ფეისბუქზე გავრცელებული დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები 10-17 ნოემბერი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო გზავნილები პარტიაში მიმდინარე დაპირისპირებაზე ხაზგასმით, ლევან ხაბეიშვილის გაშარჟება თავმჯდომარეობაზე კანდიდატურის წარდგენის შემდეგ

9 ნოემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარტიის თავმჯდომარის, პოლიტიკური საბჭოსა და სამდივნოს ხელახლა არჩევა მოითხოვეს. პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, არჩევნებში მონაწილეობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. თავდაპირველად ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავდა, თუმცა 16 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე თავმჯდომარეობაზე საკუთარი კანდიდატურა დააყენა. მათთან ერთად, საკუთარი კანდიდატურა დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც, თუმცა ხაბეიშვილის ბრიფინგის შემდეგ ჩალაძემ განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებდა. „ნაციონალურ მოძრაობაში” შვიდკაციანი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც თავმდჯომარის ონლაინ არჩევნებზე შეთანხმდა.

„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრძოლა შიდა ძალაუფლებისთვის მიმდინარეობს. მათი ნაწილის მტკიცებით, პარტიაში ნიკა მელიასთან დაპირიპირებულ მხარეს დავით კეზერაშვილი აფინანსებს და კეზერაშვილის ფავორიტები ხაბეიშვილი, მერაბიშვილი და ცისკარიშვილი არიან.

მსგავსი გზავნილები მეორდებოდა ოპოზიციის მადისკრედიტირებელ ანონიმურ გვერდებსა და პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების გვერდებზე. ანონიმურმა გვერდებმა დაიწყეს ე.წ. მიმების გამოქვეყნება, რომლებშიც „ენმ-ის“ წევრების - ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილის დაპირისპირებაზე იყო მითითებული. პოსტებში დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ძმები ახალაიებიც ფიგურირებდნენ. აქვე ქვეყნდებოდა გიორგი ჩალაძისა და გიორგი მუმლაძის მადისკრედიტირებელი პოსტებიც მას შემდეგ, რაც თავმჯდომარეობაზე საკუთარი კანდიდატურა დააყენეს. „POSTV-მ“ თემაზე მოამზადა სიუჟეტები სახელწოდებით „კლანური დაპირისპირება ნაცებში“ და „ომი "ომის პარტიაში“. მედიასაშუალების მტკიცებით, ყოფილი მაღალჩინოსნები პარტიაში გავლენებისთვის იბრძვიან და „პარტიის ყიდვა დავით კეზერაშვილს და კობა ნაყოფიას სურთ“.

მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილმა საკუთარი კანდიდატურა დააყენა, ანონიმურ გვერდებზე მისი გაშარჟება დაიწყეს. კერძოდ, გვერდები არჩევნებთან დაკავშირებით ხაბეიშვილის პოზიციის ცვლილებაზე აპელირებდნენ. ამასთანავე, გვერდები ხაბეიშვილს დასცინოდნენ მისი განცხადების გამო, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინტელექტუალური სამჭედლოა. ანონიმურ გვერდებზე ქვეყნდებოდა ვიდეოები, რომლებშიც წარმოჩენილი იყო დავით კეზერაშვილის მიმართ ხაბეიშვილის განწყობების ცვლილება.

 

 

 

მანიპულაციური გზავნილები აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე, მითითება პოლარიზაციასა და საარჩევნო დარღვევებზე

8 ნოემბერს აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართა. 13 ნოემბერს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში მანიპულაციური განცხადება გააკეთა მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, ირაკლი ზარქუამ. ის შეშფოთებას გამოთქვამდა გარდაცვლილი ადამიანის არჩევასთან დაკავშირებით და პარტნიორ ქვეყანას ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებდა.

„ნეტგაზეთმა“ გამოაქვეყნა სტატია,[1] რომელშიც ახსნილი იყო, თუ რატომ აირჩიეს აშშ-ში გარდაცვლილი კანდიდატი. კერძოდ, პენსილვანიის შტატში ხმათა 85% დემოკრატების კანდიდატმა ტონი დელუკამ მიიღო, რომელიც 9 ოქტომბერს გარდაიცვალა, თუმცა შტატების კანონმდებლობით, კანდიდატის შეცვლა ვერ მოესწრო. „ნეტგაზეთის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ში ეს პირველი შემთხვევა არაა და არ შეიცავს დარღვევის ან გაყალბების ნიშნებს, ამიტომაც შემთხვევა ეუთოს ანგარიშში არ ასახულა.

„ქართული ოცნების“ მიერ მართულმა გვერდმა „სინამდვილეში“ „ნეტგაზეთი“ გამოქვეყნებული სტატიის გამო დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ზარქუამ მხოლოდ ფაქტის კონსტანტირება მოახდინა. გარდაცვლილი კანდიდატის არჩევის შესახებ ინფორმაციას რეჟისორი გოგა ხაინდრავაც გამოეხმაურა. POSTV-ის ახალი ამბების გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ამერიკის შტატ პენსილვანიაში გარდაცვლილი დემოკრატი კანდიდატი აირჩიეს“, თუმცა სტატიაში აღნიშნული იყო, რომ სხვა კანდიდატის წამოყენება დაგვიანებული იყო.

პროსახელისუფლებო ექსპერტებმა გაავრცელეს ნარატივი, რომ ეუთომ აშშ-ის არჩევნებზე საკმაოდ კრიტიკული დასკვნა დადო, რადგან აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანია პოლარიზებული იყო. ექსპერტები აშშ-ს შესახებ დასკვნას საქართველოში დეპოლარიზაციის პრობლემასთან აიგივებდნენ. ისინი მიმართავდნენ აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს, მოეწოდებინა აშშ-ის ხელისუფლებისთვის ყველა ხარვეზის გამოსწორებისკენ.

  

 

სალომე სამადაშვილის დადანაშუალება ანტიევროპულ პროპაგანდაში ოლივერ ვარჰეის შესახებ განცხადების გამო.

„ქართული ოცნების“ გვერდმა „სინამდვილეში“ სალომე სამადაშვილი ანტიევროპულ პროპაგანდაში დაადანაშაულა. კერძოდ, სამადაშვილმა აღნიშნა, რომ 15 ნოემბერს საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი, ორბანის პარტიის მიერაა წარდგენილი და გარკვეულწილად შეზღუდულია საკუთარ მანდატში. ვარჰეიმ პოზიტიურად შეაფასა ეკონომიკური წინსვლა და გადადგმული ნაბიჯები ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებასთან, სასამართლო სისტემის რეფორმასა და კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებით. მან, ასევე, განაცხადა, რომ ოლიგარქის შესაფასებლად კრიტერიუმი ზოგადია და არასდროს უკავშირდება რომელიმე ადამიანს, ამიტომ საჭიროა საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა.

სამადაშვილი ანტიევროპულ პროპაგანდაში ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ ანონიმურ გვერდებსა და „POSTV - ანალიტიკის“ გვერდზეც დაადანაშაულეს. ანონიმურ გვერდებზე დისკრედიტაციისა და გაშარჟების მიზნით ქვეყნდებოდა ვიდეო, რომელშიც „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ევროკომისარს კითხვას უსვამს პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით, ვარჰეი კი აღნიშნავს, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ აქვს.

პროსახელისუფლებო ექსპერტები ოლივერ ვარჰეის მიმართ პოზიტიურ გზავნილებს ავრცელებდნენ. ისინი ცალკეულ ევროპარლამენტარებს, მათ შორის, ანდრიუს კუბილიუსს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ აკავშირებდნენ და ამბობდნენ, რომ მათ ნაცვლად საზოგადოებამ ვარჰეის უნდა უსმინოს, რომელიც სასამართლოს, ეკონომიკასა და სხვა სფეროებს დადებითად აფასებს.

ექსპერტები ყურადღებას ამახვილებდნენ „მთავარი არხის“ მიერ დასმულ კითხვაზე პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით და აღნიშნავდნენ, რომ საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს და ამას ვარჰეიც ადასტურებს.

 

 

დავით კეზერაშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების დისკრედიტაციის მცდელობა კურტ ვოლკერთან შეხვედრისას გადაღებული ფოტოს საშუალებით

„პოს ტვ“-ის ფეისბუქგვერდებზე გავრცელდა ინფორმაცია , რომელიც მედიაგამოცემა „კვირას“ ეყრდნობოდა. მათი თქმით, სურათი გერმანელი გამომძიებელი ჟურნალისტის მიერაა მოწოდებული და 2022 წლის 7 ივლისს ლონდონში დავით კეზერაშვილის კურტ ვოლკერთან შეხვედრას ასახავს, რომელიც აშშ-ის უშიშროების საბჭოს ევროპისა და ევრაზიის საკითხების ყოფილი დირექტორი და ნატოში ყოფილი ელჩია. მოგვიანებით, ტელევიზიისა და ცრუ მედიის გვერდებზე ვრცელდებოდა ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი ექსპერტების განცხადებებიც, „პოს ტვ“-მა ამავე თემაზე მოამზადა სიუჟეტიც, რომელშიც კონსპირაციული შეხვედრის გარშემო მმართველი გუნდისა და „ხალხის ძალის“ წარმომადგენლების კომენტარებსაც მოიცავდა. ექსპერტთა ნაწილი აღნიშნულ შეხვედრას წარმოაჩენდა როგორც მტკიცებულებას, რომ „რადიკალური ოპოზიციის მიერ წარმართული პროცესების უკან ამერიკელები დგანან“. ისინი ავითარებდნენ მოსაზრებას, რომ ვოლკერი კეზერაშვილს არა საკუთარ, არამედ მისი ხელმძღვანელობის გზავნილებს გაუზიარებდა. ამასთან, თავს ესხმოდნენ ამერიკელი დიპლომატის ქართველ მეუღლესაც და ტელეწამყვან ეკა კვესიტაძესთან მათ ახლო კავშირზე მიუთითებდნენ.

პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებში გავრცელდა დავით კეზერაშვილისა და ბიზნესმენ ვანო ნაკაიძის შეხვედრის ფოტოც. პროსახელისუფლებო ექსპერტები კეზერაშვილს ნაკაიძის ხელით რუსეთიდან დასანქცირებული ტვირთით გემის შემოყვანაში ადანაშაულებდნენ, რაც ხოშტარიას პირით გააჟღერა და „ფორმულამ“ გაავრცელა მტკიცებულება, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. ექსპერტები ელენე ხოშტარიას, კეზერაშვილსა და სხვებს საქართველოში რუსული ინტერესების გამტარს უწოდებდნენ.

 

 

 

 

 

[1] „გარდაცვლილი კაცი აირჩიეს“ – ზარქუას მანიპულაციური განცხადება აშშ-ის არჩევნებზე, ნეტგაზეთი, 2022. https://netgazeti.ge/life/640557/?fbclid=IwAR2e5urPyAPiyaNDGv2eLTaCXTe4kUCaqXTjSU9_fDTcT2xmQ712tgQvF2Q