დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები

ფეისბუქზე გავრცელებული დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები 10-23 მაისი

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლების დისკრედიტაცია მათი რუსეთთან კავშირში დადანაშაულებით 

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთი საქართველოსთან სავიზო მიმოსვლის რეჟიმს მოხსნიდა და პირდაპირ ფრენებს აღადგენდა, საზოგადოების არაერთმა ჯგუფმა პროტესტი გამოხატა. ამის პარალელურად ანონიმურად მოქმედ გვერდებზე გააქტიურდა ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების მადისკრედიტირებელი პოსტები, რომლებშიც მათ რუსეთთან კავშირზე მიუთითებდნენ. კერძოდ, პოსტებში თავს ესხმოდნენ კობა ნაყოფიას, ელენე ხოშტარიასა და მამუკა გამყრელიძეს და მიუთითებდნენ, რომ მათ რუსული პასპორტები აქამდეც ჰქონდათ. ამასთანავე, ელენე ხოშტარიასა და გიორგი ვაშაძეს რუსული ფულის ინტერესში სდებდნენ ბრალს. აქციაზე ელენე ხოშტარიას დაკავების შემდეგ, ასევე, გააქტიურდა მისი დამცინავი პოსტები. 

  

 

ამავე გვერდებზე რუსეთის შესახებ პოლიტიკოსებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლების ძველი განცხადებებიც ვრცელდებოდა. კერძოდ, გვერდმა „არქივი - Archive” გამოაქვეყნა ელენე ხოშტარიას ინტერვიუდან ამონარიდი, რომელშიც რუსეთ-საქართველოს შორის ვაჭრობაზე საუბრობდა. ამავე გვერდმა გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს ფრაგმენტი, სადაც ის სერგეი ლავროვს ძლიერ დიპლომატად მოიხსენიებს.  

გვერდის „არქივი - Archive” მიერ გავრცელებული  ერთ-ერთი ვიდეო გამოქვეყნდა ტელეკომპანიების „იმედისა“ და “POSTV-ის” ფეისბუქგვერდებზეც. ეს ვიდეო ტელეკომპანია „ფორმულას” წამყვან, მიშა მშვილდაძის წინააღმდეგ იყო მიმართული, აღწერით: „მიშა მშვილდაძე რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას მიესალმება”. 

  

ამასთანავე, ანონიმურმა გვერდებმა ყვარელში სერგეი ლავროვის ნათესავების ქორწილის გამო პროტესტის პარალელურად გაავრცელეს კადრები რუსი კინორეჟისორის, ნიკიტა მიხალკოვის შვილის ქორწილიდან, რომელიც 2011 წელს წინანდალში გაიმართა. ამ გვერდებმა მიუთითეს, რომ ქორწილში მიხეილ სააკაშვილიც იმყოფებოდა. ყვარლის მოვლენების საპირწონედ მიხეილ მიხალკოვის შვილის ქორწილზე პროსახელისუფლებო ექსპერტებიც მიუთითებდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ლავროვის სიძის ძმა რუსეთს უპირისპირდება და უკრაინას უჭერს მხარს. ანონიმური კამპანიის პარალელურად, პროსახელისუფლებო ექსპერტები მიუთითებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მოქალაქეების მიმართ ლოიალურ პოლიტიკას ატარებდა, მათ შორის, სავიზო რეჟიმი შეამსუბუქა. 

  

 

ანტიდასავლური გზავნილები რუსეთთან სავიზო რეჟიმის მოხსნის პარალელურად 

მმართველი პარტიისგან ფორმალურად გამოყოფილი ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრებისა და ანონიმურად მოქმედი გვერდების მხრიდან გააქტიურდა გზავნილი, თითქოს აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას მათი მხრიდან საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქება/მოხსნა დაამტკიცებს. აღნიშნული გზავნილები რუსეთის საქართველოსთან სავიზო რეჟიმის მოხსნას და პირდაპირი ფრენების აღდგენას მოჰყვა. „ხალხის ძალის“ წევრები აცხადებდნენ, რომ ამერიკაში ქართველი ემიგრანტები მძიმე პირობებში ცხოვრობენ და აშშ-ის მთავრობამ, უკრაინელი ემიგრანტების მსგავსად, ქართველებსაც უნდა მისცენ ნორმალური ცხოვრების საშუალება. 

10 მაისს ანონიმურად მოქმედმა გვერდმა „პოლიტიკური სატირა / Political Satire” საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს მიმართა და მოუწოდა, აშშ-მაც დააწესოს უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის. პოსტში ეწერა, რომ მხოლოდ ამ ქმედების შემდეგ გახდება ნათელი, რომ აშშ საქართველოს მეგობარია და ის „პოლიგონად არ სჭირდება”. პოსტს 8 500-ზე მეტი რეაქცია და 3 900-ზე მეტი გაზიარება ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ 17 მაისს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  აშშ ქართველებისთვის არასაკმარისი ვიზების გაცემის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ აშშ-მ თავად უნდა გადადგას ნაბიჯები სავიზო რეჟიმის გამარტივებისკენ. 

  

 

მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო პოსტები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ 

12 მაისს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი უთხრა. ანონიმურად მოქმედ გვერდებზე აღნიშნულ თემაზე მიხეილ სააკაშვილის დამცინავი პოსტები გამოქვეყნდა.  

  

მმართველი პარტიის საწინააღმდეგო გზავნილები, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ქვეყანაში ყოფნის თემაზე 

ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, ოჯახის წევრების კახეთში ყოფნის შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ ამ თემას ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მოქმედი ანონიმური გვერდები მმართველი პარტიის საწინააღმდეგო ფოტომანიპულაციებით გამოეხმაურა. განთავსებულ პოსტებში „ქართული ოცნების" პრორუსულობასა და პროტესტის აუცილებლობაზე მიუთითებდნენ. გვერდების ნაწილი შეურაცხმყოფელი აღწერებით გამოეხმაურა სასტუმრო „ყვარლის ტბასთან” განთავსებული სპეცრაზმის ფოტოსურათებსაც. 

   

 

მმართველი ძალის საწინააღმდეგო პოსტები ფრენების აღდგენის საკითხზე მითითებითაც ხდებოდა. კერძოდ, ფრენების აღდგენის საკითხს აქტიურად ეხმაურებოდა ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი ანონიმური გვერდები, რაც ძირითადად ფოტომანიპულაციების სახით მმართველი ძალის პრორუსულობაზე ხაზგასმას მოიაზრებდა.  

 

  

 

 

 

ყოველკვირეული მიმოხილვის შესახებ  

სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები” ყოველკვირეულ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს იმ გზავნილებს, რომლებიც ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებს, კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში (მეტნაკლებად) ვირუსულად ცირკულირებს და მის გავრცელებაში ერთზე მეტი აქტორი, ანგარიში თუ გვერდია ჩართული. რიგ შემთხვევებში წარმოდგენილია კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალინტერაქციული პოსტები.  

მონაცემთა დამუშავებისთვის ორგანიზაცია იყენებს ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტ Crowdtangle-ს და ეყრდნობა დისკრედიტაციულ კამპანიებში ჩართული გვერდების/ანგარიშების არსებულ განახლებად ბაზას. გვერდები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე www.disinfoobserver.ge  

   

ამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. მოცემული პუბლიკაცია ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.