ფეისბუქზე გავრცელებული დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები: 18 ოქტომბერი - 1 ნოემბერი
სოფო ჯაფარიძის მადისკრედიტირებელი პოსტები
19 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სოფო ჯაფარიძის ინიციატივით პარტიის წევრები თბილისიდან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ სოფელ ჭორვილაში ჩავიდნენ. სოფელში ადგილობრივებსა და მსვლელობის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. მსვლელობის საწინააღმდეგო გზავნილები იმავე დღეს გავრცელდა სხვადასხვა ანტიოპოზიციურ გვერდსა და ჯგუფში.
ასევე, გავრცელდა სოფო ჯაფარიძესთან დაკავშირებული ფოტომანიპულაციებიც, რომლებშიც ხაზი ესმებოდა ჯაფარიძის მონაწილეობას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2012 წელს ინიციირებულ პროგრამაში „ღიმილიანი საქართველო“. ამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ქვეყნის რეგიონებში მცხოვრებ ამომრჩევლებს წინასაარჩევნოდ უფასო სტომატოლოგიური მომსახურება გაეწიათ. ფოტომანიპულაციებში ფიგურირებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.
მიხეილ სააკაშვილის გაშარჟება პირად ცხოვრებასა და სასამართლო პროცესზე ჩართვასთან დაკავშირებით
26 ოქტომბერს მსახიობისა და ტელეწამყვანის ია ფარულავას ინტერვიუ გავრცელდა, რომელშიც ის მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე საუბრობდა. ინტერვიუდან მოჭრილი მოკლე ვიდეო მალევე გავრცელდა ანტიოპოზიციურ გვერდებზე „არ აგარევინებთ“ და „სიმართლის დროა“. აღნიშნული ვიდეოები აქტიურად გადაზიარდა ანტიოპოზიციურ ჯგუფებშიც.
მიხეილ სააკაშვილის გაშარჟების კიდევ ერთი მიზეზი გახდა მისი უკანასკნელი ჩართვა სასამართლო პროცესზე. პოსტებში აქცენტი სააკაშვილის გარეგნობაზე
მამუკა ხაზარაძის გაშარჟება ინტერვიუს გამო
20 ოქტომბერს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ოპოზიციური პარტიის, „ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მან იცის თუ როგორ უნდა გახდეს ქართველი კაცი მდიდარი. ანტიოპოზიციურ გვერდებზე, „აგენტურა”, „არ აგარევინებთ”, „სიმართლის დროა” და „პოლიტიკური სამარე N5” გავრცელდა ვიდეოები, რომლებიც ხაზარაძის ამ განცხადებას აშარჟებს.
ირაკლი ზარქუას გაშარჟება მისი ფრანგულად წარმოთქმული ციტატის გამო
20 ოქტომბერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ფრანგულ ენაზე თქვა, რომ პრეზიდენტი გაგიჟდა. ვიდეოს ანტისამთავრობო გვერდების, „პოლიტიკური ვექტორი”, „ლურჯი ვირი” და „ანტი-ქოცი”, მხრიდან. ზარქუას გამაშარჟებელი პოსტები მოჰყვა.
ყოველკვირეული მიმოხილვის შესახებ
სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები” ყოველკვირეულ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს იმ გზავნილებს, რომლებიც ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებს, კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში (მეტნაკლებად) ვირუსულად ცირკულირებს და მის გავრცელებაში ერთზე მეტი აქტორი, ანგარიში თუ გვერდია ჩართული. რიგ შემთხვევებში, წარმოდგენილია კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალინტერაქციული პოსტები.
მონაცემთა დამუშავებისთვის ორგანიზაცია იყენებს ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტ Crowdtangle-ს და ეყრდნობა დისკრედიტაციულ კამპანიებში ჩართული გვერდების/ანგარიშების არსებულ განახლებად ბაზას. გვერდები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე www.disinfoobserver.ge
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. მოცემული პუბლიკაცია ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.