ფეისბუქზე გავრცელებული დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები: 2-14 ნოემბერი
მადისკრედიტირებელი ვიდეომანიპულაცია ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ
31 ოქტომბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველი პარტიის დეპუტატმა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ, საკუთარ მოადგილეს, ოპოზიციონერ ქალ დეპუტატს - თეონა აქუბარდიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მმართველი გუნდის კიდევ ერთი დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის, მხრიდან სექსისტური და ღირსების შემლახავი რეპლიკების სამიზნე გახდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე. მალევე ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედმა გვერდებმა „არქივი - Archive“, „სირცხვილის კორიდორი” და „სიმართლის დროა” ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსების მადისკრედიტირებელი ვიდეომანიპულაცია გაავრცელეს. Პარალელურად, აღნიშნული ვიდეო პროსახელისუფლებო მედია „პოს ტვ“-ის ერთ-ერთ ფეისბუქგვერდზე „POSTV - ანალიტიკა“ გამოქვეყნდა.
გიული ალასანიას გაშარჟება მისი ჩაცმულობის გამო
პროსახელისუფლებო პოლიტიკოსთან, ვატო შაქარიშვილთან დაკავშირებულ ანონიმურად მოქმედ მადისკრედიტირებელ გვერდზე - „აგენტურა“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას დამცინავი პოსტები აქტიურად ქვეყნდებოდა. აღნიშნულ თემაზე გავრცელებული პოსტების ნაწილი დასპონსორებული იყო.
ოპოზიციის დაცინვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიის რეკომენდაციის გაცემის შემდეგ
8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. ამის შემდეგ, ანონიმურად მოქმედმა მადისკრედიტირებელმა გვერდმა „არქივი - Archive” ვიდეოკოლაჟი გამოაქვეყნა. ვიდეოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ საქართველო იმჟამინდელი მოცემულობით კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა. ვიდეოკოლაჟის შემადგენელი მონაკვეთი სხვა ანონიმურად მოქმედმა მადისკრედიტირებელმა გვერდებმაც გაავრცელეს.
გვერდებზე „პოლიტიკური აბსურდი“, „პოლიტიკური სატირა“, „პოლიტიკური საღორე N5“, „სიმართლის დროა” და „აგენტურა“ ოპოზიციის დამცინავი ფოტომანიპულაციებიც გავრცელდა, რომელთა ნაწილი დასპონსორებული იყო.
მამუკა ხაზარაძის გაშარჟება აშშ-ში მისი ვიზიტის გაშუქების შემდეგ
3 ნოემბერს ოპოზიციური პარტიის „ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია და შეხვედრები გამართა. ამასთან დაკავშირებით, ანონიმურად მოქმედ მადისკრედიტირებელ გვერდებზე ხაზარაძის დამცინავი პოსტები, მათ შორის დასპონსორებული ფოტომანიპულაციები, გავრცელდა.
Საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის დეპუტატის დამცინავი ფოტომანიპულაციები
ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემის შემდეგ ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ ფეისბუქგვერდებზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის - ბექა ოდიშარიას ფოტომანიპულაციები გავრცელდა, რითაც ევროკავშირის მიმართ ხელისუფლების შეცვლილ რიტორიკაზე მიუთითებდნენ.
ყოველკვირეული მიმოხილვის შესახებ
სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები” ყოველკვირეულ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს იმ გზავნილებს, რომლებიც ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებს, კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში (მეტნაკლებად) ვირუსულად ცირკულირებს და მის გავრცელებაში ერთზე მეტი აქტორი, ანგარიში თუ გვერდია ჩართული. რიგ შემთხვევებში, წარმოდგენილია კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალინტერაქციული პოსტები.
მონაცემთა დამუშავებისთვის ორგანიზაცია იყენებს ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტ Crowdtangle-ს და ეყრდნობა დისკრედიტაციულ კამპანიებში ჩართული გვერდების/ანგარიშების არსებულ განახლებად ბაზას. გვერდები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე www.disinfoobserver.ge
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. მოცემული პუბლიკაცია ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.