დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები

ფეისბუქზე გავრცელებული დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები 21 ივნისი - 4 ივლისი

 

სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო გზავნილები ნიკა გვარამიას შეწყალების შემდეგ 

22 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, „მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, შეიწყალა. პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სოციალური მედიის პლატფორმებზე მოქმედი ანონიმური გვერდებისა და პროსახელისუფლებო ექსპერტების მხრიდან ზურაბიშვილის მადისკრედიტირებელი გზავნილები გავრცელდა. ანონიმურად მოქმედი გვერდები ზურაბიშვილს შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით მოიხსენიებდნენ, მოღალატეს  უწოდებდნენ, ავრცელებდნენ ფოტომანიპულაციებს. რამდენიმე გვერდზე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ მოთხოვნაც გავრცელდა. ზურაბიშვილის საწინააღმდეგო პოსტების ნაწილს სექსისტური შინაარსიც ჰქონდა. ანონიმური გვერდების მსგავსად, ზურაბიშვილის მადისკრედიტირებელ პოსტებს „POSTV ანალიტიკის” ფეისბუქგვერდიც ავრცელებდა. ანონიმურმა გვერდებმა შეწყალების შემდეგ გაავრცელეს ნიკა გვარამიას ძველი ვიდეოებიც, რომლებშიც ის ზურაბიშვილს შეურაცხყოფას აყენებდა. სხვა პროსახელისუფლებო აქტორები გვარამიას მიერ ზურაბიშვილის მისამართით წარსულში გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე მიუთითებდნენ და ამბობდნენ, რომ ზურაბიშვილმა გვარამიას შეწყალება ოპოზიციის ინტერესების გათვალისწინებით, ბრძანების მიღების შემდეგ გადაწყვიტა. 

 

      

      

მიშა მშვილდაძის მადისკრედიტირებელი პოსტები მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ 

27 ივნისს ტელეკომპანია „ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ტელეწამყვანს, მიშა მშვილდაძეს, თბილისში თავს უცნობი პირი დაესხა. ანონიმურად მოქმედ გვერდებზე მშვილდაძეზე ძალადობრივ თავდასხმას „ხალხის პასუხს” უწოდებდნენ. ამასთანავე, გვერდებზე ტელეწამყვანის დისკრედიტაციისა და გაშარჟების მიზნით ქვეყნდებოდა მშვილდაძის ფოტოები, რომლებიც თავდასხმის შემდეგ იყო გადაღებული და მათი გამოყენებით შექმნილი „მიმები”. გვერდებზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთი პოსტში მშვილდაძეს ანტიქართველად მოიხსენიებდნენ და აქვეყნებდნენ მისი მხრიდან სხვადასხვა პირის მისამართით გაგზავნილ შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს. ვრცელდებოდა მშვილდაძის მისამართით მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი გზავნილებიც. პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს მშვილდაძის თავდამსხმელის სტატუსი, რომელშიც წამყვანზე განხორციელებული ძალადობის მოტივად ანტიეროვნული და ანტიეკლესიური ქმედებები იყო დასახელებული. 

      

       

 

ვოლოდიმირ ზელენსკის საწინააღმდეგო გზავნილები მიხეილ სააკაშვილის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ 

3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებისკენ მოუწოდა და საქართველოს ელჩს თბილისთან კონსულტაციისთვის 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვება  შესთავაზა. ამის შემდეგ ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მოქმედ ანონიმურ გვერდებზე ვოლოდიმირ ზელენსკის მადისკრედიტირებელი პოსტები გამოქვეყნდა. კერძოდ, გვერდებზე ვრცელდებოდა ძველი კადრები იუმორისტული შოუებიდან, რომლებშიც ზელენსკი სააკაშვილს აშარჟებს. გვერდმა „არ აგარევინებთ" უკრაინის მაღალჩინოსნები საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაში დაადანაშაულა.  

      

 

ლევან ხაბეიშვილის მადისკრედიტირებელი პოსტები კასპში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ 

30 ივნისს კასპში ლევან ხაბეიშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ხაბეიშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ კასპში ადგილობრივებთან შეხვედრისას „ქართული ოცნების" წევრები და საკრებულოში დასაქმებული პირები „მიუქსიეს", რომლებმაც შეხვედრის ჩაშლა სცადეს. ძალადობრივი ქმედებები ანონიმურმა გვერდებმა ამ შემთხვევაშიც „კასპელების პასუხად” მოიხსენიეს და ინციდენტის შემდეგ ხაბეიშვილის გაჟარშებისა და დისკრედიტაციის მიზნით დაპირისპირების ამსახველი ვიდეოები და სხვა პოსტები გამოაქვეყნეს.  

      

 

ტელეკომპანია „იმედის“ გაშარჟება მისი ფეისბუქგვერდის რამდენიმე საათით გაქრობის შემდეგ 

28 ივნისს, რამდენიმე საათით, ფეისბუქზე ტელეკომპანია „იმედის” გვერდი აღარ იძებნებოდა. მოგვიანებით, გვერდის აღდგენის შემდეგ, იმედმა გაავრცელა განცხადება, რომ კომპანია „მეტას” გლობალური ხარვეზი ჰქონდა, რასაც რამდენიმე ფეისბუქგვერდის გაფრთხილების გარეშე წაშლა მოჰყვა. მას შემდეგ, რაც სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „იმედის” გვერდი არ იძებნებოდა, მთავრობის წინააღმდეგ მოქმედ ანონიმურ გვერდებზე ტელეკომპანიის შესახებ მადისკრედიტირებელი და დამცინავი პოსტები გამოქვეყნდა. 

      

 

ირაკლი ღარიბაშვილის საწინააღმდეგო პოსტები პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 30 ივნისს პარლამენტში მთავრობის წლიური ანგარიშით წარდგა. მოხსენების შემდეგ მთავრობის საწინააღმდეგოდ მოქმედ გვერდებზე ღარიბაშვილის საწინააღმდეგო პოსტები გამოქვეყნდა. პოსტებში ღარიბაშვილის განცხადებებს აკრიტიკებდნენ, მას რუსეთთან აკავშირებდნენ და სიძულვილის ენის გავრცელებაში სდებდნენ ბრალს. 

 

ყოველკვირეული მიმოხილვის შესახებ   

სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები” ყოველკვირეულ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს იმ გზავნილებს, რომლებიც ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებს, კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში (მეტნაკლებად) ვირუსულად ცირკულირებს და მის გავრცელებაში ერთზე მეტი აქტორი, ანგარიში თუ გვერდია ჩართული. რიგ შემთხვევებში წარმოდგენილია კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალინტერაქციული პოსტები.   

მონაცემთა დამუშავებისთვის ორგანიზაცია იყენებს ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტ Crowdtangle-ს და ეყრდნობა დისკრედიტაციულ კამპანიებში ჩართული გვერდების/ანგარიშების არსებულ განახლებად ბაზას. გვერდები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე www.disinfoobserver.ge   

    

ამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. მოცემული პუბლიკაცია ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.