დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები

ფეისბუქზე გავრცელებული დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები: 22 სექტემბერი - 5 ოქტომბერი

გამოხმაურებები მოსალოდნელი სამოქალაქო არეულობის შესახებ სუს-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე 

18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) საკუთარ ფეისბუქგვერდზე  ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში გადატრიალება და  ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ქმედებების სავარაუდო თარიღად ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდი - საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ევროკომისიის შეფასებისა და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების გასაჯაროება დასახელდა. 

25 სექტემბერს USAID-ის პროგრამის „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის” მოწვევით საქართველოში სერბეთის მოქალაქეები ჩამოვიდნენ, რომელთა მიზანსაც, როგორც ამას ტრენინგის აღწერაში ვკითხულობთ, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისთვის, ასევე, საინიციატივო ჯგუფების წევრებისთვის არაძალადობრივი აქტივიზმის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზების და მხარდამჭერების მობილიზების მრავალფეროვანი მიდგომების გაზიარება იყო. სასწავლო კურსს სერბული ორგანიზაცია CANVAS („გამოყენებითი არაძალადობრივი ქმედებებისა და სტრატეგიების ცენტრი”) უძღვებოდა. 

ზემოთ ნახსენები ტრენინგები 26-29 სექტემბერს გამართა, 2 ოქტომბერს კი სუს-მა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც CANVAS-ის მიერ ჩატარებული სასწავლო კურსი ხელისუფლების მოსალოდნელ ძალადობრივ დამხობას დაუკავშირა. 

პოსტის გამოქვეყნებიდან მალევე გააქტიურდნენ ანონიმურად მოქმედი გვერდები და პროსახელისუფლებო მედიები, რომლებმაც ვირუსულად გაავრცელეს სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში გადატრიალება მზადდება. ანონიმურად მოქმედი გვერდები ოპოზიციურ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და მასთან დაკავშირებულ პირებს „სისხლიანი დაპირისპირებისთვის ახალგაზრდების მომზადებაში” სდებდნენ ბრალს. 

Telegram-ზე პრორუსულმა ჯგუფმა „ალტ-ინფომ” შექმნა არხი სახელწოდებით ანტიმაიდანი, რხი საზოგადოებას მობილიზაციისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ საქართველოში შეიძლება მაიდანი განმეორდეს. ანტიმაიდნის ორგანიზატორები ხალხის მობილიზების მიზნით აქტიურად ავრცელებენ მობილურის ნომრებს, ხოლო მათ, ვისაც ფიზიკურ სივრცეში დახმარება არ შეუძლია, ფინანსურ დახმარებას სთხოვენ. ამასთანავე, ალტ-ინფოსთან დაკავშირებული არხები იდენტური შინაარსის გზავნილებს ტიკტოკზე აქტიურად ავრცელებდნენ.

 

სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაცია იმპიჩმენტის საქმის განხილვის პარალელურად 

სექტემბრის დასაწყისში მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებდა. „ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა. იმპიჩმენტთან დაკავშირებული პირველი სხდომა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, 3 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა. 

სხდომის პარალელურად, სხვადასხვა ანონიმურ მადისკრედიტირებელ გვერდზე ზურაბიშვილის მადისკრედიტირებელი ფოტო და ვიდეომანიპულაციები გავრცელდა. ასევე, ამ საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნების” ანონიმურმა მხარდამჭერმა გვერდებმა რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნეს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის - ირაკლი კობახიძის მხარდაჭერის ხარჯზე პრეზიდენტს და მის წარმომადგენლობით მხარეს უპირისპირდება. 

მიხეილ სააკაშვილის გაშარჟება პირადი ცხოვრების შესახებ გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ 

28 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე თავისი პირადი ცხოვრების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტს ანონიმურად მოქმედ მადისკრედიტირებელ გვერდებზე დამცინავი ფოტომანიპულაციების გავრცელება მოჰყვა. გამოქვეყნებული პოსტები დარეკლამებული იყო. 

 

 

ყოველკვირეული მიმოხილვის შესახებ     

სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები” ყოველკვირეულ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს იმ გზავნილებს, რომლებიც ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებს, კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში (მეტნაკლებად) ვირუსულად ცირკულირებს და მის გავრცელებაში ერთზე მეტი აქტორი, ანგარიში თუ გვერდია ჩართული. რიგ შემთხვევებში, წარმოდგენილია კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალინტერაქციული პოსტები.    

მონაცემთა დამუშავებისთვის ორგანიზაცია იყენებს ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტ Crowdtangle-ს და ეყრდნობა დისკრედიტაციულ კამპანიებში ჩართული გვერდების/ანგარიშების არსებულ განახლებად ბაზას. გვერდები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე www.disinfoobserver.ge    

     

ამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. მოცემული პუბლიკაცია ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.