დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები

ფეისბუქზე გავრცელებული დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები: 24 აგვისტო - 6 სექტემბერი

სალომე ზურაბიშვილის მადისკრედიტირებელი გზავნილები მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ 

პირველ სექტემბერს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხად რომ საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებდა. „ქართულმა ოცნებამ” სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაში მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც პრეზიდენტმა, მთავრობის უარის მიუხედავად, ევროპელ ლიდერებთან შეხვედრების სერია დაიწყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრები საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერას ემსახურება. მმართველი გუნდი მიუთითებდა, რომ „მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი განახორციელოს ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა“. 

იმპიჩმენტის პროცედურის დაანონსების შემდეგ სოციალურ მედიაში მოქმედ ანონიმურ გვერდებზე სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო გზავნილები გააქტიურდა. ამ გვერდებმა იმპიჩმენტის მხარდამჭერი პოსტები გაავრცელეს და ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაში, სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და ხალხის ღალატში დაადანაშაულეს. გარდა ამისა, გავრცელდა ზურაბიშვილის შესახებ დამცინავი, მადისკრედიტირებელი და შეურაცხმყოფელი პოსტები.  

ანონიმურ გვერდებზე გამოქვეყნდა არქივიდან ამოღებული ვიდეო რგოლებიც, რომლებშიც სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერები (ზურაბ გირჩი  ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი) და აქტივისტები წლების წინ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ განსხვავებულ კონტექსტში საუბრობდნენ. ჯაფარიძის 2019 წლის  ვიდეო, რომელიც ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას ეხება, პროსახელისუფლებო მედიის, „POSTV-ანალიტიკის“ ფეისბუქგვერდმაც გამოაქვეყნა. 

  

დამცინავი პოსტები „მთავარ არხზე” გიორგი გაბუნიას ინტერვიუს გამო 

4 სექტემბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა,  გიორგი გაბუნიამ, შუადღის ეთერში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ დაპირისპირებებსა და არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაზე ისაუბრა. გაბუნიამ აღნიშნა, რომ მან თანამშრომლებს არხის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლება აუწყა, რამაც მათი კმაყოფილება გამოიწვია. გაბუნიას ინტერვიუ ოპოზიციის წინააღმდეგ ანონიმურად მოქმედი გვერდებისთვის დაცინვის საფუძველი გახდა.

 

ოპოზიციის დადანაშაულება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების საწინააღმდეგოდ მოქმედებაში 

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოახლოვების პარალელურად, სოციალურ მედიაში გავრცელდა გზავნილი, რომ ოპოზიციის ნაწილი სტატუსის მიღების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. პროსახელისუფლებო ექსპერტებისა თუ მმართველი პარტიის ცალკეული წევრების მსგავსი განცხადებები ცრუ მედიის ტაქტიკით მოქმედ გვერდებზე ვრცელდებოდა.

 

მოგვიანებით  „POSTV-ანალიტიკამ” და ოპოზიციის წინააღმდეგ ანონიმურად მოქმედმა გვერდმა - „პოლიტიკური აბსურდი“ ვიდეო გაავრცელეს, რომელშიც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებ „მეხუთე კოლონად” მოიხსენიებდნენ და კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ მოქმედებაში სდებდნენ ბრალს. ორივე გვერდზე ვიდეო დარეკლამებული იყო. „POSTV-ანალიტიკის” ფეისბუქგვერდის აღნიშნული პოსტი, სავარაუდოდ, მმართველ გუნდთან დაკავშირებულმა არაავთენტური ანგარიშების ქსელმაც გააზიარა.  

 

 

კახა კალაძის საწინააღმდეგო პოსტები დედაქალაქში უხვი ნალექით გამოწვეული ზარალის გამო 

29 აგვისტოს თბილისში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქუჩები, სახლები და სარდაფები; წაიქცა ხეები, რამაც ელექტროსადენები დააზიანა; რამდენიმე უბანში ქვათაცვენა დაფიქსირდა. შექმნილი ვითარების გამო საზოგადოების ნაწილმა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გააკრიტიკა. კალაძის მადისკრედიტირებელი, მათ შორის, შეურაცხმყოფელი პოსტები ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ ანონიმურ გვერდებზეც გამოქვეყნდა. გვერდებზე, ძირითადად, სარკასტული შინაარსის ფოტომანიპულაციები ვრცელდებოდა. 

 

 

ყოველკვირეული მიმოხილვის შესახებ     

სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები” ყოველკვირეულ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს იმ გზავნილებს, რომლებიც ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებს, კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში (მეტნაკლებად) ვირუსულად ცირკულირებს და მის გავრცელებაში ერთზე მეტი აქტორი, ანგარიში თუ გვერდია ჩართული. რიგ შემთხვევებში, წარმოდგენილია კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალინტერაქციული პოსტები.    

მონაცემთა დამუშავებისთვის ორგანიზაცია იყენებს ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტ Crowdtangle-ს და ეყრდნობა დისკრედიტაციულ კამპანიებში ჩართული გვერდების/ანგარიშების არსებულ განახლებად ბაზას. გვერდები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე www.disinfoobserver.ge    

     

ამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. მოცემული პუბლიკაცია ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.