დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები

ფეისბუქზე გავრცელებული დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები 28 მარტი - 10 აპრილი

ქართველი მოსამართლეების დასანქცირების შემდეგ აშშ-ის და მისი ელჩის, კელი დეგნანის დისკრედიტაცია   

5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა (აშშ) საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს, კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო, სანქციები დაუწესა. აᲛის შემდეგ ანონიმურად მოქმედ ფეისბუქგვერდებზე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მადისკრედიტირებელი პოსტები გამოქვეყნდა, რომლებშიც მას დამცინავი ტერმინოლოგიით მოიხსენიებდნენ. ამასთანავე, აშშ-ის საელჩო წინა და მოქმედი ხელისუფლების მიმართ გავრცელებული განცხადებების გამო ორმაგ სტანდარტებში იყო დადანაშაულებული. აღნიშნულ თემაზე აქტიურად ვრცელდებოდა პოსტები „POSTV ანალიტიკის’’ ფეისბუქ გვერდზეც, მათ შორის იყო ხელისუფლების წარმომადგენლების, ე.წ. „ხალხის ძალისა” და უშუალოდ დასანქცირებულ მოსამართლეთა განცხადებებიც. პროსახელისუფლებო გვერდები აშშ-ს ქართულ სასამართლოზე გავლენის მოპოვებისა და „ქვეყნის სუვერენინტეტის შერყევის“ მცდელობაში სდებდნენ ბრალს. გარდა ამისა, აშშ-ის ხელისუფლებას ისინი პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში ადანაშაულებდნენ. ეს აქტორები სანქციების დაწესებას აშშ-ის მოქალაქის, მარშალ ქომინსის საქართველოში არშემოშვებას უკავშირებდნენ, რომელიც, მათი მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრანკლინის კლუბის“ ტრენერია. 

 

 

Ხელისუფლების და სანქცირებული მოსამართლეების საწინააღმდეგო გზავნილები  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების ნაწილისთვის სანქციების დაწესების შემდგეგ ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე ფოტომანიპულაციები გავრცელდა. დამცინავი პოსტერები ეხმიანებოდა როგორც სანქცირებულ მოსამართლეთა რეაქციებს, ისე მმართველი ძალის წარმომადგენელთა მიერ გაკეთებულ განცხადებებს. 

 

 

ლაზარე გრიგორიადისის მადისკრედიტირებელი კამპანია 

31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ  ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებსა და ოპოზიციის მადისკრედიტირებელ ანონიმურ გვერდებზე, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების პარალელურად, დაკავებული ახალგაზრდის საწინააღმდეგო კამპანია მიმდინარეობდა. 

ანონიმურად მოქმედი გვერდები ლაზარე გრიგორიადისს „რუსთაველის გადამწველს“ უწოდებდნენ, აქციიდან კადრებს აქვეყნებდნენ და უპირისპირდებოდნენ საზოგადოების ნაწილში გავრცელებულ მოსაზრებას, რომ აქტივისტი პოლიტპატიმარია. ამასთანავე, გავრცელებული პოსტებით მიუთითებდნენ, თითქოს დაკავებული „მოძალადისგან” ოპოზიცია გმირის შექმნას ცდილობს. დაკავებულის საწინააღმდეგო გზავნილები ჰომოფობიურ კონტექსტშიც ვრცელდებოდა. 

პროსახელისუფლებო ფეისბუქგვერდებზე, მათ შორის POSTV-ის გვერდზე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაზარე წარსულში მამაზე ძალადობის გამო იყო ნასამართლევი. ანონიმურად მოქმედ გვერდებზე „იმედის კვირის“ სიუჟეტის ფრაგმენტი ვრცელდებოდა, დაკავებულის მადისკრედიტირებელი აღწერით.  

ანონიმურად მოქმედგვერდებ ტვ იმედის” გადაცემის, ქრონიკის ეთერში გასულ მიმოწერის სურათებსაც აქვეყნებდნენ, რომელშიც, სიუჟეტის მიხედვით, 7-8 მარტის აქციის მონაწილეების მიმოწერაა ასახული. Სქრინშოების გამოქვეყნებით პროსახელისუფლებო მედიასაშუალება და ანონიმური გვერდები ამტკიცებდნენ, რომ კონკრეტული პირები აქციაზე „გადატრიალებისთვის ემზადებოდნენ“. მავშინაარსის პოსტი რეკლამის სახით გაზიარდა პროსახელისუფლებო ცრუ მედიის გვერდზე - PrimeNews.ge 

 

„POSTV - ახალი ამბების“ გვერდზე ლაზარე გრიგორიადისის საწინააღმდეგო კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართული მმართველი პარტიის, „ქართული ოცნებისა“ და ე.წ. ხალხის ძალის“ წარმომადგენლები, აგრეთვე, პროსახელისუფლებო ექსპერტები. გავრცელებული გზავნილებით, ისინი დაკავებული ახალგაზრდის ოპოზიციურ პარტიებთან აფილაციას უსვამდნენ ხაზს და მის დასჯას უჭერდნენ მხარს; გარდა ამისა, ისინი მის დისკრედიტაციას ქსენოფობიური და ჰომოფობიური გზავნილებით ცდილობდნენ.  

 

თავრობის ადმინისტრაციის წინ გამართულ ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მისვლის გამო ე.წ. „ხალხის ძალის“ და პროსახელისუფლებო ექსპერტების კრიტიკის ობიექტი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გახდა. მისი საწინააღმდეგო პოსტები ანონიმურად მოქმედ გვერდებზეც გამოქვეყნდა.  

სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაცია პარლამენტში გაკეთებული მოხსენების შემდეგ 

31 მარტს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტში ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა. პრეზიდენტი კრიტიკულად გამოეხმაურა ხელისუფლების ბოლოდროინდელ მოქმედებებს, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიზანთან დაპირისპირებულად მოიხსენია და ქვეყანაში „ქართული ოცნების” ერთპარტიული მმართველობის გაძლიერებაზე მიუთითა. მოხსენების შემდეგ ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მოქმედ ანონიმურ გვერდებზე გამოქვეყნდა ზურაბიშვილის მადისკრედიტირებელი პოსტები, რომელშიც პრეზიდენტის მოხსენებისას დაშვებულ გრამატიკულ შეცდომებზე მიუთითებდნენ. გვერდზე „არქივი - Archive” სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუდან ფრაგმენტიც გამოქვეყნდა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს შეეხებოდა.  

 

Პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პროსახელისუფლებო ექსპერტების, „ქართული ოცნებისა” და ე.წ. „ხალხის ძალის“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებები „POSTV ანალიტიკის“ და „POSTV - ახალი ამბების“ გვერდბზე ვრცელდებოდა. გზავნილების ნაწილში ზურაბიშვილი „უცხო ქვეყნის აგენტად“ იყო მოხსენიებული. მას პოლარიზაციის გაღრმავებაშიც სდებდნენ ბრალს.  

 

 

Ჰიპ-ჰოპ შემსრულებლების სიმღერის საშუალებით ხელისუფლების დისკრედიტაცია 

ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე, „IV დასი”-ს სახელით ცნობილი ჰიპ-ჰოპ შემსრულებლების სიმღერიდან „ჩემი ხალხი" ამოჭრილი კონკრეტული მონაკვეთი ვრცელდებოდა. აღნიშნული ნაწყვეტი, მარტში რუსულ კანონთან დაკავშირებით განვითარებულ  პროცესებსა და ხელისუფლების მიმართ მწვავე კრიტიკას შეეხებოდა. 

 

ლევან იოსელიანის დამცინავი ფოტომანიპულაციები 

ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ ანონიმურ გვერდებზე ახლადარჩეული სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის, დაცინვა ფოტომანიპულაციების საშულებით ხდებოდა. გვერდები ირიბად ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე მის არაეფექტურ რეაგირებაზე მიუთითებდნენ.  

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართული აქციისა და ლევან ხაბეიშვილის დამცინავი პოსტები 

9 აპრილს რუსთაველის გამზირზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია სახელწოდებით „ერთად ევროპაში“ გაიმართა. პროსახელისუფლებო და ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედი ანონიმური ფეისბუქგვერდების მხრიდან აქციის მადისკრედიტირებელი გზავნილები გავრცელდა. გამოქვეყნებულ პოსტებში სიტყვით გამომსვლელებს დასცინოდნენ და ხალხის სიმცირეზე აპელირებდნენ. ლევან ხაბეიშვილის დამცინავი პოსტები მას შემდეგაც გამოქვეყნდა, რაც მან აქციის დაწყებამდე ფეისბუქის პროფილზე უნგრელი პოეტის, შანდორ პეტეფის, ლექსიდან ამონარიდი გააზიარა. იდენტურ თემაზე ვრცელდებოდა გზავნილები ,,POSTV ანალიტიკის” ფეისბუქ გვერდზეც.  

  

 

 

 

 

ყოველკვირეული მიმოხილვის შესახებ 

სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები” ყოველკვირეულ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს იმ გზავნილებს, რომლებიც ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებს, კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში (მეტნაკლებად) ვირუსულად ცირკულირებს და მის გავრცელებაში ერთზე მეტი აქტორი, ანგარიში თუ გვერდია ჩართული. რიგ შემთხვევებში წარმოდგენილია კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალინტერაქციული პოსტები. 

მონაცემთა დამუშავებისთვის ორგანიზაცია იყენებს ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტ Crowdtangle-ს და ეყრდნობა დისკრედიტაციულ კამპანიებში ჩართული გვერდების/ანგარიშების არსებულ განახლებად ბაზას. გვერდები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე www.disinfoobserver.ge 

  

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება დემოკრატიის ევროპული ფონდის (EED) მხარდაჭერით. მოცემული პუბლიკაცია ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.