ფეისბუქზე გავრცელებული დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები: 5-18 ივლისი
მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო გზავნილები პირადი ცხოვრების შესახებ გავრცელებულ განცხადებებსა და პოლონელი ექიმის მიერ მისი ბიოლოგიური ნიმუშის მალულად გამოტანასთან დაკავშირებით
მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი შვილებისა და პირადი ცხოვრების შესახებ განცხადებები გაავრცელა, ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ ანონიმურ გვერდებზე მისი დამცინავი პოსტები გამოქვეყნდა.
14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა დაწესებულებამ გაავრცელა განცხადება, რომ პოლონელი ექიმი „ვივამედში” სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ მისგან აღებული ნიმუშის გატანას მალულად, ფეხსაცმლის მეშვეობით, ცდილობდა. ანონიმურად მოქმედ გვერდებზე ამასთან დაკავშირებით სააკაშვილის გაშარჟება ხდებოდა. გვერდებზე მოცემულ თემაზე შექმნილი ფოტომანიპულაციებიც გამოქვეყნდა.
ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის სხვა მაღალჩინოსნების მადისკრედიტირებელი გზავნილები
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, საწინააღმდეგო გზავნილები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მან საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებისკენ მოუწოდა და საქართველოს ელჩს კონსულტაციებისთვის ქვეყნის დროებით დატოვება შესთავაზა. ოპოზიციის წინააღმდეგ ანონიმურად მოქმედ გვერდებზე ზელენსკის შეურაცხმყოფელი ვიდეოები გამოქვეყნდა. ამასთანავე, გავრცელდა უკრაინის დროშების ჩამოხსნის მოწოდებაც.
ზელენსკისთან ერთად, გვერდები სხვა უკრაინელ მაღალჩინოსნებსაც სდებდნენ ბრალს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილში. „ხალხის ძალის” წევრები აღნიშნავდნენ, რომ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებებისა და ელჩის გაწვევის მიზანი სწორედ საქართველოს ომში ჩართვა იყო.
პროსახელისუფლებო და ანონიმურად მოქმედი აქტორების ფეისბუქგვერდებზე NATO-ს ვილნიუსის სამიტიდან ზელენსკის ფოტო მისი დისკრედიტაციის მიზნით გავრცელდა. ანონიმური გვერდები, ექსპერტები და „ხალხის ძალის” წევრები მიუთითებდნენ, რომ ზელენსკი დასავლეთმა, მათ შორის, NATO-მ გამოიყენა, შემდეგ კი მიატოვა. "POSTV - ანალიტიკის" ფეისბუქგვერდმა ფოტომანიპულაციაც გაავრცელა, თითქოს იენს სტოლტენბერგი ვოლოდიმირ ზელენსკის ხელს არ ართმევდა.
დავით არახამიასა და ნიკა გვარამიას შეხვედრის შემდეგ ანონიმურად მოქმედ გვერდებზე მათი მადისკრედიტირებელი პოსტები, მათ შორის, ფოტომანიპულაციები გავრცელდა.
„რადიო თავისუფლების”, „აჭარანეტისა” და „მთავარი არხის” დადანაშაულება „ლგბტ პროპაგანდაში”, პრაიდ ფესტივალის საწინააღმდეგო გზავნილები
6 ივლისს ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედმა ანონიმურმა გვერდებმა გამოაქვეყნეს ინტერვიუების ვიდეოკოლაჟი, რომელშიც ქვიარ თემის წარმომადგენლები „რადიო თავისუფლებასთან” საკუთარ გამოცდილებასა და სირთულეებზე საუბრობენ. გვერდებმა „რადიო თავისუფლება” „ლგბტ პროპაგანდის” გავრცელებაში დაადანაშაულეს. 13 ივლისს გვერდებზე „ლგბტ პროპაგანდაში" „მთავარ არხსაც" დასდეს ბრალი და გაავრცელეს შუადღის ეთერიდან ვიდეო, რომელშიც მაიმუნების ქცევაზეა საუბარი. რამდენიმე დღის შემდეგ, 17 ივლისს, ანონიმური გვერდების სამიზნე „აჭარანეტის” ვებსაიტიც გახდა. იგი პროპაგანდაში იმის გამო დაადანაშაულეს, რომ ანიმაცია „ნიმონა”, რომელშიც ქვიარ თემატიკაც ფიგურირებს, თარგმნა და საკუთარ პლატფორმაზე განათავსა. აღნიშნული ვიდეო ამავე გზავნილით „POSTV ანალიტიკის” გვერდმაც გამოაქვეყნა.
პრაიდ ფესტივალის გარშემო განვითარებული მოვლენების პარალელურად, ფეიბუქგვერდებზე ფესტივალის ორგანიზატორებისა და ქვიარ თემის წარმომადგენლების მადისკრედიტირებელი პოსტებიც ქვეყნდებოდა. პოსტები ჰომოფობიურ გზავნილებსა და ტერმინოლოგიას მოიცავდა. ამასთანავე, ვატო შაქარიშვილის მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა” ფეისბუქპოსტებში აღნიშნავდა, რომ მხარდამჭერებთან ერთად „Lisi Wonderland-ის” მიმდებარედ შეკრებასა და პრაიდ ფესტივალის ჩაშლას გეგმავდა.
პროსახელისუფლებო აქტორები პრაიდ ფესტივალის ჩატარების ინტერესს, სიტუაციის არევის მიზნით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” აკავშირებდნენ. 7 ივლისს ტელეკომპანია „POSTV-მ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფესტივალისთვის დათმობილი ტერიტორიის მეწილე გიორგი რურუაა. პოსტში ეწერა, რომ რურუამ „თბილისი პრაიდს” ხსენებული ტერიტორია დროებით სარგებლობაში ერთპიროვნულად გადასცა, რამაც თანამფლობელებს შორის უთანხმოება გამოიწვია. ტელევიზიამ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რურუა მეწილეებს აშანტაჟებდა და მოითხოვდა, არ ჩაშლილიყო ფესტივალი. ამასთანავე, პოსტში ეწერა, რომ რურუა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სხვა ლიდერების დავალებით მოქმედებდა.
ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ხალხის ძალის” წევრები და პროსახელისუფლებო ექსპერტებიც გამოეხმაურნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” სამოქალაქო დაპირისპირება და სისხლისღვრა სურდა და ეროვნულ და რელიგიურ ღირებულებებს უპირისპირდებოდა.
ხელისუფლებისა და შსს-ს საწინააღმდეგო პოსტები პრაიდ ფესტივალის ჩაშლის შემდეგ
8 ივლისს ლისის საფესტივალო ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის” მიერ ორგანიზებული პრაიდ ფესტივალი იყო დაგეგმილი. მანამდე ძალადობრივი და პრორუსული ჯგუფი „ალტ-ინფო” ფესტივალის ჩასაშლელად ხალხისა და რესურსების მობილიზებისთვის სოციალური მედიის პლატფორმებს იყენებდა. ფესტივალის დღეს პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების მიუხედავად, ძალადობრივ ჯგუფებს საფესტივალო ტერიტორიაზე მისვლის საშუალება მაინც მიეცათ. ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ ანონიმურ გვერდებზე ფესტივალის ჩაშლის შემდეგ ვრცელდებოდა მოსაზრება, რომ ხელისუფლება და „ალტ-ინფო” კოორდინირებულად მოქმედებდნენ და შსს-მ ძალადობრივ ჯგუფებს წინააღმდეგობა განზრახ არ გაუწია.
ირაკლი ღარიბაშვილის გაშარჟება ლენტეხსა და ცაგერში ვიზიტის შემდეგ
ლენტეხსა და ცაგერში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ვიზიტის შემდეგ ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ ანონიმურ გვერდებზე მისი დამცინავი პოსტები გამოქვეყნდა. პოსტების ნაწილი შეეხებოდა ღარიბაშვილის მიერ ლენტეხში მჟავე წყლის ტერიტორიის დათვალიერებას, ნაწილი კი ცაგერში მოსახლეობასთან შეხვედრას.
ყოველკვირეული მიმოხილვის შესახებ
სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები” ყოველკვირეულ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს იმ გზავნილებს, რომლებიც ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებს, კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში (მეტნაკლებად) ვირუსულად ცირკულირებს და მის გავრცელებაში ერთზე მეტი აქტორი, ანგარიში თუ გვერდია ჩართული. რიგ შემთხვევებში, წარმოდგენილია კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალინტერაქციული პოსტები.
მონაცემთა დამუშავებისთვის ორგანიზაცია იყენებს ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტ Crowdtangle-ს და ეყრდნობა დისკრედიტაციულ კამპანიებში ჩართული გვერდების/ანგარიშების არსებულ განახლებად ბაზას. გვერდები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე www.disinfoobserver.ge
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. მოცემული პუბლიკაცია ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.