დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები

ფეისბუქზე გავრცელებული დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები: 6-18 ოქტომბერი

სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაცია მის მიერ კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხის განხილვის შემდეგ 

16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი დაადგინა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ფეისბუქზე სალომე ზურაბიშვილის მადისკრედიტირებელი გზავნილები მნიშვნელოვნად გააქტიურდა. კერძოდ, ოპოზიციის წინააღმდეგ ანონიმურად მოქმედმა გვერდებმა პრეზიდენტის წინააღმდეგ ვიდეოები გამოაქვეყნეს, რომლებიც მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების” მხარდამჭერ და ანტიოპოზიციურ ჯგუფებში სხვადასხვა ანგარიშის მიერ კოორდინირებულად გავრცელდა. ზურაბიშვილის საწინააღმდეგოდ გვერდებზე ფოტომანიპულაციებიც ვრცელდებოდა.

18 ოქტომბერს პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხის განხილვას პრეზიდენტიც დაესწრო და დეპუტატებს სიტყვით მიმართა. ანონიმურად მოქმედმა გვერდებმა მიმართვის ვიდეოფრაგმენტები ზურაბიშვილის დისკრედიტაციის მიზნით გამოაქვეყნეს. გვერდები რუსეთთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეცვლილ რიტორიკაზე მიუთითებდნენ. გვერდზე „აგენტურა” ზურაბიშვილის დამამცირებელი ფოტომანიპულაციაც გავრცელდა.

მიხეილ სააკაშვილის გაშარჟება ისრაელის მიმართ სოლიდარობის გამოხატვასთან დაკავშირებით 

10 ოქტომბერს, სასამართლო პროცესზე ჩართვისას, საქართველოს  ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ისრაელის მიმართ მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა. ამის საპასუხოდ ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედმა ანონიმურმა გვერდებმა - „აგენტურა” და „პოლიტიკური სამარე N5” - დამცინავი შინაარსის ფოტომანიპულაციები გაავრცელეს, რომლებიც სააკაშვილის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.

მიხეილ სააკაშვილისა და სოფო ჯაფარიძის გაშარჟება სააკაშვილის ოფისის გახსნის დაანონსების შემდეგ  

10 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა „საზოგადოებრივი ოფისის“ გახსნა დააანონსა, რომლის ხელმძღვანელიც ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სოფო ჯაფარიძე, იქნებოდა. როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, ოფისის ძირითადი მისია და მიზანია საზოგადოებაში პროდასავლური პოლიტიკური კურსის გატარება, რისთვისაც ადგილზე მისვლა და კონსულტაციის გავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აღნიშნულის შემდეგ ანონიმურად მოქმედმა გვერდებმა ჯაფარიძისა და სააკაშვილის საწინააღმდეგო პოსტები გაავრცელეს. ანტიოპოზიციურმა გვერდებმა - „აგენტურა” და „არ აგარევინებთ” - ჯაფარიძისა და სააკაშვილის დამცინავი ვიდეოები გამოაქვეყნეს. ამასთანავე, აღნიშნული პოსტები საეჭვო ანგარიშებმა სხვადასხვა ფეისბუქჯგუფში კოორდინირებულად გაავრცელეს. 

ფოტომანიპულაციები ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტის შემდეგ  

10 ოქტომბერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, შეხვდა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ვიზიტის დროს საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა შედგა და უნგრულმა და ქართულმა მხარეებმა ხელი მემორანდუმს მოაწერეს. ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ ანონიმურ გვერდებზე - „ლურჯი ვირი”, „თანამოაზრეთა გაერთიანება - საქართველო”, „პოლიტიკური ვექტორი” - ღარიბაშვილისა და ორბანის შეხვედრის შემდეგ დამცინავი ფოტომანიპულაციები გამოქვეყნდა. 

 

ყოველკვირეული მიმოხილვის შესახებ     

სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები” ყოველკვირეულ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს იმ გზავნილებს, რომლებიც ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებს, კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში (მეტნაკლებად) ვირუსულად ცირკულირებს და მის გავრცელებაში ერთზე მეტი აქტორი, ანგარიში თუ გვერდია ჩართული. რიგ შემთხვევებში, წარმოდგენილია კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალინტერაქციული პოსტები.    

მონაცემთა დამუშავებისთვის ორგანიზაცია იყენებს ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტ Crowdtangle-ს და ეყრდნობა დისკრედიტაციულ კამპანიებში ჩართული გვერდების/ანგარიშების არსებულ განახლებად ბაზას. გვერდები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე www.disinfoobserver.ge    

     

ამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. მოცემული პუბლიკაცია ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.