ფეისბუქზე გავრცელებული დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები 7-20 ივნისი
თემურ ჭყონიასა და „მაკდონალდსის” მადისკრედიტირებელი კამპანია ჰომოფობიურ კონტექტში
12 ივნისს პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა და ფეისბუქზე ანონიმურად მოქმედმა გვერდებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „მაკდონალდსის" „ჰეფი მილის" საოჯახო მენიუში საჩუქრად გამოჩნდა წიგნი, რომელშიც ელტონ ჯონის პირად ურთიერთობაზეა მოთხრობილი. მედიასაშუალებებმა აღნიშნული ინფორმაცია აუდიტორიას ჰომოფობიურ კონტექსტში მიაწოდეს და ბიზნესმენ თემურ ჭყონიასა და მისი შვილის წინააღმდეგ ამავე შინაარსის კამპანია დაიწყეს. ისინი „მაკდონალდსსა” და ჭყონიებს ბავშვებში „ლგბტ პროპაგანდის” გავრცელებაში სდებდნენ ბრალს. ანონიმურად მოქმედი გვერდები ხაზს უსვამდნენ, რომ სწორედ ჭყონია ასპონსორებს ოპოზიციურ მედიასაშუალებებს. ამავე გვერდებზე ჰომოფობიურ კონტექსტში თემურ ჭყონიას საწინააღმდეგო ფოტომანიპულაციებიც გავრცელდა.
„ლგბტ პროპაგანდა" უწოდეს „ჰეფი მილის" სასაჩუქრე წიგნს მთავრობის წევრებმაც. მამუკა მდინარაძის მიერ გავრცელებული განცხადებით, ეს პატარა ასაკიდან თემის შემოპარებაა", რაც დამაზიანებელია და არა უმცირესობების უფლებების დაცვა, არამედ პროპაგანდაა. ჭყონიასა და „მაკდონალდსს” ღირებულებებთან დაპირისპირებულად წარმოაჩენდნენ „ქართული ოცნებისგან” ფორმალურად გამოყოფილი მოძრაობა „ხალხის ძალის” წევრებიც.
ზურაბ ჯაფარიძისა და „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის” ბანაკის მადისკრედიტირებელი პოსტები
17 ივნისს ბორჯომში „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის“ ბანაკს ძალადობრივი ჯგუფები დაესხნენ თავს. გორში თავდასხმა მოხდა პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეზეც, რომელიც ბორჯომში, ბანაკში, მიდიოდა. ფეისბუქზე ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მოქმედმა ანონიმურმა გვერდებმა თავდასხმის გამამართლებელი და წამახალისებელი პოსტები გაავრცელეს. ანონიმურ გვერდებზე აღნიშნული მოვლენების გამომწვევად თავად ზურაბ ჯაფარიძეს ასახელებდნენ და ძალადობრივ ქმედებას „ქართველი ახალგაზრდების გარყვნისთვის და პატრიარქის გინებისთვის” ბორჯომელების პასუხად წარმოაჩენდნენ.
ანონიმურად მოქმედი გვერდების მსგავსი გზავნილები ჰქონდათ პროსახელისუფლებო აქტორებს, მათ შორის, ექსპერტებს და „ხალხის ძალის” წევრებსაც. ისინი, ერთი მხრივ, გმობდნენ ძალადობას, თუმცა, მეორე მხრივ, აცხადებდნენ, რომ საზოგადოებაში „ლიბერალი ფაშისტების” მიუღებლობაა და ძალადობრივი მოქმედება აღელვებული მოსახლეობის პასუხი იყო. მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა" კი აცხადებდა, რომ აღნიშნული ტრენინგის მიზანი რევოლუციისთვის არასრულწლოვნების მომზადება, ქვეყნის წინააღმდეგ მათი წაქეზება და მოწამლვა იყო.
ლევან ხაბეიშვილის გაშარჟება საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან გამოქვეყნებულ ფოტოებსა და გურჯაანში, სტიქიის ზონაში, ვიზიტთან დაკავშირებით
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში საკუთარი ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტშია გადაღებული. ამის შემდეგ ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მოქმედ ანონიმურ გვერდებზე ხაბეიშვილის დამცინავი პოსტები გავრცელდა. ხაბეიშვილი აღნიშნულმა გვერდებმა მას შემდეგაც გააშარჟეს, რაც განაცხადა, რომ გურჯაანში ვითარება პირად კონტროლზე აჰყავდა და სტიქიის ზონაში ჩავიდა.
აშშ-ის საელჩოსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საწინააღმდეგო გზავნილები
ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ ანონიმურ გვერდებზე გავრცელდა ე.წ. Gen Z თაობისთვის განკუთვნილი ვიდეორგოლები, რომლებიც მათ არწმუნებდა, რომ აშშ-ის საელჩო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საშუალებით ახალგაზრდებს მართავს და სხვადასხვა ხერხით პოლიტიკურ პროცესში რთავს. ვიდეორგოლებში აღნიშნული იყო, რომ ახალგაზრდა თაობისთვის აშშ სხვადასხვა თემას იგონებს, რომლებსაც შემდეგ პროტესტი უნდა მოჰყვეს. აქვე აღნიშნულია, რომ აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს კოორდინირებას უწევს და მათ სოციალურ ქსელებსა თუ ტელევიზიებში სასურველი გზავნილების გავრცელებას ავალებს. ვიდეოებში ნათქვამი იყო, რომ ეს ორგანიზაციები ახალგაზრდებამდე მისასვლელად ცნობად, თაობისთვის ავტორიტეტულ პირებს იყენებენ, რომლებიც სოციალურ ქსელებში აქტიურობენ და სასურველ გზავნილებს ავრცელებენ.
ვიდეოებში ასევე, ხაზგასმული იყო, რომ მარტის პროტესტი, რომელიც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონს მოჰყვა, სწორედ ამერიკელი დამფინანსებლებისგან იყო დაკვეთილი. ამასთანავე, ვიდეორგოლებში მიუთითებდნენ, რომ რუსეთი ქვეყნის მტერია, თუმცა, შესაძლოა, აშშ-საც სურს თავისუფლების წართმევა.
ანონიმურ გვერდებზე მოგვიანებით კიდევ ერთი ვიდეორგოლი გავრცელდა. მასში საუბარი იყო ახალგაზრდაზე, რომელსაც საზოგადოებაში თვითდამკვიდრება და თანხის გამომუშავება სურს და ამისთვის საზოგადოებრივ ორგანიზაციაში მუშაობასა და საპროტესტო აქციებზე სიარულს იწყებს. ვიდეო ჰომოფობიურ გზავნილებსაც შეიცავდა.
პარალელურად, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, დაიწყო წერილების გამოქვეყნება, რომლებშიც ოპოზიციურ სპექტრს, ცალკეულ მედიასაშუალებებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, გარე ძალების დაფინანსებით, ქვეყნის „აყირავების სქემაში” ჩართულობაში სდებდა ბრალს. ქართველიშვილი აშშ-ის საელჩოს ამ ორგანიზაციების მართვაში ადანაშაულებდა, მათ შორის, 2023 წლის მარტის აქციების დროს.
ქართველიშვილი ღიად დაესხა თავს აშშ-ის საელჩოს და აცხადებდა, რომ მომავალში ის ქვეყანაში კონკრეტულ ნაბიჯებს გეგმავს. მათ შორის, ქართველიშვილის თქმით, ქვეყანაში „რუსული კანონების სტიგმის ეგიდით” არასასურველი კანონები და რეფორმები დაიბლოკება. ამასთანავე, ქართველიშვილი აშშ-ს ბრალს სდებდა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების შეფერხების, მოგვიანებით კი ქვეყანაში ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური აქციების ორგანიზების დაგეგმვაში.
20 ივნისს „ხალხის ძალა” კიდევ ერთხელ ღიად დაესხა თავს კელი დეგნანს და იგი „ანტიეროვნული, ანტიეკლესიური და აგრესიული ლიბერალ-ფაშისტური ორგანიზაციების” დაფინანსებასა და პოლარიზაციის გაღვივებაში დაადანაშაულა.
პარლამენტში საპროტესტო პერფორმანსის შემსრულებელი მოქალაქის საწინააღმდეგო გზავნილები
14 ივნისს პარლამენტის სასესიო დარბაზში მოქალაქემ პროტესტის ნიშნად „ქართული ოცნების" დეპუტატებს რუსული რუბლები გადმოაყარა და ბანერი გადმოფინა წარწერით „არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას დაოჯახებულებისგან". პერფორმანსის შემდეგ ანონიმურად მოქმედმა გვერდებმა და პროსახელისუფლებო აქტორებმა ამ მოქალაქის მადისკრედიტირებელი გზავნილები გაავრცელეს. აღსანიშნავია, რომ პროსახელისუფლებო ექსპერტმა, ლევან ნიკოლეიშვილმა მას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დავალებით მოქმედებაში დასდო ბრალი, ანონიმურად მოქმედმა გვერდებმა კი კოორდინირებულად, ანალოგიური ტექსტით გაავრცელეს მადისკრედიტირებელი პოსტები.
ლევან იოსელიანის საწინააღმდეგო პოსტები როინ მეტრეველზე სიუჟეტის შესახებ გავრცელებული სტატუსის შემდეგ
11 ივნისს ტელეკომპანია „მთავარ არხზე" გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ჟურნალისტი ბექა ყორშია მეცნიერებათა აკადემიის ახლადდანიშნულ პრეზიდენტს, როინ მეტრეველს, დაუკავშირდა და პრემიერ-მინისტრისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა. აღნიშნული სიუჟეტის გამო საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, ყორშია ფეისბუქსტატუსით გააკრიტიკა. ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მოქმედ ანონიმურ გვერდებზეამ სტატუსის გამო ლევან იოსელიანის საწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელი პოსტები გამოქვეყნდა.
ყოველკვირეული მიმოხილვის შესახებ
სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები” ყოველკვირეულ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს იმ გზავნილებს, რომლებიც ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებს, კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში (მეტნაკლებად) ვირუსულად ცირკულირებს და მის გავრცელებაში ერთზე მეტი აქტორი, ანგარიში თუ გვერდია ჩართული. რიგ შემთხვევებში წარმოდგენილია კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალინტერაქციული პოსტები.
მონაცემთა დამუშავებისთვის ორგანიზაცია იყენებს ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტ Crowdtangle-ს და ეყრდნობა დისკრედიტაციულ კამპანიებში ჩართული გვერდების/ანგარიშების არსებულ განახლებად ბაზას. გვერდები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე www.disinfoobserver.ge
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. მოცემული პუბლიკაცია ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.