ფეისბუქზე გავრცელებული დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები: 7-21 სექტემბერი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერების გაშარჟება მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ
16 სექტემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები წყალტუბოს რაიონის ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ. ანონიმურად მოქმედმა გვერდებმა პარტიის ლიდერების გაშარჟების მიზნით შეხვედრის ამსახველი ფოტომასალით შექმნილი ფოტომანიპულაციები გაავრცელეს. გვერდმა „აგენტურა” აღნიშნული ფოტომანიპულაციები აქტიურად დაარეკლამა.
აშშ-ის საელჩოს დადანაშაულება ქართველი ახალგაზრდების მართვაში
ანონიმურად მოქმედ გვერდებზე გამოქვეყნებულ პოსტებში ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ახალგაზრდების მართვის მცდელობაში იყო დადანაშაულებული. კერძოდ, პოსტებში საუბარი იყო იმ სქემაზე, რომლითაც აშშ და მისი საელჩო Gen Z თაობის მართვას, გზავნილების მასობრივად გავრცელებასა და თაობის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს. გავრცელებული ნარატივის მიხედვით, აშშ-ის ელჩი ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს დავალებებს აძლევს, ისინი კი ახალგაზრდებისთვის ავტორიტეტულ და რეიტინგულ ფიგურებს ფულს უხდიან და მათი საშუალებით სასურველ მესიჯებს მასობრივად ავრცელებენ.
ნინო ლომჯარიასა და „საქართველოს ევროპული ორბიტის” მადისკრედიტირებელი პოსტები
მას შემდეგ, რაც ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა" დაფუძნდა, პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებისა და ანონიმურად მოქმედი გვერდების მხრიდან მოძრაობისა და მისი ლიდერების საწინააღმდეგო გზავნილები გავრცელდა. 7 სექტემბერს „იმედმა" და „POSTV-მ" გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ახალი პლატფორმა ნინო ლომჯარიამ „ღია საზოგადოების ფონდი საქართველოს” დაფინანსებით შექმნა. ოპოზიციის წინააღმდეგ ანონიმურად მოქმედმა გვერდებმა პლატფორმისა და ნინო ლომჯარიას საწინააღმდეგო პოსტების გამოქვეყნება დაიწყეს და დამფინანსებლის შესახებ ინფორმაცია პლატფორმის დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს. გვერდები ლომჯარიას „გლობალური ომის პარტიაშიც” მოიაზრებდნენ.
ლომჯარიას საწინააღმდეგო გზავნილები „ქართული ოცნების" ლიდერებმა, ირაკლი კობახიძემ და მამუკა მდინარაძემაც გაავრცელეს. კობახიძემ ლომჯარია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" დააკავშირა, მდინარაძის განცხადებით კი ლომჯარიამ სახალხო დამცველის პლატფორმა პოლიტიკური იმიჯის შექმნისთვის გამოიყენა და ახლაც მისი მიზანი პოლიტიკაში წასვლაა.
ოპოზიციონერი დეპუტატების საწინააღმდეგო გზავნილები პარლამენტში დაპირისპირების შემდეგ, საპროტესტო აქციის დისკრედიტაცია
20 სექტემბერს პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე გამოთქმულ პროტესტს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების შემდეგ ანონიმურად მოქმედ გვერდებზე ოპოზიციის წარმომადგენლების, კერძოდ, გიორგი ვაშაძის, ანა წითლიძისა და სხვა დეპუტატების მადისკრედიტირებელი პოსტები გამოქვეყნდა. ერთ-ერთ ანონიმურ გვერდზე („აგენტურა”) ქალი დეპუტატების წინააღმდეგ სექსისტური შინაარსის პოსტიც გამოქვეყნდა. მადისკრედიტირებელი პოსტების ნაწილი პარლამენტთან მოგვიანებით გამართულ საპროტესტო აქციასაც შეეხებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილის საწინააღმდეგო პოსტები მისი ოჯახის მიერ სახელმწიფო რესურსის, სავარაუდოდ, პირადი მიზნებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით
9 სექტემბერს TV პირველის ეთერში გავიდა ჟურნალისტური გამოძიება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის მიერ სახელმწიფო რესურსის პირადი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ. რეპორტაჟი ორ სხვადასხვა ამბავს ეხება: 1. ირაკლი ღარიბაშვილმა უფროსი შვილის, ნიკოლოზ ღარიბაშვილის აშშ-ში, უნივერსიტეტში წასაყვანად სამთავრობო თვითმფრინავი გამოიყენა. 2. ირაკლი ღარიბაშვილის ცოლმა, ნუნუ თამაზაშვილმა 40 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა მაშინ, როცა წვეულებისთვის საკმარისი ფინანსები პრემიერმინისტრის ოჯახს, ოფიციალური დეკლარაციის მიხედვით, არ უნდა ჰქონოდა.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ანონიმურად მოქმედ ანტისამთავრობო გვერდებზე გამოქვეყნდა ფოტომანიპულაციები, რომლებშიც ღარიბაშვილი, მისი ცოლი და გარემოცვა იყო გაშარჟებული.
ნათია თურნავას, ეროვნული ბანკისა და ოთარ ფარცხალაძის საწინააღმდეგო პოსტები
14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, რის შემდეგაც ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა. შეზღუდვას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არაკონსტიტუციური უწოდა, რის შემდეგაც ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა. ცვლილების თანახმად, სანქცია საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. გადაწყვეტილებიდან მალევე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მრჩეველმა და სამივე მოადგილემ თანამდებობები დატოვეს. ამასთანავე, ცალკეულმა ბანკებმა განაცხადეს, რომ სებ-ის გადაწყვეტილების მიუხედავად, საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში დარჩებიან. „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ანონიმურად მოქმედ გვერდებზე ნათია თურნავას, ეროვნული ბანკისა და ოთარ ფარცხალაძის საწინააღმდეგო პოსტები გავრცელდა.
ოპოზიციის, მათთან დაკავშირებული პირებისა და დასავლეთის დადანაშაულება სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში
18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ქვეყანაში გადატრიალება იგეგმება. უწყების ცნობით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები და უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის პირები დესტაბილიზაციასა და სამოქალაქო არეულობას ამზადებენ. განცხადების მიხედვით, აღნიშნული გეგმის განხორციელება „უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით” იგეგმება.
მალევე ანონიმურად მოქმედ გვერდებზე აღნიშნული განცხადება გავრცელდა. გვერდებზე განცხადებაში მოხსენიებული პირების ფოტოები გამოქვეყნდა. პოსტებში ისინი „ქვეყნის მტრებად” და „გლობალური ომის პარტიის აგენტებად” იყვნენ მოხსენიებული და საქართველში არეულობის დაგეგმვა ედებოდათ ბრალად. პოსტებში აღნიშნული იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა და მათთან დაახლოებული პირები” ქვეყანაში დესტაბილიზაციის გზით მართვის სადავეების ხელში ჩაგდებას აპირებენ.
ამავე კონტექსტში გაძლიერდა ანტიდასავლური ნარატივები. სუს-ის ბრიფინგს მოგვიანებით ქართული ოცნებისგან გამოყოფილი „ხალხის ძალა” გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არეულობის მოწყობის მცდელობის უკან ოპოზიციის „უცხოელი პატრონები” დგანან. განცხადებაში ეწერა, რომ საქართველოში ქვეყნის არევის სცენარი ამერიკაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამოქმედდა. ქართული ოცნებისგან გამოყოფილი „ხალხის ძალის” ლიდერმა და ე.წ. რუსული კანონის ერთ-ერთმა ავტორმა, დიმიტრი ხუნდაძემ, საქართველოში, ოპოზიციის „რადიკალური ქმედებების” წაქეზებაში დასავლელი „ლობისტები” დაადანაშაულა.
ყოველკვირეული მიმოხილვის შესახებ
სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები” ყოველკვირეულ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს იმ გზავნილებს, რომლებიც ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებს, კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში (მეტნაკლებად) ვირუსულად ცირკულირებს და მის გავრცელებაში ერთზე მეტი აქტორი, ანგარიში თუ გვერდია ჩართული. რიგ შემთხვევებში, წარმოდგენილია კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალინტერაქციული პოსტები.
მონაცემთა დამუშავებისთვის ორგანიზაცია იყენებს ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტ Crowdtangle-ს და ეყრდნობა დისკრედიტაციულ კამპანიებში ჩართული გვერდების/ანგარიშების არსებულ განახლებად ბაზას. გვერდები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე www.disinfoobserver.ge
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. მოცემული პუბლიკაცია ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.