ფეისბუქზე გავრცელებული პროპაგანდისტული და დისკრედიტაციული გზავნილები 24 მაისი - 6 ივნისი
სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაცია 26 მაისის ღონისძიებაზე მიმართვის შემდეგ
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვის შემდეგ სოციალურ ქსელებში მისი მადისკრედიტირებელი გზავნილები გავრცელდა. კერძოდ, ოპოზიციის წინააღმდეგ ანონიმურად მოქმედი გვერდები ზურაბიშვილის შეურაცხმყოფელ და სექსისტური შინაარსის პოსტებს აქვეყნებდნენ. აღნიშნული გვერდები ტელეკომპანია „მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას ძველ ვიდეოსაც ავრცელებდნენ, რომელშიც ის პრეზიდენტს უპირისპირდება. ზურაბიშვილის მადისკრედიტირებელ გზავნილებს პროსახელისუფლებო ექსპერტები და მმართველი პარტიიდან ფორმალურად გამოყოფილი ჯგუფის, „ხალხის ძალის“ წევრებიც ავრცელებდნენ. ისინი ზურაბიშვილს „უსამშობლოს” უწოდებდნენ და სხვა შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით მოიხსენიებდნენ.
ცალკეული პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების „ანტიქართულ ელემენტებად” და აგენტებად მოხსენიება
ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ ანონიმურ გვერდებზე ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ცალკეული აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების საწინააღმდეგო პოსტები გამოქვეყნდა. მათ შორის იყვნენ დათო გორგილაძე, ნანკა კალატოზიშვილი, ლევან ბერძენიშვილი და ლაზარე გრიგორიადისი. პოსტებში მათ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებს უწოდებდნენ და „ანტიქართულ ელემენტებად“ მოიხსენიებდნენ. კერძოდ, ამ პირებს აშშ-სა და ევროპის მოკავშირეებად და ეროვნულ ინტერესებთან მებრძოლად წარმოაჩენდნენ. გვერდმა „პოლიტიკური სატირა / Political Satire” კვლავ წინ წამოწია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” მიღების საკითხი, „POSTV-ანალიტიკის“ გვერდზე კი გამოქვეყნდა „სქრინშოთები” „ვიკიპედიიდან”, რომელზეც სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოური გავლენის აგენტებად იყვნენ მოხსენიებული.
კელი დეგნანის დისკრედიტაცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის კონტექსტში
26 მაისის მილოცვის პოსტებს ანონიმურად მოქმედმა გვერდებმა თან დაურთეს საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის ფოტოები აღწერით „კელი დეგნანისგან დამოუკიდებლობასაც გისურვებთ”. აშშ-ის ელჩის მადისკრედიტირებელი გზავნილი გავრცელდა ანონიმური გვერდების მიერ შექმნილი მცირე ანიმაციის, „პოლიტიკური სერიალის“ მორიგ სერიაშიც. ვიდეოში ვრცელდებოდა გზავნილი, რომ კელი დეგნანი საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროტესტს აორგანიზებს და მათ მოუწოდებს, საქართველოში სხვადასხვა პროდუქტი თუ მომსახურება რუსულად წარმოაჩინონ.
ელენე ხოშტარიას საწინააღმდეგო გზავნილები რუსულ ფულთან მისი დაკავშირებით
ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედი გვერდები და პროსახელისუფლებო ექსპერტები პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას საწინააღმდეგო პოსტებს აქვეყნებდნენ. კერძოდ, ისინი ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ხოშტარიას ოჯახს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან მაისში თანხა ჩაერიცხა. პროსახელისუფლებო ექსპერტები ხოშტარიას ანტირუსული პროტესტის გამო ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებდნენ.
ოპოზიციის საწინააღმდეგო გზავნილები 26 მაისის სიმბოლიკაზე გამოთქმული კრიტიკის გამო
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პარლამენტის შენობის ფასადზე ევროკავშირის დროშის ბანერი არ იქნებოდა განთავსებული, ხელისუფლება ოპოზიციის კრიტიკის სამიზნე გახდა. 25 მაისს ოპოზიციის დეპუტატებმა პარლამენტზე ევროკავშირის დროშის განთავსება მოითხოვეს, 26 მაისის აღსანიშნავ სიმბოლიკაზე პროტესტი საზოგადოების ნაწილისგან კი სოციალურ ქსელებშიც გამოითქვა.
პროტესტის პარალელურად ანონიმურად მოქმედ გვერდებზე და პროსახელისუფლებო ექსპერტების მხრიდან ოპოზიციის საწინააღმდეგო გზავნილები გაჟღერდა. პროსახელისუფლებო ექსპერტები აცხადებდნენ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ, ეროვნული სიმბოლიკა აღიზიანებთ, უცხო ქვეყნის დავალებას ასრულებენ და ქვეყნის ომში ჩართვა სურს. „ხალხის ძალის" წევრები კი ოპოზიციას უსამშობლოებად მოიხსენიებდნენ და 2008 წელს ქვეყნის გაყიდვაში სდებდნენ ბრალს. პროსახელისუფლებო ექსპერტები 2011 წლის 26 მაისს პარლამენტთან გამართული აქციის დარბევაზეც მიუთითებდნენ. მოგვიანებით, 29 მაისს, ანონიმურმა გვერდებმა ოპოზიციის ნაწილი ხალხის იმაში დარწმუნების მცდელობაში დაადანაშაულეს, რომ რუსთაველზე მოწყობილი დეკორაციების იდეა რუსულია.
ირაკლი ღარიბაშვილის საწინააღმდეგო პოსტები
ბრატისლავაში გამართულ გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე დისკუსიაში საქართველო პრემიერ-მინისტრის. ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობის შემდეგ მთავრობის წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე მისი მაკრიტიკებელი პოსტები გააქტიურდა. პოსტები ეხებოდა ღარიბაშვილის განცხადებებს, რომელშიც ის ომის დაწყებას უკრაინის ნატოში გაწევრების სურვილს უკავშირებდა. ამასთანავე, პოსტების თემა იყო მისი განცხადება ტურბულენტურ გარემოში მთავრობის ნავიგაციაზე. ღარიბაშვილის საწინააღმდეგო პოსტები გააქტიურდა პარლამენტთან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების დაკავების შემდეგაც.
ირაკლი კობახიძის გაშარჟება 26 მაისს გადაღებული ფოტოს გამო
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დასწრებია. ამავე დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო აუზიდან, რომელზეც კობახიძე იყო ასახული. მთავრობის წინააღმდეგ მოქმედმა ანონიმურმა გვერდებმა კობახიძის გაშარჟების მიზნით აღნიშნული ფოტოს სხვადასხვა ვარიაცია გაავრცელეს.
ყოველკვირეული მიმოხილვის შესახებ
სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები” ყოველკვირეულ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს იმ გზავნილებს, რომლებიც ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებს, კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში (მეტნაკლებად) ვირუსულად ცირკულირებს და მის გავრცელებაში ერთზე მეტი აქტორი, ანგარიში თუ გვერდია ჩართული. რიგ შემთხვევებში წარმოდგენილია კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალინტერაქციული პოსტები.
მონაცემთა დამუშავებისთვის ორგანიზაცია იყენებს ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტ Crowdtangle-ს და ეყრდნობა დისკრედიტაციულ კამპანიებში ჩართული გვერდების/ანგარიშების არსებულ განახლებად ბაზას. გვერდები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე www.disinfoobserver.ge
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. მოცემული პუბლიკაცია ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.