„რუსული კანონის“ ხელახალი ინიციირება საქართველოს პარლამენტში
2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. ამ მოვლენას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო აქტორების მხრიდან. სოციალურ ქსელებში ანონიმურად მოქმედ პროსახელისუფლებო გვერდებსა და ანგარიშებზე მალევე დაიწყო აქტიური კამპანია, რომელიც მიზნად კანონპროექტის მხარდაჭერის გაზრდასა და მისი მოწინააღმდეგეების დისკრედიტაციას ისახავდა. კამპანიის ფარგლებში, კანონონპროექტთან დაკავშირებით ოთხი ძირითადი ნარატივი ვრცელდებოდა. მათ შორის, წარმოჩენილი იყო, რომ ქართული კანონპროექტი 1) არ არის მკაცრი, 2) ის „ევროპულია“, 3) ქვეყნის სუვერენიტეტსა და ღირსებას იცავს და 4) არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობის ეშინიათ. კანონპროექტთან დაკავშირებული პროტესტის წინააღმდეგ გამოიყენებოდა აქციების მონაწილეების გზავნილების გაყალბებით დეზინფორმაციის გავრცელების მეთოდიც.
ნარატივი იმის შესახებ, რომ ქართული კანონპროექტი არ არის მკაცრი
კანონპროექტის მხარდამჭერი კამპანიის ფარგლებში გავრცელებული ერთ-ერთი ნარატივი ქართულ კანონპროექტს, სხვა სახელმწიფოებში მიღებულ მსგავს კანონებთან შედარებით, ნაკლებად მკაცრად წარმოაჩენდა. ვრცელდებოდა გზავნილი, რომელიც აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ მხოლოდ 25 ათასლარიანი ჯარიმა ინიშნება ორგანიზაციის მხრიდან დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში. კიდევ ერთი გზავნილის მიზანს წარმოადგენდა, მოქალაქეები დაერწმუნებინა იმაში, რომ კანონი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ შეეხებოდა და იგი მხოლოდ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ იყო მიმართული. გზავნილები ვრცელდებოდა ანონიმურად მოქმედ ფეისბუქგვერდებზე „პოლიტიკური აბსურდი“ და „აგენტურა“, რომელთა ნაწილი მოინიშნა როგორც ცრუ ინფორმაცია. იდენტურ გზავნილებს შეიცვადა ტიკტოკ არხებზეც - „avoe.ge“ და „_geonews_“ გამოქვეყნებული ვიდეოებიც.
დეზინფორმაციული ნარატივი, რომ ინიციირებული კანონპროექტი „ევროპულია“
კიდევ ერთი ნარატივი, რომელიც აქტიურად ვრცელდებოდა სოციალურ მედიაში, მიუთითებდა, რომ საქართველოში მისაღები კანონის მსგავსი კანონპროექტი ევროპაშიც განიხილებოდა. ამ მხრივ განსაკუთრებული აქცენტი საფრანგეთზე კეთდებოდა. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა საინფორმაციო ქარდებიც, რომელთაგან ზოგიერთი კანონპროექტს „ევროპულად“ აცხადებდა. პოსტების ცრუ ინფორმაციად მონიშვნის შემდეგ ახალ ქარდებში „ევროპული“ კანონი, „ევროპული გამჭვირვალობის“ კანონად ჩანაცვლდა. გავრცელდა მიმები და დისკრედიტაციული პოსტებიც. აღნიშნული გზავნილები ვრცელდებოდა, ანონიმურად მოქმედ მადისკრედიტირებელ გვერდებზე: „არ აგარევინებთ“; „ხალხის ხმა“; „პოლიტიკური აბსურდი“; „აგენტურა“; ასევე ანგარიშებზე: ტერენტი გლდანელი და პოლიტოლოგი. ტიკტოკის ანგარიშებიდან მსგავსი გზავნილები გავრცელდა „avoe.ge“-სა და „აგენტურაზე“.
ნარატივი იმის შესახებ, რომ კანონპროექტი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ღირსებას იცავს
ინიციირებული კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მხარდამჭერ ნარატივებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული გზავნილის თანახმად, კანონი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ღირსებას იცავს. 9-10 აპრილს ფეისბუქზე ანონიმურ მადისკრედიტირებელ გვერდზე „არ აგარევინებთ“ და არაავთენტურ ტიკტოკ ანგარიშზე @ukrainologi გავრცელდა პოსტები, რომელთა ამოცანასაც აღნიშნული გზავნილის მხარდაჭერა და სამოქალაქო სექტორისა და სამოქალაქო აქტივისტების უცხო ქვეყნის აგენტებად წარმოჩენა წარმოადგენდა. პოსტებში უცხოური ქვეყნების აგენტებად და გავლენის გამტარებად მოხსენიებულნი არიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
დეზინფორმაციული ნარატივი იმის შესახებ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობის ეშინიათ
ინტენსიურად ვრცელდებოდა კიდევ ერთი მადისკრედიტირებელი ნარატივი, რომლის მიხედვითაც, არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობის შიშში ედებოდათ ბრალი. ამ გზავნილის განსაკუთრებული სამიზნეები იყვნენ ისეთი ორგანიზაციები, რომელთა მუშაობის უმთავრეს მიზანს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ევროინტეგრაცია წარმოადგენს. ფეისბუქსა და ტიკტოკზე აქტიურად ვრცელდებოდა სხვადასხვა საინფორმაციო ქარდი და ვიდეო, რომლებშიც მოუწოდებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობისაკენ. პარალელურად, არაავთენტურ, ანონიმურ და ანტიოპოზიციურ ტიკტოკ ანგარიშებზე (@ukrainologi, @journalists @merabkostava_ და @agentura) გამოქვეყნებულ ვიდეოებში შეურაცხყოფილი და გაშარჟებული იყვნენ როგორც პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
პროტესტის მონაწილეების დისკრედიტაცია მათ ტრანსფარანტებზე გამოტანილი გზავნილების გაყალბებით
ტიკტოკსა და ფეისბუქზე ანონიმურად მოქმედ პროსახელისუფლებო ანგარიშებზე აქტიურად ქვეყნდებოდა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციების მონაწილე აქტივისტების მადისკრედიტირებელი ფოტომანიპულაციები. ფოტომანიპულაციების ნაწილში პროტესტის მონაწილეების გზავნილები ტრანსფარანტებზე გაყალბებული წარწერებით იყო ჩანაცვლებული.
აქციების საწინააღმდეგო კამპანია ჰომოფობიური ნიშნით
სოციალურ ქსელში განსაკუთრებით ხშირი იყო საპროტესტო აქციების წინააღმდეგ ჰომოფობიური გზავნილების გავრცელება. გზავნილებში აქცენტი კეთდებოდა აქციის მონაწილეების ჩაცმულობაზე, გარეგნობაზე ან მათ პლაკატებზე. მსგავსი გზავნილების გამავრცელებლები იყვნენ გვერდები: „პოლიტიკური აბსურდი“, „აგენტურა“, „პოლიტიკური საღორე N5“; აგრეთვე, ანგარიშები: „ტერენტი გლდანელი“, “პოლიტოლოგი“ და „ანტი ნაცი“. მსგავსი გზავნილები ვრცელდებოდა ტიკტოკის არხების მიერაც („jurnalists“, „AVOE.GE“, „aragarevinebt“ და „saqartvelo034“).
-
ყოველკვირეული მიმოხილვის შესახებ
სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები” ყოველკვირეულ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს იმ გზავნილებს, რომლებიც ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებს, კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში (მეტნაკლებად) ვირუსულად ცირკულირებს და მის გავრცელებაში ერთზე მეტი აქტორი, ანგარიში თუ გვერდია ჩართული. რიგ შემთხვევებში, წარმოდგენილია კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალინტერაქციული პოსტები.
მონაცემთა დამუშავებისთვის ორგანიზაცია იყენებს ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტ Crowdtangle-ს და ეყრდნობა დისკრედიტაციულ კამპანიებში ჩართული გვერდების/ანგარიშების არსებულ განახლებად ბაზას. გვერდები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე www.disinfoobserver.ge
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. მოცემული პუბლიკაცია ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.