დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები

სოციალურ მედიაში გავრცელებული დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები: 15-29 ნოემბერი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო გზავნილები „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავსა და პარტიის მოქმედ და ყოფილ  თავმჯდომარეებს შორის არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით 

პოლიტიკურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" 22 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის 20 წლისთავთან დაკავშირებით, ფეისბუქზე  მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელიც პარტიის პრინციპებს, ხედვასა და იდეოლოგიას წარმოადგენს. მანიფესტში ეწერა, რომ დოკუმენტზე ხელმოწერით პარტიის წევრები ადასტურებდნენ რამდენიმე პუნქტს, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარისა და პოლიტიკური საბჭოს ლეგიტიმურობასა და ძალების კონსოლიდაციას. მანიფესტისთვის ხელი არ მოუწერია პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას. გადაცემა „კვირის ფორმულას” ეთერში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მოქმედმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მელია არ წარმოადგენდა პარტიას და არ იყო მისი წევრი.  

ეთერის შემდეგ ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ ანონიმურ ფეისბუქგვერდებზე აღნიშნულ თემაზე ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილის საწინააღმდეგო პოსტები გავრცელდა. ამ ფოტომანიპულაციებში ხაზგასმული იყო, რომ მელია პარტიიდან ლევან ხაბეიშვილმა გააგდო.

23 ნოემბერს, „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავთან დაკავშირებით, ანონიმური ფეისბუქგვერდები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მადისკრედიტირებელ გზავნილებს აქტიურად ავრცელებდნენ. გვერდები „ვარდების რევოლუციას” „ეკლების რევოლუციად” მოიხსენიებდნენ და აღნიშნულ პოლიტიკურ მოვლენას „ბოროტების დასაწყისს” უწოდებდნენ. იდენტური გზავნილები ფეისბუქზე აქტიური დისკრედიტაციული გვერდების სახელებით მოქმედ ტიკტოკის არხებზეც გავრცელდა.

მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაცია ბიზნესსაქმიანობაზე მითითებით 

ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ ანონიმურ ფეისბუქგვერდებზე აქტიურად ვრცელდებოდა პარტია „ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის, მადისკრედიტირებელი ფოტომანიპულაციები და ვიდეოები. პოსტებში ხაზარაძის ბიზნესსაქმიანობას წარსულში უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებდნენ და საეჭვო საქმიანობაზე მიუთითებდნენ. გვერდ „აგენტურაზე” გამოქვეყნებული ხაზარაძის საწინააღმდეგო ვიდეოები სხვადასხვა ჯგუფშიც აქტიურად ვრცელდებოდა.

სალომე ზურაბიშვილისა და მასთან მიღებაზე მყოფი მედიის წარმომადგენლების დისკრედიტაცია 

26 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, კამპანია „ჩვენი ხმა ევროპის” ფარგლებში ათონელისსაკუთარ რეზიდენციაში მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ანონიმურად მოქმედმა ფეისბუქგვერდებმა ზურაბიშვილისა და მედიის წარმომადგენლების შეხვედრის ფოტოები, მათი დისკრედიტაციის მიზნით, გაავრცელეს. გვერდები ხაზს უსვამდნენ, რომ წარსულში იქ მყოფი ჟურნალისტების ნაწილი პრეზიდენტს უპირისპირდებოდა. ამასთან დაკავშირებით, ტიკტოკზე ანონიმურად მოქმედ მადისკრედიტირებელ არხებზე დამცინავი ვიდეოები გავრცელდა. 

ამასთანავე, ამავე გვერდებზე ზურაბიშვილთან დაკავშირებით სხვა პოსტებიც გამოქვეყნდა. 21 ნოემბერს მან ფეისბუქის პირად ანგარიშზე გამოაქვეყნა პოსტი ძაღლის დაკარგვასთან დაკავშირებით, რის გამოც ანონიმურმა გვერდებმა „აგენტურა“ და „პოლიტიკური საღორე N5” პრეზიდენტის გამაშარჟებელი პოსტები გაავრცელეს. 

საქართველოს მთავრობის გაშარჟება სასტუმრო პარაგრაფ თბილისის გახსნასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ფოტოების გამო 

21 ნოემბერს თბილისის ცენტრში სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც, მიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, „პარაგრაფ თბილისის“ გახსნის ამსახველ კადრებთან ერთად, სასტუმროს ნომრისა და საპირფარეშოს ფოტოებიც გამოქვეყნდა, რასაც ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ ფეისბუქგვერდებზე სარკასტული შინაარსის პოსტები, მათ შორის, ფოტომანიპულაცია, მიეძღვნა. 

 

ყოველკვირეული მიმოხილვის შესახებ 

სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები” ყოველკვირეულ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს იმ გზავნილებს, რომლებიც ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებს, კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში (მეტნაკლებად) ვირუსულად ცირკულირებს და მის გავრცელებაში ერთზე მეტი აქტორი, ანგარიში თუ გვერდია ჩართული. რიგ შემთხვევებში, წარმოდგენილია კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალინტერაქციული პოსტები.    

მონაცემთა დამუშავებისთვის ორგანიზაცია იყენებს ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტ Crowdtangle-ს და ეყრდნობა დისკრედიტაციულ კამპანიებში ჩართული გვერდების/ანგარიშების არსებულ განახლებად ბაზას. გვერდები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე www.disinfoobserver.ge    

     

ამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. მოცემული პუბლიკაცია ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.