სოციალურ მედიაში გავრცელებული დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები: 18 იანვარი - 5 თებერვალი
ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის გაშარჟება წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე მათ შესაძლო გამოსახვასთან დაკავშირებით
2024 წლის 7 იანვარს სოციალურ მედიაში გავრცელდა პოსტები სამების საკათედრო ტაძარში გადაღებული ხატის ფრაგმენტთან დაკავშირებით, სადაც, წმინდა მატრონა მოსკოველთან ერთად, იოსებ სტალინიც არის გამოსახული. 19 იანვარს ფეისბუქზე ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედმა ანონიმურმა გვერდებმა ხატის ერთ-ერთ ნაწილზე გამოსახული ადამიანები პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებს - ირმა ინაშვილსა და დავით თარხან-მოურავს შეადარეს. გავრცელებული პოსტების თანახმად, ინაშვილმა და თარხან-მოურავმა თავიანთი თავი ხატზე საკუთარი ინიციატივით დაატანინეს. თუმცა, მოცემულმა პოლიტიკოსებმა ხატზე თავიანთი თავის გამოსახვა უარყვეს. ანონიმური გვერდებისა და ტიკტოკ ანგარიშების მხრიდან მსგავსი შინაარსის მასალის გავრცელება აღნიშნული ორი პოლიტიკოსის დისკრედიტაციას ემსახურებოდა.
ვიდეომიმართვები პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ
19 და 22 იანვარს ანონიმური ანტისახელისუფლებო გვერდების - „ანტი-ქოცი” და „ავლიპი ზურაბაშვილი” მიერ ფეისბუქსა და ტიკტოკზე აგრესიული და შეურაცხმყოფელი შინაარსის ვიდეოები გავრცელდა, რომლებიც მმართველი პარტიის - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინააღმდეგ იყო მიმართული. ვიდეოებში კონკრეტული პირები უხამსი ლექსიკით მიმართავდნენ მთავრობის წევრებს და ბრალს სდებდნენ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გატარებაში, რამაც, მათი აზრით, ოჯახის ინსტიტუტს, კულტურას, განათლებას და მომავალ თაობას ზიანი მიაყენა.
ალეკო ელისაშვილის გაშარჟება მის მიერ ინფლაციის მაგალითად ლუდის ფასის ცვლილების მოხმობასთან დაკავშირებით
26 იანვარს საქართველოს პარლამენტის წევრმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში უკმაყოფილება გამოხატა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რის მაგალითადაც ლუდის ფასის ზრდა მოიყვანა. ელისაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ანონიმურმა მადისკრედიტირებელმა ფეისბუქგვერდებმა „აგენტურა“, „მასმედია“ და „პოლიტიკური ვექტორი“ და ტიკტოკ ანგარიშმა “georgianpolitiks”, ელისაშვილის გაშარჟების მიზნით, მისი ჩართვიდან დამონტაჟებული მცირე ვიდეომონაკვეთები და ფოტომანიპულაციები გაავრცელეს.
ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო პოსტები წარსულში გავრცელებული ვიდეოების საფუძველზე
ფეისბუქზე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინააღმდეგ ანონიმურად მოქმედ გვერდებზე „ლურჯი ვირი“, „ანტი-ქოცი“ და „ქვეყნის არაფორმალური მმართველი #ქამ“ მართველი პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, დისკრედიტაციის მიზნით ვიდეოები გავრცელდა, რომელშიც ის საკუთარ რწმენაზე საუბრობს. ამავე გვერდებზე ივანიშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი ვიდეოფრაგმენტი გამოქვეყნდა. ვიდეორგოლები გადაცემა „რა დროს ძილია“-დან არის აღებული, რომელშიც ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრების გახსნის „ნეგატიურ შედეგზე“ საუბრობს. ამ გვერდებზე ვიდეოები იდენტურ დროს გამოქვეყნდა, რაც მათ შორის სავარაუდო კავშირზე მიუთითებს.
ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის მადისკრედიტირებელი ფოტომანიპულაციები თანამდებობების ცვლილებასთან დაკავშირებით
29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე იქნებოდა წარდგენილი, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოზიციას კი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებდა. აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლების წინაღმდეგ მოქმედ ანონიმურ გვერდებზე ღარიბაშვილისა და კობახიძის წინააღმდეგ დამცინავი და შეურაცხმყოფელი ფოტომანიპულაციები გავრცელდა. აღნიშნული ფოტომანიპულაციები გაავრცელეს ანონიმურმა ანტი-სამთავრობო ფეისბუქ გვერდებმა „ავლიპი ზურაბიშვილი“ და „მოტყუებული ფოთელი“ და ტიკ ტოკ ანგარიშმა “@abesadze555”.
მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაცია “მუსტანგით” რეგიონებში ვიზიტის დაანონსებისა და წარსულში საბანკო საქმიანობის გამო
მას შემდეგ, რაც პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, დააანონსა, რომ "მუსტანგით” საქართველოს რეგიონებში ჩავიდოდა და ადგილობრივებს შეხვდებოდა, ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედმა ანონიმურმა გვერდებმა ფოტომანიპულაციები გამოაქვეყნეს. მამუკა ხაზარაძის მადისკრედიტირებელი ვიდეოები გაავრცელეს ტიკტოკზე მოქმედმა ანონიმურმა, ანტიპოზიციურმა გვერდებმაც.
ხაზარაძის საწინააღმდეგო პოსტები მოჰყვა მის განცხადებასაც, რომელშიც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ზამთარში ოჯახის საცხოვრებლიდან გამოსახლება გააკრიტიკა. გვერდებზე გავრცელებულ პოსტებში ხაზარაძეს მევახშეს უწოდებდნენ და მის საბანკო საქმიანობაზე მიუთითებდნენ. გვერდებზე „არ აგარევინებთ” და „აგენტურა” ხაზარაძესთან დაკავშირებული „მიმები”, ფოტომანიპულაციები და კარიკატურები გავრცელდა.
ლევან ხაბეიშვილის დისკრედიტაცია ფუტსალის თამაშისა და საქართველოს ამოტრიალებული რუკის გამო
მას შემდეგ, რაც ფეისბუქზე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის, ფუტსალის თამაშის ფოტოები გავრცელდა, ანონიმურმა ანტიოპოზიციურმა ფეისბუქგვერდებმა „სიმართლის დროა“; „პოლიტიკური საღორე N5“ აღნიშნული სურათები დამცინავი სათაურებით გააზიარეს.
მადისკრედიტირებელი და დამცინავი პოსტები მოჰყვა ლევან ხაბეიშვილის იმ სატელევიზიო ჩართვასაც, რომელშიც მას საქართველოს რუკა ამოტრიალებული ეჭირა. აღნიშნული მასალა გავრცელდა ანონიმურად მოქმედ ანტიოპოზიციურ ფეისბუქგვერდებზე „არ აგარევინებთ“, „ნაცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო“ და „პოლიტიკური აბსურდი“, აგრეთვე ცრუ მედიის გვერდზე “PrimeNews.ge”. ამ თემასთან დაკავშირებით ვიდეოები გაავრცელეს ტიკტოკზე მოქმედმა ოპოზიციის მადისკრედიტირებელმა ანგარიშებმაც: “@terentigldaneli1” და “@aragarevinebt”.
ყოველკვირეული მიმოხილვის შესახებ
სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები” ყოველკვირეულ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს იმ გზავნილებს, რომლებიც ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებს, კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში (მეტნაკლებად) ვირუსულად ცირკულირებს და მის გავრცელებაში ერთზე მეტი აქტორი, ანგარიში თუ გვერდია ჩართული. რიგ შემთხვევებში, წარმოდგენილია კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალინტერაქციული პოსტები.
მონაცემთა დამუშავებისთვის ორგანიზაცია იყენებს ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტ Crowdtangle-ს და ეყრდნობა დისკრედიტაციულ კამპანიებში ჩართული გვერდების/ანგარიშების არსებულ განახლებად ბაზას. გვერდები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე www.disinfoobserver.ge
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. მოცემული პუბლიკაცია ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.