დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები

სოციალურ მედიაში გავრცელებული დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები: 4-17 იანვარი

სტალინის დადებით ჭრილში წარმოჩენა წმინდა მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებული მოვლენების კონტექსტში 

2024 წლის 7 იანვარს სოციალურ ქსელში თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გადაღებული ხატის ფრაგმენტის ფოტო გავრცელდა, რომელზეც წმინდა მატრონა მოსკოველი იოსებ სტალინთან ერთადაა გამოსახული. 9 იანვარს სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ ვიდეოკადრები გამოაქვეყნა, რომელშიც მის მიერ საღებავით გადაღებილი ხატი ჩანს. ამ მოვლენას პრორუსული ულტრამემარჯვენე ჯგუფი „ალტ-ინფო“ ნატა ფერაძის საწინააღმდეგო შეკრებებით და მის წინააღმდეგ მიმართული არაერთი მუქარით გამოეხმაურა. 

ფეისბუქზე პროპაგანდისტული ნარატივების გამავრცელებელი გვერდები, მათ შორის, „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული გვერდები და ანგარიშები, რომელთა ნაწილი ანონიმურად მოქმედებს, 7-17 იანვრის პერიოდში სტალინისტურ პოსტებს აქტიურად ავრცელებდნენ. პოსტები როგორც ფეისბუქზე, ისე ტიკტოკზე ქვეყნდებოდა. 

ამ გვერდებსა და ანონიმურად მოქმედ ანგარიშებზე გავრცელებული გზავნილები სტალინის მორწმუნე ქრისტიანად წარმოჩენას ისახავდა მიზნად. ამ კამპანიაში სასულიერო პირების ციტატებიც იყო გამოყენებული. აღსანიშნავია, რომ ასეთ პოსტებს „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული ქსელის გარდა, რელიგიური შინაარსის მქონე გვერდებიც ავრცელებდნენ.

გვერდმაილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავსგაავრცელა შეთქმულების თეორია, რომლის თანახმად, მასონებთან დაპირისპირებულმა სტალინმა მსოფლიო მათი ბატონობისაგან იხსნა

სოციალური ქსელების ანგარიშები ტალინის დადებით ისტორიულ ფიგურად წარმოსაჩენად მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის მიერ ფაშისტური გერმანიის დამარცხებაზე აპელირებდნენ. ამასთანავე, გამოქვეყნებული პოსტების ნაწილით სტალინს საქართველოს ქომაგად წარმოაჩენდნენ და მიუთითებდნენ, რომ ქვეყნის მიმართ მას დიდი დამსახურება აქვს. გავრცელებული გზავნილების თანახმად, სტალინი თავს ქართველად მიიჩნევდა და საქართველო  საბჭოთა რესპუბლიკებს შორის პრივილეგიებით სარგებლობდა. მაგალითად, პოსტების მიხედვით, საბჭოთა საქართველოში ქართულ სახელმწიფო ენის სტატუსი სტალინის დამსახურებით ჰქონდა.  

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ფოტომანიპულაციები 

10 და 15 იანვარს გვერდებზე „აგენტურა” და „სიმართლის დროა” მიხეილ სააკაშვილის გაშარჟების მიზნით ფოტომანიპულაციები გავრცელდა, რომლებშიც ის სულიერ ლიდერად და წმინდანად იყო წარმოჩენილი.

დავით კეზერაშვილის საწინააღმდეგო გზავნილები „ფორმულაზე” იუმორისტული გადაცემების დახურვის გამო 

13 იანვარს ოპოზიციის მადისკრედიტირებელ ანონიმურ გვერდებზე  გავრცელდა ვიდეო, რომელშიც „ფორმულაზე“ იუმორისტული გადაცემების დახურვის მოტივად არა ტელევიზიის ფინანსური კრიზისი, არამედ დავით კეზერაშვილის პირადი პოლიტიკური ინტერესი იყო დასახელებული. გიორგი ვარდოსანიძის იუთუბ გადაცემიდან, „არასერიოზული Podcast”, ამოჭრილი მონაკვეთი, რომელშიც იუმორისტი მიშა ანდღულაძე აღნიშნულ თემაზე საუბრობდა, გვერდებზე - „ქართული ჟურნალისტიკის მარგალიტები / journalist fails,” „პოლიტიკური საღორე N5”, და „სიმართლის დროა“ - გამოქვეყნდა. იგივე ვიდეო გაავრცელა „POSTV - ანალიტიკამ“.  

კახა კალაძის გაშარჟება წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით 

2023 წლის 19 აპრილიდან თბილისში წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დედაქალაქის მერიის განცხადებით, სამუშაოები 2024 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო. 2024 წლის 15 იანვარს კი მერმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოები სტანდარტების შესაბამისად არ სრულდება, რის საფუძველზეც 8 თვის განმავლობაში მომუშავე ორ კომპანიას კონტრაქტი შეუწყდა და სანქციები დაეკისრა. 17 იანვარს თბილისის მერმა, კახა კალაძემ, განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვრის ბოლომდე დასრულდება.  

განცხადების შემდეგ ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედმა ანონიმურმა გვერდებმა - “Your Page ∆”, „პოლიტიკური ვექტორი” და „თანამოაზრეთა გაერთიანება - საქართველო” - კახა კალაძის საწინააღმდეგო პოსტები გაავრცელეს. 

 

 

ყოველკვირეული მიმოხილვის შესახებ 

სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები” ყოველკვირეულ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს იმ გზავნილებს, რომლებიც ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებს, კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში (მეტნაკლებად) ვირუსულად ცირკულირებს და მის გავრცელებაში ერთზე მეტი აქტორი, ანგარიში თუ გვერდია ჩართული. რიგ შემთხვევებში, წარმოდგენილია კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალინტერაქციული პოსტები.    

მონაცემთა დამუშავებისთვის ორგანიზაცია იყენებს ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტ Crowdtangle-ს და ეყრდნობა დისკრედიტაციულ კამპანიებში ჩართული გვერდების/ანგარიშების არსებულ განახლებად ბაზას. გვერდები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე www.disinfoobserver.ge    

     

ამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. მოცემული პუბლიკაცია ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.