სოციალურ მედიაში გავრცელებული დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები: 6-19 თებერვალი
„ლელოს” საწინააღმდეგო პოსტები პენსიის ზრდასთან დაკავშირებული განცხადებების გამო
ფეისბუქზე ოპოზიციის წინააღმდეგ ანონიმურად მოქმედმა გვერდებმა და ანგარიშებმა პარტია „ლელო საქართველოსთვის” საწინააღმდეგო პოსტები მათი ლიდერების მხრიდან პენსიის ზრდასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების გამო გამოაქვეყნეს. კერძოდ, 2023 წლის 6 დეკემბერს „ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ, გაავრცელა განცხადება, რომელშიც იგი აღნიშნავდა, რომ პარტიის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პენსიები 1000 ლარამდე გაიზრდებოდა. 2024 წლის 12 თებერვალს, გავრცელდა ამ პარტიის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პენსიები 1000 ლარი ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წლის შემდეგ გახდებოდა. სწორედ ამ განცხადებების გამო გვერდებმა და ანგარიშებმა - „პოლიტიკური აბსურდი“, „სიმართლის დროა“, „პოლიტ ოლოგი“ და „ტერენტი გლდანელი“ პარტიის ლიდერების მიმართ დამცინავი პოსტები გამოაქვეყნეს.
ოპოზიციისა და პრეზიდენტის დისკრედიტაცია მათი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაიგივებით
ფეისბუქგვერდებზე „პოლიტიკური სატირა“ და „პოლიტიკური აბსურდი“ და ტიკტოკ არხებზე „terentigldaneli1“ და „AVOE.GE“ ვრცელდებოდა ფოტომანიპულაციები, რომლებშიც ოპოზიციის ლიდერები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ მართულ პოლიტიკოსებად იყვნენ წარმოჩენილი. ფოტომანიპულაციებში, ძირითადად, გიორგი გახარია, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, სალომე ზურაბიშვილი და ნიკა მელია ფიგურირებდნენ. ამასთანავე, ანგარიშებმა, „მიხეილ განუბაჟებელი“ და „ტერენტი გლდანელი“, გაავრცელეს ფოტომანიპულაცია, რომელშიც ერთმანეთთან იყო შერეული ლევან ხაბეიშვილისა და სალომე ზურაბიშვილის გამოსახულებები, წარწერით - სალომე ხაბეიშვილი.
მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაცია მისი ალექსეი ნავალნისთან შედარების გამო
16 იანვარს რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაცვლილი იპოვეს. მალევე კონკრეტული ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან პარალელები გაივლო ალექსეი ნავალნისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ კონტექსტსა და პატიმრობას შორის. ფეისბუქსა და ტიკტოკზე ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედმა ანონიმურმა გვერდებმა და ანგარიშებმა გაავრცელეს ვიდეოები და ფოტოები, რომლებშიც ერთმანეთთანაა შედარებული ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის საკნები და მათ მდგომარეობა. პოსტებში აღნიშნული იყო, რომ ამ ორი პოლიტიკოსის მდგომარეობის შედარება მიუღებელია.
ლევან ვასაძის გაშარჟება მის მიერ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის გამო
13 თებერვალს საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელმა, ლევან ვასაძემ, გაავრცელა ვიდეო, რომელშიც იგი მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებდა, კერძოდ, ვასაძე მას არაეროვნული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებდა. მალევე ანონიმურად მოქმედ გვერდებზე „აგენტურა“ და „პოლიტიკური აბსურდი“ გავრცელდა ლევან ვასაძის საწინააღმდეგო ფოტომანიპულაციები.
ალეკო ელისაშვილის დისკრედიტაცია ომთან დაკავშირებით მისი კომენტარის გამო
13 თებერვალს რუსულმა გამოცემა „მედიაზონამ“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა ბაზაში რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსი და ყოფილი მაღალჩინოსანი მოხვდა. მათ შორის ერთ-ერთი პარტია „მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი იყო. იმავე დღეს, უკრაინაში საბრძოლო ოპერაციაში მონაწილეობის შესახებ ალეკო ელისაშვილის კომენტარი გავრცელდა, რომელსაც ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი ფეისბუქგვერდი „ავლიპი ზურაბიშვილი“ და ანონიმური ანგარიში „შიინ ევროპისკენ“, ასევე, ტიკტოკ არხი „პოლიტ ნაკრძალი“ გამოეხმაურნენ.
ყოველკვირეული მიმოხილვის შესახებ
სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები” ყოველკვირეულ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს იმ გზავნილებს, რომლებიც ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებს, კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში (მეტნაკლებად) ვირუსულად ცირკულირებს და მის გავრცელებაში ერთზე მეტი აქტორი, ანგარიში თუ გვერდია ჩართული. რიგ შემთხვევებში, წარმოდგენილია კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალინტერაქციული პოსტები.
მონაცემთა დამუშავებისთვის ორგანიზაცია იყენებს ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტ Crowdtangle-ს და ეყრდნობა დისკრედიტაციულ კამპანიებში ჩართული გვერდების/ანგარიშების არსებულ განახლებად ბაზას. გვერდები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე www.disinfoobserver.ge
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. მოცემული პუბლიკაცია ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.