14 წელი აგვისტოს ომიდან: “სამართლიანი არჩევნების” განცხადება
2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრისა და ბარბაროსული ომიდან 14 წელი გავიდა. ომის შემდეგაც, რუსეთის მიერ ოკუპაცია, ბორდერიზაცია, მშვიდობიანი მოსახლეობის დევნა, გატაცება გრძელდება და ქვეყნის ყოველდღიურობადაა ქცეული. ასი ათასობით ადამიანი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილია და არ ეძლევა სახლში დაბრუნების შესაძლებლობა. რუსეთი შეუფარავად ემუქრება საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივასა და სუვერენიტეტს.
“სამართლიანი არჩევნები” პატივს მიაგებს გმირებს, რომლებმაც, სახელოვანი წინაპრების მსგავსად, 2008 წელს, უთანასწორო ბრძოლაში სიცოცხლე გასწირეს სამშობლოსთვის, ქართველის ერის ეროვნული მიზნების - საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფალი, განვითარებული დასავლური მომავლისათვის, ქვეყნის გეოპოლიტიკური ვექტორის სუვერენული არჩევანის უფლების დაცვისათვის.
ამ მოვლენების გახსენება განსაკუთრებით მტკივნეულია დღეს, როცა რუსეთის აგრესია, ჰუმანიზმისა და საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპის დარღვევით, ბარბაროსული ომის სახით ვლინდება უკრაინაშიც. დღეს მიმდინარე პროცესები, კიდევ ერთხელ, ნათლად ადასტურებს რუსეთის ზრახვებს მეზობელი ქვეყნების მიმართ, რაც მათი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპულ მიუღებლობაში მდგომარეობს.
საქართველოსთვის გაზრდილი საფრთხის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მიუღებელია ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, როგორც ქვეყნის გადარჩენისა და განვითარების ერთადერთი შესაძლებლობის ეჭვქვეშ დაყენება და ძალისხმევის აშკარა შემცირება დასავლეთთან დაახლოების მიმართულებით, რისი ნაწილიც იყო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების ფაქტობრივი ჩაგდება. ხელისუფლების ამგვარი პოზიცია ეწინააღმდეგება ქვეყნის ისტორიულ მიზნების განხორციელებას, რაც საუკუნეთა განმვლობაში თაობათა ოცნების, შრომისა და თავგანწირვის საგანი იყო.
ის უდიდესი მსხვერპლი, რომელიც 2008 წელს გავიღეთ, არ იქნება დავიწყებული. წარსულის ჯეროვანი გააზრება, მტერ-მოყვრის ცნობა უნდა გახდეს საფუძველი იმისათვის, რომ ქვეყანამ მეტი ძალისხმევითა და მონდომებით იაროს დემოკრატიზაციის გზაზე და მივაღწიოთ ცივილიზებულ, დასავლურ სივრცეში ინტეგრაციას, რაც ჩვენი დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტიაა.