განცხადებები

15 წელი აგვისტოს ომიდან: “სამართლიანი არჩევნების” განცხადება

15 წელი გავიდა 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ჯარების საქართველოში შემოჭრისა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ფაქტობრივი ოკუპაციიდან. ომის შემდგომაც რუსეთი დაუფარავად ემუქრება საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გრძელდება უკანონო ბორდერიზაცია, მშვიდობიანი მოსახლეობის დევნა, ასი ათასობით მოქალაქეს არ ეძლევა სახლში დაბრუნების შესაძლებლობა.
საქართველოს ისტორიის ეს ტრაგიკული ეპიზოდი და დღეს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რაოდენ დიდი საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. გვჯერა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების ერთადერთი გზა ჩვენი მოსახლეობის ისტორიული არჩევანის რეალიზება - ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაა.
საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტების შესასრულებლად, რათა ქვეყანამ წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს და დაიწყოს ოფიციალური მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
„სამართლიანი არჩევნები“ პატივს მიაგებს საქართველოს ეროვნული ინტერესისთვის თავდადებულ გმირებს, რომლებიც უთანასწორო ბრძოლაში იცავდნენ თავიანთი ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. ომში დაღუპული გმირების და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნების უზრუნველსაყოფად, „სამართლიანი არჩევნები“ გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას.