17 მაისის აქციის დამკვირვებელ ორგანიზაციათა პირველადი შეფასება
17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის ჩატარების უზრუნველყოფა სახელმწიფომ ვერ შეძლო, რითაც აქციის მონაწილეების მიმართ დაარღვია შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება.
სტრატეგია, რომელიც პოლიციამ აქციის მონაწილეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შეიმუშავა, კონტრდემონსტრანტების ოდენობის, მათი უკონტროლო ქცევისა და რისკების გათვალისწინებით არ იყო ადეკვატური და ეფექტური.
ჩვენი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და გავრცელებული კადრების თანახმად კორდონის გადალახვა კონტრდემონსტრატებმა წინააღმდეგობის გარეშე შეძლეს. პოლიციამ სასულიერო პირების ჯგუფს (რომლებიც წარმოადგნენ კონტრდემონსტრანტებს) მისცა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ აქციაზე შესვლის შესაძლებლობა, რა დროსაც ვეღარ მოხერხდა დამატებითი ნაკადის შეკავება.
კონტრდემონსტრანტებმა აგრესიულად და მასიურად დაიწყეს აქციის მონაწილეთა მიმართულებით გადაადგილება და მთლიანად დაიკავეს აქციისათვის გამოყოფილი სივრცე. აქციის მონაწილეთა მხოლოდ ნაწილმა შეძლო ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვება.
ამ ეტაპისათვის შეგვიძლია გავაკეთოთ პირველადი შეფასება და განვაცხადოთ:
- შინაგან საქმეთა სამინისტრომ სათანადოდ ვერ შეაფასა კონტრდემონსტრანტების მხრიდან მომდინარე შესაძლო რისკები და ვერ შეიმუშავა უსაფრთხოების შესაბამისი სტრატეგია. აქციის ტერიტორიაზე მობილიზებულ პოლიციელთა მცირე რაოდენობა, გამოყენებული ზომები, საშუალებები და მოქმედებები კანონდამრღვევთა წინააღმდეგ იმთავითვე ცხადი იყო რომ იქნებოდა არაეფექტური;
- პოლიცია არ მოქმედებდა კოორდინირებულად და ხშირ შემთხვევაში იყო უსუსური დაეცვა მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლება. უფრო მეტიც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ორიენტირებული იყო აქციის მონაწილეთა ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაყვანაზე და არა აქციის დაცვაზე. პოლიციამ არ გამოავლინა საკმარისი ძალისხმევა რათა უზრუნველეყო აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება აქციის გამართვის პროცესში;
- კონტრდემონსტრანტების მიერ აქციის ტერიტორიის დაკავების შემდეგ პოლიცია გახდა სრულიად უმოქმედო, რითაც კონტრდემონსტრანებს მისცა უმართავად გადაადგილების საშუალება, რამაც გაზარდა მათი მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ ინდივიდუალური ანგარიშსწორების შესაძლებლობა, რასაც ჰქონდა კიდეც ადგილი;
- განსაკუთრებით შემაშფოთებელია პოლიციელთა დამოკიდებულება ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის მონაწილეთა მიმართ. ყველა დამკვირვებელი ადასტურებს, რომ პოლიციელები აღნიშნული აქციის მონაწილებს ერთმანეთთან საუბარში მოიხსენიებდნენ ცინიკურად და შეურაცხმყოფელად და გარკვეულწილად თანაუგრძობდნენ კონტრდემონსტრატებს. ეს დამოკიდებულება ასევე იგრძნობოდა მათ ქცევაში.
ამ დროსათვის, ათასობით კონტრდემონსტრანტი კვლავ გადაადგილდება ქუჩებში და გამოირჩვიან განსაკუთრებული აგრესიით იმ პირების მიმართ, რომელთაც აიგივებენ თავდაპირველი აქციის მონაწილეებთან. სამწუხაროდ პოლიციის ქცევა ამ შემთხვევაშიც არაადეკვატურია და შემოიფარგლება მხოლოდ კონფლიქტური ინციდენტების განმუხტვით.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:
- დაუყოვნებლივ გაატაროს ეფექტური ღონისძიებები საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
- დააყენოს ყველა იმ თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთაც სათანადოდ ვერ შეაფასეს არსებული რისკები და ვერ ან არ უზრუნველყვეს შეკრებისა და მანიფესტაცის უფლების განხორციელება და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება;
- გამოიძიოს და დააყენოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც არ მისცეს საშუალება მოქალაქეებს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დღესთან დაკავშირებით ჩაეტარებინათ დაგეგმილი აქცია, ძალადობდნენ განსხვავებული შეხედულების ადამიანების მიმართ, აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
დამკვირვებელი ორგანიზაციები ამ დრომდე აწარმოებენ სადამკვირვებლო საქმიანობას და სრულ ინფორმაციასა და შეფასებებს დამატებით წარუდგენენ საზოგადოებას.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)