განცხადებები

18:00 საათი - კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობა

 

1. ძირითადი დასკვნები 

„სამართლიანმა არჩევნებმა“ კვლავ დააფიქსირა ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევა #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #22 საარჩევნო უბანში. გამოვლენილ ტენდენციებს შორის განსაკუთრებით ხაზგასასმელია ამომრჩევლისთვის ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემის, მარკირების პროცედურის, ხმის მიცემის ფარულობის და გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული დარღვევები, ასევე, დამკვირვებლების უფლებების შეზღუდვისა და საარჩევნო უბნიდან გაძევების ფაქტები.  რამდენიმე საარჩევნო უბანზე გამოვლინდა ელექტრონული აპარატების ხარვეზების შემთხვევებიც. 

საარჩევნო უბნების მიმდებარედ, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრამდე პერიმეტრში, კვლავ შეინიშნება არაუფლებამოსილი პირების შეკრება, მათ შორის პარტიის კოორდინატორების მობილიზება, აგრეთვე, ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირებისა და მათ შესახებ ინფორმაციის მოგროვების შემთხვევები, ძირითადად მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირების მხრიდან. 

 

2. ხმების პარალელური დათვლის შედეგებზე დაყრდნობით ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის

ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის 50.2% (+/-0.9% პუნქტის ცდომილების ხარისხით)1 შეადგინა.

 

3. ხმების პარალელური დათვლის შედეგებზე დაყრდნობით საარჩევნო უბნების გარე დაკვირვების სტატისტიკა

„სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო უბნების გარეთ მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია შერჩევაში მოხვედრილი საარჩევნო უბნების 91%-დან მიიღო. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად: 

  • გარე დაკვირვების საარჩევნო უბნების 26%-ზე, 100 მეტრამდე პერიმეტრში, შეინიშნებოდა პირთა საეჭვო შეკრება. საარჩევნო უბნების 6%-ზე შეკრება 100 მეტრის გარეთ ხდებოდა. 
  • გარე დაკვირვების საარჩევნო უბნების 15%-ზე, 100 მეტრამდე პერიმეტრში, მიმდინარეობდა ამომრჩეველთა სახელობითი აღრიცხვა პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციის ან სხვის მიერ. უბნების 6%-ზე აღრიცხვა ხდებოდა 100 მეტრის გარეთ. 
  • უბნების 15%-ზე შეინიშნებოდა ამომრჩეველთა ორგანიზებული და არაერთჯერადი მობილიზება/ტრანსპორტირება საარჩევნო უბანში ხმის მისაცემად. 

 

4. საარჩევნო უბნებში დაფიქსირებული დარღვევები / ინცინდენტები

18:00 საათისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები: 

 

ბიულეტენების ჩაყრა 

  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #22 საარჩევნო უბანში ერთ-ერთმა კომისიის წევრმა ყუთში ჩაყარა 20-ზე მეტი ბიულეტენი. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი ამავე უბნიდან გამოაძევეს. „სამართლიანმა არჩევნებმა” საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიტანა საჩივარი აღნიშნული საარჩევნო უბნის ბათილობის მოთხოვნით. 

 

დამკვირვებლისთვის გაძევება საარჩევნო უბნიდან  

  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #9 და #12 საარჩევნო უბნებიდან „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები გააძევეს. ამასთანავე, #9 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ დამკვირვებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

 

მრავალჯერადი ხმის მიცემა 

  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #28 საარჩევნო უბანში ამომრჩეველმა მეორედ მისცა ხმა. მარკირების შემოწმების დროს ნაკადის მომწესრიგებელმა კომისიის წევრმა დააფიქსირა, რომ ამ ამომრჩეველს უკვე ჰქონდა მარკირება გაკეთებული, თუმცა, მიუხედავად ამისა ამომრჩეველს მაინც მიეცა ხმის მიცემის  შესაძლებლობა. 

 

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა 

  • #14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქის #15 საარჩევნო უბანში ერთ-ერთ ამომრჩეველს მეორე ამომრჩეველი შეჰყვა კაბინაში. დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ, კომისიის წევრების განმარტებით, ამომრჩეველს  ესაჭიროებოდა დახმარება მხედველობის პრობლემების გამო, რაც თავად ამომრჩეველმა უარყო. 
  • #84 ხულოს საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანში ფარული ხმის მიცემის კაბინიდან გამოსული ამომრჩევლის ბიულეტენი საარჩევნო ყუთისა და სპეციალური ჩარჩო-კონვერტების ზედამხედველმა კომისიის წევრმა ამოაბრუნა და სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში მოათავსა იმგვარად, რომ ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა. 
  • #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბანში დაფიქსირდა  ოთხი შემთხვევა, როდესაც ფარული ხმის მიცემის  კაბინაში, ხმის მისაცემად, ორი ადამიანი ერთად შევიდა და ერთმანეთს უთითებდა, თუ რომელი პარტიისათვის უნდა მიეცათ ხმა; მსგავს შემთხვევას ადგილი ჰქონდა #14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბანშიც, სადაც ფარული ხმის მიცემის კაბინაში ორი ამომრჩეველი  ერთდროულად შევიდა და მისცა ხმა. 
  • #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანში ხმის დათვლის სპეციალურ აპარატში ბიულეტენის მოთავსების დროს, რამდენჯერმე დაირღვა ხმის ფარულობის პრინციპი. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების შედეგ აღნიშნული დარღვევა აღმოიფხვრა.
  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #54 საარჩევნო უბანში ფარული ხმის მიცემის კაბინები ისე ახლოს იყო განლაგებული რეგისტრატორის მაგიდასთან, რომ რეგისტრატორის უკან მდგომ პირს შეეძლო ამომრჩევლის მიერ ბიულეტენზე შევსებული ან/და მონიშნული წრის დანახვა.
  • #30 კასპის საარჩევნო ოლქის #31 საარჩევნო უბანში კომისიის თავმჯდომარე იმდაგვარად იდგა ფარული ხმის მიცემის კაბინების უკან, რომ შეეძლო ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის დანახვა. ასევე, იგი ამომრჩეველს მიუთითებდა თუ როგორ შემოეხაზა ბიულეტენი სწორად, რა დროსაც ირღვეოდა ხმის ფარულობის პრინციპი. 

 

ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემა 

  • #81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის  #14 საარჩევნო უბანში; #84 ხულოს საარჩევნო ოლქის # 1 საარჩევნო უბანში; #5 ისნის საარჩევნო ოლქის #17 და #51 საარჩევნო უბანში; #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #64 და #17 თელავის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანში, ამომრჩევლისთვის ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემის შემთხვევები დაფიქსირდა; 

 

გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული დარღვევები  

  • #63 აბაშის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბანში გადასატანი საარჩევნო ყუთით 26-მა ამომრჩეველმა ისე მისცა ხმა, რომ ამომრჩეველთა სიაში ხელი არცერთ ამომრჩეველს არ ჰქონდა მოწერილი. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა #32 გორის საარჩევნო ოლქის #84 საარჩევნო უბანში, #82 შუახევის საარჩევნო ოლქის #4 და #23 საარჩევნო უბნებში გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ხმის მიცემისას. 
  • #79 ბათუმის ოლქის #15 საარჩევნო უბანში გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში რეგისტრირებული 6 ამომრჩევლის ნაცვლად, ხმა მისცა 7-მა ამომრჩეველმა. 

 

არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა 

  • #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #24 საარჩევნო უბანში ამომრჩეველმა ხმა მისცა ვადაგასული - 1995 წელს გაცემული საქართველოს მოქალაქის არაელექტრონული პირადობის მოწმობით. 

 

მარკირების წესის დარღვევა  

  • #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #57 საარჩევნო უბანში და #36 ბორჯომის ოლქის #9 საარჩევნო უბანში ამომრჩევლები მარკირების შემოწმების გარეშე შევიდნენ. 
  • #84 ხულოს საარჩევნო ოლქის #01 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი ამომრჩეველს მარკირებას არასათანადოდ უმოწმებდა; 
  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #54 საარჩევნო უბანში რეგისტრატორმა კომისიის წევრმა ამომრჩეველს მარკირება არ გაუკეთა. „სამართლიანი არჩევნების“ მითითების შემდეგ აღნიშნული დარღვევა აღმოიფხვრა. 

 

ელექტრონულ აპარატებთან დაკავშირებული პრობლემები  

  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #44 საარჩევნო უბანზე მწყობრიდან გამოვიდა ხმის დათვლის სპეციალური აპარატი, რამაც არეულობა და ამომრჩეველთა დიდი რიგი გამოიწვია. 
  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #56 საარჩევნო უბანში დაფიქსირდა ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის ტექნიკური ხარვეზი, რაზეც ჩანაწერთა წიგნში შენიშვნა გაკეთდა. 
  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები და ხმის დათვლის სპეციალური აპარატები პერიოდულად გამოდიოდა მწყობრიდან, რის გამოც ფერხდებოდა კენჭისყრის პროცესი. 

 

კენჭისყრის სხვა პროცედურების დარღვევა 

  • #64 სენაკის საარჩევნო ოლქის #15 საარჩევნო უბანში ამომრჩეველმა რეგისტრატორს ბიულეტენი გამოართვა და ხმის მიცემის გარეშე მოათავსა ხმის დათვლის სპეციალურ აპარატში. მისი მოთხოვნის შესაბამისად, რეგისტრატორმა გადასცა ახალი ბიულეტენი.  
  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #71 საარჩევნო უბანში ამომრჩეველს გაუფუჭდა ბიულეტენი (შეცდომით სხვა წრე  გააფერადა). თავმჯდომარემ არ მისცა ახალი ბიულეტენი და ამომრჩეველმა იგივე  ბიულეტენი მოათავსა ხმის დათვლის სპეციალურ აპარატში. 
  • #1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #27 საარჩევნო უბანში, რეგისტრატორმა კომისიის წევრმა ამომრჩეველს გადასცა ბიულეტენი, რომელზეც საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნების“ გასწვრივ არსებული წრე უკვე მონიშნული იყო. 

 

არაუფლებამოსილი პირი საარჩევნო უბანში 

  • #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანში იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი და აღრიცხავდა უბანში მისულ ამომრჩევლებს, ამასთან, აღნიშნულ ინფორმაციას ტელეფონის საშუალებით სხვა პირს გადასცემდა. „სამართლიანი არჩევნების“ მითითების შემდეგ, აღნიშნული დარღვევა აღმოიფხვრა, არაუფლებამოსილმა პირმა დატოვა საარჩევნო უბანი, ფაქტთან დაკავშირებით დაიწერა შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.  

 

5. საჩივრები და განცხადებები

18:00 საათისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 76 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში - 31 საჩივარი, 61 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში. Მათ შორის ერთი საჩივარი, სალონიკის საარჩევნო უბნიდან გადავიდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. 

 

6. ინფორმაცია სადამკვირვებლო მისიის შესახებ

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (შემდგომში „სამართლიანი არჩევნები“) 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) აკვირდება.    

„სამართლიანი არჩევნების” სადამკვირვებლო მისია შედგება 1,000-მდე საუბნო, 235 უბნის გარე პერიმეტრის და 45 საზღვარგარეთის უბნის, ასევე 73 საოლქო საარჩევნო კომისიების დამკვირვებლისა და 85 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში მოქმედებს მონაცემთა გადამოწმების/ანალიზისა (32 ოპერატორი) და ინციდენტების/საჩივრების ცენტრები (23 იურისტი).  

არჩევნების დღის მონიტორინგი ეფუძნება ხმების პარალელური დათვლის (Parallel Vote Tabulation - PVT) რაოდენობრივი და თვისებრივი დაკვირვების მეთოდოლოგიას, რომელიც მოიაზრებს დამკვირვებლების განთავსებას შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ საარჩევნო უბნებზე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითია. ეროვნულ დონეზე წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ხდება საარჩევნო უბნების გარე დაკვირვებაც.    

 

 

 

 

 

 

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისია ხორციელდება ევროკავშირის, ამერიკელი ხალხის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის”. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის” შეხედულებებს.

 

 

1 ქვეყნის შიგნით ხმების პარალელური დათვლის შერჩევაში მოხვედრილი უბნების 95%-ის მიხედვით.