განცხადებები

კენჭისყრის მიმდინარეობა 19:00 საათისთვის

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 1000-მდე საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს 20 ოპერატორისა და 11 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები. მიმდინარე არჩევნები ტარდება გლობალური პანდემიის კოვიდ-19 ის პირობებში. სადამკვირვებლო მისიის განხორციელებისას, „სამართლიანი არჩევნების“ თანამშრომლები და დამკვირვებლები იცავენ კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით დადგენილ რეგულაციებს.

2020 წლის არჩევნებზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის 1 ივნისს დაიწყო და მოიცავდა როგორც 68 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ადგილზე დაკვირვებას, ასევე წინასაარჩევნო გარემოს ანალიზს სოციალურ მედიაში.

„სამართლიანი არჩევნების“ არჩევნების დღის დაკვირვება ეფუძნება ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიას. PVT მეთოდოლოგია ითვალისწინებს დამკვირვებლების შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბნებზე განთავსებას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითია. PVT გვაძლევს საშუალებას დროულად და სწრაფად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მცირე ცდომილების ხარისხის ფარგლებში.

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ ინფორმაციას კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ 19:00 საათისთვის.

 

ძირითადი დასკვნები

კვლავ მასშტაბური სახე აქვს საარჩევნო უბნებთან მობილიზებული პარტიული კოორდინატორების თუ ცალკეული საჯარო მოხელეების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვას. დამკვირებელების ან წარმომადგენლების სტატუსით უბნებზე იმყოფებიან ტერიტორიულ ერთეულებში მერების წარმომადგენლები. მათი ადგილზე ყოფნა შესაძლოა აღქმული იყოს როგორც ამომრჩეველთა კონტროლი. ამას გარდა, მედია საშუალება „ნიუპოსტის“ მიერ ხდება ამომრჩეველთა ფოტო-ვიდეო გადაღება. რამდენიმე ოლქში საარჩევნო უბნების მიმდებარედ ხალხმრავლობა გარკვეულ შემთხვევებში ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა, რაც ჩრდილს აყენებს არჩევნების დღის მშვიდ ვითარებაში წარმართვას. უბანთან მდგარი აღმრიცხველების და ცალკეული დამკვირვებელი ორგანიზაციების სტატუსით მოქმედი პირების მიერ შეინიშნება აგრესია „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მისამართით.  პრობლემურად რჩება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები გარკვეულ უბნებზე.

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია - 66 საჩივარი, საოლქო საარჩევნო კომისიებში - 58 საჩივარი და ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირდა 33 შენიშვნა.

 

ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის PVT შედეგების საფუძველზე

ხმების პარალელური დათვლის (PVT) მონაცემებით 17:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 44.9% (+/-0.5% ცდომილების ხარისხით) შეადგინა, რაც აღემატება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემს (41.8%).

თბილისში 17 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 43.6%-ია, რაც გაზრდილია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების 17 საათისთვის დაფიქსირებულ ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემთან შედარებით (40.6%). რეგიონებში (თბილისის გარდა) ამომრჩეველთა აქტივობამ 45.4% შეადგინა, მაშინ როდესაც 2016 წელს ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი 17 საათისთვის რეგიონებში 42.6% იყო.

PVT-ის ინფორმაციის ანალიზი, ასევე, იძლევა საშუალებას ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემების საფუძველზე დადგინდეს თითოეულ დასაკვირვებელ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის სისწრაფე. მიღებული ინფორმაციის თანახმად, საარჩევნო უბნების გახსნიდან 12 საათამდე პერიოდში, საარჩევნო უბნების 65.8%-ზე (2016 წელს - 77.8%) ხმის მიცემის სისწრაფე წარმოადგენდა ერთ ამომრჩეველს წუთში, უბნების 34.2%-ზე (2016 წელს - 22.2%) ხმის მიცემის სისწრაფე იყო 1-დან 2 ამომრჩევლამდე წუთში.

 

დარღვევები

 

ამ ეტაპისთვის, კენჭისყრის მიმდინარეობის დროს „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:

 

ფიზიკური ძალადობა

  • #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #84 უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელსა და კომისიის თავმჯდომარეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დამკვირვებლის ინფორმაციით პარტიის წარმომადგენელი ერევა კომისიის საქმიანობაში.
  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება  მოხდა „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლებსა და უბანზე მობილიზებულ პირებს შორის. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
  • #10 გლდანის საარჩევნო ოლქში დღის მანძილზე რამდენიმე ინციდენტი მოხდა 39-ე სჯარო სკოლასთან, სადაც მდებარეობს #78, #79, #80, #81, #82, #83, და #85 საარჩევნო უბნები. ტერიტორიაზე ამ წუთებშიც ბევრი ადამიანი და პოლიციაა მობილიზებული. ბოლო ინციდენტში ფიგურირებს იარაღი. როგორც „სამართლიან არჩევნებს“ გლდანის #10 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა მაია ხუნდაძემ განუცხადა, მან თავადაც დაინახა როგორ ემუქრებოდა უცნობი პირი, საარჩევნო უბნის გარეთ ერთ-ერთ დამკვირვებელს. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე დღის განმავლობაში სიტუაცია რამდენჯერმე ძალადობრივ ინციდენტში გადაიზარდა და ამჟამად კვლავაც ხალხმრავლობაა. მობილიზებულია პოლიციაც.
  • #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #79 საარჩევნო უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედია-საშუალება „პუბლიკას“ ჟურნალისტს. მას აგრესიული მოქალაქე დაესხა თავს და დაუზიანა კუთვნილი ტელეფონი. დაზიანება მიიღო „ტვ პირველის“ ჟურნალისტმაც, რომელსაც დაპირისპირების დროს კამერა მოხვდა.
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #89 საარჩევნო უბანზე მედიით გავრცელდა ინფორმაცია სიტყვიერი დაპირისპირების შესახებ. საარჩევნო უბანზე მისულ „სამართლიანი არჩევნების“ მობილური ჯგუფს ოპოზიციური პარტიებიდან ყველა დამკვირვებელი გაძევებული დახვდა, ხოლო უბანზე იყვნენ მხოლოდ საარჩევნო კომისიის წევრები და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი.

 

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა

  • #22 მარნეული საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს კომისია დაკვირვების უფლებას უზღუდავს და ავიწროვებს, რაც გამოწვეულია დღის პირველ ნახევარში დამკვირვებლის მიერ საჩივრის წარდგენით. კომისიის თავმჯდომარე ფიზიკურად შეეხო დამკვირვებელს და ბეიჯი მოქაჩა, იქვე პარტიის წარმომადგენლის სტატუსით მყოფი ტერიტორიული ორგანოში მერის წარმომადგენელი კი დაემუქრა, რომ ახალგაზრდაა და არ უნდა უღირდეს ზედმეტი აქტიურობა.
  • #14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქის #18 საარჩევნო უბანზე, რომელიც დარღვევების სიმრავლით ხასიათდება, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს ავიწროვებდნენ და უბნიდან გაძევებით ემუქრებოდნენ.

 

ამომრჩევლების ნების კონტროლი

  • #57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანთან დაახლოებით 4 ადამიანი უბნის შესასვლელთან იდგა და მოსულ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ.
  • #3 მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #32 საარჩევნო უბანზე, #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #39 საარჩევნო უბანთან შეინიშნება მანქანების მობილიზება, რომლებშიც მსხდომი პირები სიებში ამომრჩევლებს აღრიცხავენ.
  • #48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში #30 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორები იდგნენ და მოსულ ამომრჩეველს აკვირდებოდნენ.
  • #56 ჭიათურის საარჩევნო ოლქის #27 საარჩევნო უბანზე საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი უბანთან იდგა და ტელეფონის მეშვეობით ანგარიშს აბარებდა მოსული ამომრჩევლის რაოდენობის შესახებ. #34 უბანთან ახლოს იყო პარტია „ქართული ოცნების“ დროშა. #47 საარჩევნო უბანთან მდგარ მაგიდასთან ისხდნენ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები და უბანზე მოსულ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ. #48 საარჩევნო უბნის წინ გახსნილ ავტოფარეხში უცნობი პირები უბანზე მოსულ ამომრჩევლის აღრიცხავენ.
  • #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #39, #49, #50, #54, #57, #59, და #112 საარჩევნო უბნებზე მობილიზებული არიან „ქართული ოცნების“ კოორდინატორები და ამომრჩევლებს აღრიცხავენ.
  • #51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბანზე შეინიშნებიან ადამიანები სიებით.
  • #11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის #26 და #27 საარჩევნო უბნებთან სიებით მყოფი ადამიანები აღრიცხავენ ამომრჩეველს.

 

ხმის ფარულობის დარღვევა

  • #15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის #36 საარჩევნო უბანზე მასობრივი სახე აქვს ამომრჩეველთა მიერ საარჩევნო კაბინაში ბიულეტენისთვის ფოტოსურათის გადაღებას.
  • #17 თელავის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა კენჭისყრის კაბინიდან გამოსულ ამომრჩეველს ვიდეო გადაუღო, რომელშიც შესაძლებელი იყო ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირება.
  • #25 წალკის საარჩევნო ოლქის #33 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს გამოჰქონდათ დაუკეცავი ბიულეტენები ისე, რომ შესაძლებელი იყო დანახვა თუ ვის მისცეს ხმა.
  • #14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქის #18 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ხმას აძლევენ კენჭისყრის კაბინის გარეთ, ხოლო კაბინაში მიყვებიან უცხო პირები იმ მიზეზით რომ წერა-კითხვა არ იციან ქართულად და არჩევანში ეხმარებიან.
  • #62 ჩოხატაურის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბანზე რამდენჯერმე გამოვლინდა ფაქტი, როდესაც ამომრჩეველმა ბიულეტენი საარჩევნო კაბინის გარეთ დაკეცა. თავმჯდომარე დარღვევაზე მხოლოდ დამკვირვებლის მითითების შემდეგ რეაგირებდა.
  • #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #36 საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს კენჭისყრის კაბინაში შეჰყვა „ახალგაზრდული ინიციატივა-დემოკრატებისთვის“ დამკვირვებელი.

 

ამომრჩევლის სახის დაფიქსირება

  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #60 უბანზე ამომრჩევლის სახის დაფიქსირება ხდება „ნიუ პოსტის“ წარმომადგენლის მხრიდან;
  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #59 საარჩევნო უბანზე მედია საშუალება ,,ნიუ პოსტის" წარმომადგენელი ამომრჩევლებს ფოტოებს უღებდა და სპეციალური პროგრამის საშუალებით სერვერზე აგზავნიდა.
  • #1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე „ნიუ პოსტის“ წარმომადგენელი ფოტოს უღებს ყველა ამომრჩეველს ვინც ყუთში ბიულეტენს მოათავსებს.

 

არაუფლებამოსილი პირის მიერ ხმის მიცემა

  • #58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებული იყო გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ხმა მისცა უბანზე.
  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #120 საარჩევნო უბანზე ხმა მისცა გადასატანი ყუთის სიაში რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა.
  • #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #52 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში მყოფმა ამომრჩეველმა უბანზე მისცა ხმა.
  • #21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის #21 უბანზე ამომრჩეველი შეყვანილი იყო გადასატანი ყუთის სიაში და ამის საფუძველზე მისცა ხმა. შემდეგ ის საარჩევნო უბანზეც გამოცხადდა და იქაც მისცა ხმა განმეორებით.   

 

გადასატანი ყუთთან დაკავშირებული დარღვევა

  • #45 ცაგერის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე გადასატან საარჩევნო ყუთში ნაცვლად 16 ბიულეტენისა ჩაყრილი იყო 17 ბიულეტენი. „სამართლიანი არჩევნები“ ითხოვს გადასატანი ყუთის შედეგების ბათილობას.

 

კომისიის საქმიანობაში ჩარევა

  • #30 კასპის სარჩვნო ოლქის #7 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორს ფუნქციების განხორციელებაშიეხმარებოდა „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი.
  • #1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანზე ორგანიზაცია „ერთად სახლში“ დამკვირვებელი ლია გუჯეჯიანი ხელს უშლიდა საარჩევნო კომისიის წევრების საქმიანობას. საარჩევნო უბნის თავმჯდომარის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კვლავ აგრძელებდა ზემოაღნიშნულ ქმედებას, რის შედეგადაც  თავმჯდომარემ  იგი  უბნიდან გააძევა.

 

აგიტაცია

  • #41 ნინოწმინდის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანზე საარჩევნო უბანზე დამკვირვებელი ჰაიკანუს ფაზანიანი ახორციელებს აგიტაციას ამომრჩევლებთან.

 

უწესრიგობა  საარჩევნო უბანზე

  • #27 მცხეთის საარჩევნო ოლქის #24 საარჩევნო უბანზე სისტემატურად რეგისტრატორის მაგიდასთან დგას ორზე მეტი ამომრჩეველი.

 

ბიულეტენის არასწორად მოთავსება ყუთში

  • #53 ვანის საარჩევნო ოლქში #11 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ძირითად საარჩევნო ყუთში ჩააგდო ბიულეტენები ცალ-ცალკე კონვერტებით. საარჩევნო ყუთზე ზედამხედველმა კომისიის წევრმა ვერ მოახერხა დროული რეაგირება.
  • #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #59 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა თვითნებურად აიღო კონვერტი, ბიულეტენებთან ერთად შეიტანა კაბინაში, გამოვიდა კონვერტში მოთავსებული ბიულეტინებით და ისე ჩააგდო საარჩევნო ყუთში.

 

COVID-19 რეგულაციების დარღვევა

  • #12 გურჯაანის საარჩევნო კომისიის #14 საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩევლებს უტარდებოდათ თერმოსკრინინგის პროცედურა.
  • #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #54 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს არ უკეთიათ პირბადე სათანადო წესით. დამკვირვებლის მიერ არაერთგზის მითითების მიუხედავად ზემოაღნიშნული დარღვევა არ აღმოფხვრილა.

 

ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები

  • #51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბანზე, 12:50 წუთზე დაფიქსირდა დარღვევა, კერძოდ, ამომრჩეველმა ხელი მოაწერა სხვა ამომრჩევლის გრაფაში.
  • #80 ქედის საარჩევნო ოლქის #16 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ორჯერ შეცდომით ხელი მოაწერა ამომრჩევლის გრაფაში.
  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქში #84 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა სხვა ამომრჩევლის გრაფაში მოაწერა ხელი.
  • #49 თერჯოლის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანზე, გაცემული ბიულეტენების რაოდენობა არ დაემთხვა ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, კერძოდ, პროპორციული სიით გაცემული ბიულეტენების რაოდენობა იყო 27. ხოლო ხელმოწერის რაოდენობა იყო 26.
  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანზე, რეგისტრატორმა ამომრჩეველს შეცდომით ხელი მოაწერინა სხვა ამომრჩევლის ხელმოწერის გრაფაში.

 

მარკირების წესის დარღვევა

  • #8 დიდუბის საარჩევნო ოლქის #43 საარჩევნო უბანზე კომისიის ორ წევრს ხმის მიცემის დროს მარკირება არ გაუკეთდათ.

 

საკონტროლო ფურცლის არასწორად შევსება

  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქში #64 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელში შეიტანეს იმ ამომრჩევლის მონაცემები, რომელიც რეგისტრირებული იყო სხვა უბანზე.

 

 

„სამართლიანი არჩევნები“ გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას საარჩევნო ვებ-პორტალის - www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც საარჩევნო დარღვევები საარჩვენო რუკაზე აისახება. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე უფასო sms-ით ნომერზე 90039.

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი პარტიის/ბლოკის და/ან მაჟორიტარი კანდიდატის სასარგებლოდ. „სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე მივიდნენ პირბადით და ხმის მიცემის დროს გაითვალისწინონ კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციები. მათ შორის ამომრჩევლებმა, რომლებიც არჩევნებში გადასატანი ყუთის მეშვეობით მონაწილეობენ.

ამ არჩევნებისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შექმნა 127 სპეციალური უბანი, რომელიც გათვალისწინებულია პანდემიის გამო იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ხმების დასათვლელად. ასეთი ამომრჩევლები ხმას გადასატანი ყუთით მისცემენ.

 

სამართლიანი არჩევნებისშემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 22:00 საათზე

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ასევე, სადამკვირვებლო მისიის მხარდამჭერია ევროკავშირი. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ''სამართლიან არჩევნებს'' და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის და ევროკავშირის  შეხედულებებს.