2012 წლის საპარლამენტო არჩევნები განცხადება - კენჭისყრის პროცესი
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია 1271 აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება, რომლებიც გადანაწილებული არიან როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში, მათ შორისაა, ასევე, 73 მობილური ჯგუფი.
,,სამართლიანი არჩევნები’’ არჩევნების დღის დაკვირვებას ხმების პარალელურ დათვლის (PVT) მეთოდოლოგიის საფუძველზე ახორციელებს. დამკვირვებლები გადანაწილებულნი არიან სტატისტიკურად მყარი, წარმომადგენლობითი და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იდენტიფიცირებულ საარჩევნო უბნებზე, რაც მიღებული სტატისტიკური მონაცემების მთელი ქვეყნის მასშტაბით განზოგადების და არჩევნების დღის მთლიანი პროცესის ზუსტი და ყოველმხრივი შეფასების საშუალებას იძლევა. გარდა შემთხვევითად შერჩეული უბნებისა,
„სამართლიანი არჩევნები“, ასევე, აკვირდება სპეციალურ უბნებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და სამხედრო ნაწილებში.
“სამართლიანი არჩევნებს“ გააჩნია არჩევნებზე დაკვირვების გამოცდილება 1995 წლიდან. 2003 წლიდან კი ორგანიზაციას განხორციელებული აქვს ყველა სადამკვირვებლო მისია ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიის საფუძველზე.
„სამართლიანი არჩევნები“ წარმოადგენს ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობისა და ამ დროისათვის დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.
ძირითადი დასკვნები
„სამართლიანი არჩევნების“ მონაცემებით, 17:00-ზე ამომრჩევლის აქტივობა წარმოადგენს 52%-ს. ეს გაცილებით მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 17:00 საათისთვის დაფიქსირებული აქტივობა, რომელიც ამ დროისთვის შეადგენდა 43%-ს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია აქტივობა თბილისში. „სამართლიანი არჩევნების“ მონაცემებით,
დედაქალაქში 17:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 52%-მა მიიღო. ეს მონაცემი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების 17:00 საათის მონაცემებს (41%) 11%-ით აღემატება.
რეგიონებში 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 52%-ს შეადგენს, 2008 წელს კი ეს მაჩვენებელი 17 საათისთვის 53% გახლდათ.
PVT-ის ინფორმაციის ანალიზი, ასევე, იძლევა საშუალებას ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემების საფუძველზე დადგინდეს თითოეულ დასაკვირვებელ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის სიჩქარეს. მიღებული ინფორმაციის თანახმად, უბნების 56%-ში ხმის მიცემის სისწრაფე წარმოადგენდა ერთ ამომრჩეველზე ნაკლებს ერთ წუთში, ხოლო უბნების 44%-ში ხმის მიცემის სისწრაფე იყო 1-დან 2 ამომრჩევლამდე წუთში.
ინციდენტები:
ამ დროისათვის ორგანიზაციამ დააფიქსირა:
• დაკვირვების ხელშეშლის 4 ახალი ფაქტი - რუსთავის #70, საბურთალოს #61, კასპის #22
და ბათუმის #22 უბნებზე (ამ უკანასკნელ უბანზე დარღვევა აღმოფხვრილია).
• საარჩევნო დოკუმენტის გაყალბების მცდელობის 2 შემთხვევა - დმანისის #47 უბანზე და ოზურგეთის #12 უბანზე, ამ უკანასკნელზე დარღვევა აღმოფხვრილია.
• არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის 4 შემთხვევა - ნაძალადევის #2, გლდანის
#106, მესტიის #20, გურჯაანის #5 და ზუგდიდის #75 უბანზე.
• სხვის ნაცვლად ხმის მიცემის 5 შემთხვევა - რუსთავის #86, ჭიათურის #23, ქუთაისის
#107, ბათუმის #8 და #31 უბნებზე.
• მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევის 6 ფაქტი - სამგორის #4, მესტიის #20, წყალტუბოს #4, მარნეულის #30, მარნეულის #50, ასევე ბათუმის #35 და #105 უბანზე (ამ უკანასკნელ უბანზე დარღვევა აღმოფხვრილია).
• ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევა - მარტვილის #9 უბანზე.
• საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობის დარღვევის 2 ფაქტი - ქუთაისის #58 და #127
უბანზე.
• გადასატანი ყუთის უბნიდან დაგვიანებით გასვლა - მარნეულის #46 უბანზე.
• სიებში არასათანადო პირების ყოფნა - ვაკის #46, და დუშეთის #41 უბნებზე.
• საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება/შევსების 2 ფაქტი - ქობულეთის
#11 და თერჯოლის #13 უბნებზე.
• უბანზე აგიტაციის 2 შემთხვევა - ლენტეხის #11 და საგარეჯოს #42 უბანზე.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საგარეჯოს #45 უბანი, სადაც, დღის განმავლობაში მოხდა არაერთი დარღვევა. უბანზე დარღვევით ჩატარდა წილისყრა და უბანი გაიხსნა 08:30 სთ- ზე. აღნიშნული კომისიის წევრებმა არ იციან ქართული. დღის განმავლობაში უბანზე არ ხდებოდა საარჩევნო დოკუმენტაციის სათანადო წარმოება, უბანზე იმყოფებოდნენ არაუფლებამოსი პირები, დაცული არ იყო ხმის მიცემის ფარულობა, უბანზე იყო ქაოსი. დაიწერა საჩივრები, როგორც საარჩევნო უბანზე, ისე შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. მიუხედავად საჩივრებისა უბანზე კვლავ გრძელდებოდა სვადასხვა სახის დარღვევები. ამ უბანზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ მოითხოვა საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობა და კომისიის წევრების, მათ შორის კომისიის თავჯდომარის, პასუხისმგებლობის საკითხი.
ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 38 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში 17 საჩივარი.
ამასთან, აქტიურად ფუნქციონირებს არასამთავრობო ორგანიზაციების საარჩევნო პორტალი (www.electionsportal.ge), სადაც ამ დროისთვის ატვირთულია არჩევნების დღეს მოქალაქეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაფიქსირებული 149 ინციდენტი.
არჩევნების პორტალზე ნებისმიერ მოქალაქეს თავად შეუძლია დარღვევების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება. მთელი დღის განმავლობაში ფუნქციონირებს უფასო SMS ნომერი
2500, რომელზეც შეტყობინების გამოგზავნა შესაძლებელია ნებისმიერი მობილური ქსელიდან. “სამართლიანი არჩევნების“ შემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 22:00 საათზე.
1 ოქტომბერი, 2012 18:30 საათი