განცხადებები

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მიმოხილვა

წინასაარჩევნო პერიოდში, რომელიც არჩევნების დღემდე 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, პოლიტიკურ პარტიებს და კანდიდატებს საშუალება ჰქონდათ წინასაარჩევნო კამპანია კონკურენტუნარიან გარემოში წარემართათ. წინასაარჩევნო კამპანია პლურალისტური მედიაგარემოს, ადმინისტრაციული რესურსების არამასობრივი გამოყენების და ზეწოლის ფაქტების მასშტაბის სიმცირით ხასიათდებოდა. კამპანიას ცალკეული ძალადობრივი ინციდენტების, ამომრჩევლის მოსყიდვის, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დაშინებისა და აგიტაციაში არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობის გარეშე არ ჩაუვლია, თუმცა არ  გვაქვს საფუძველი, განვაცხადოთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში იდენტიფიცირებულმა დარღვევებმა ამომრჩევლის ნების თავისუფალ ფორმირებაზე  არსებითი გავლენა მოახდინა.

წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას სერიოზული ზიანი მიაყენეს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განხორციელებულმა ძალადობრივმა აქტებმა, მათ შორის ოპოზიციური პარტიის დეპუტატის ავტომანქანის აფეთქებამ, ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის აქტივისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებმა. ყველა ამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება და ორ შემთხვევაში კონკრეტულ პირებს ბრალიც წაეყენათ. 


2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები წინასაარჩევნო გარემოს შეფასება