განცხადებები

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები: მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდის შეფასება

2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს ქუთაისის, ოზურგეთის, ბორჯომის, ხაშურის, მარტვილისა და ყაზბეგის ოლქებში გაიმართება. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას ექვსივე ოლქში გრძელვადიანი დამკვირვებლების მეშვეობით აკვირდებოდა. 

დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდი პოლიტიკური ნიშნით მუქარა-ზეწოლისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფონზე მიმდინარეობს ოზურგეთში, რაც ხელს უშლის თანასწორ და თავისუფალ წინასაარჩევნო გარემოს. 

ოზურგეთის ოლქში ზეწოლა-მუქარის 4 და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1 ფაქტი გამოვლინდა. თითქმის ყველა შემთხვევაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო მოხელეა ჩართული, რომლებიც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის - ბეგლარ სიორიძის სასარგებლოდ მოქმედებენ. ზოგიერთ შემთხვევაში, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას, ოზურგეთში მცხოვრები მოქალაქეები ადასტურებენ ზეწოლისა და მოსყიდვის ფაქტებს, თუმცა ითხოვენ ანონიმურობის დაცვას. ოზურგეთის გარდა, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების მუქარის ერთ ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი ხაშურის ოლქში. 

აღნიშნული ფაქტებისა და პირველ ტურზე გამოვლენილი ტენდენციების გათვალისწინებით, „სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს ადგილობრივ თვითმმართველობას, პოლიტიკურ პარტიებსა და კანიდატებს - არჩევნების დღეს თავი შეიკავონ ამომრჩევლის მოწყიდვისა თუ ზეწოლისგან, ასევე ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რომელიც შესაძლოა აღქმული იქნას ამომრჩევლის ნების კონტროლად, მათ შორის არჩევნებზე მოსული ამომრჩევლების მონაცემების შეგროვებისგან. „სამართლიანი არჩევნები“ ასევე მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას - უზრუნველყოს ამომრჩევლის პირადი მონაცემების დაცვა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოხატვა.