2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების კენჭისყრის დღის შემაჯამებელი შეფასება
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება („სამართლიანი არჩევნები“) 2023 წლის 29 აპრილის საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებს ფოთი-ხობი-სენაკის 26-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, ხოლო მერების რიგგარეშე არჩევნებს თერჯოლისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში დააკვირდა. არჩევნები პრაქტიკულად უკონკურენტო გარემოში გაიმართა. ფოთი-ხობი-სენაკის 26-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნებში მხოლოდ ორი პარტიის („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” („ქართული ოცნება”); „თავისუფალი საქართველო”) კანდიდატი მონაწილეობდა, ხოლო თერჯოლისა და ცაგერის საარჩევნო ოლქებში მხოლოდ ერთი პარტიის („ქართული ოცნება”) კანდიდატი იყო წარმოდგენილი.
„სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია საუბნო საარჩევნო კომისიების 29 სტატიკური დამკვირვებლისგან და 2 მობილური ჯგუფისგან შედგებოდა. ორგანიზაცია კენჭისყრის დღის პროცესს სრულად, საარჩევნო უბნის გახსნიდან შედეგების შეჯამების დასრულებამდე იმ საარჩევნო უბნებზე აკვირდებოდა, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართა.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისგან მიღებული ინფორმაციით, არჩევნების დღემ მშვიდ გარემოში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. საარჩევნო პროცედურები უმეტესად გამართულად ჩატარდა. ელექტრონულმა ტექნოლოგიებმა დააჩქარა ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი. თუმცა, რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ვერიფიკაციისა და ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული აპარატების მუშაობის ხარვეზები, რამაც, რიგ შემთხვევებში, კენჭისყრის პროცესი შეაფერხა. გარდა ამისა, კენჭისყრის მიმდინარეობისას გამოიკვეთა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევები. კერძოდ, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატში ბიულეტენის მოთავსების განმეორებითი მცდელობის, ან, საბოლოოდ, ბიულეტენის გაფუჭებულად ჩათვლისა და ცალკე შენახვის შემთხვევაში, არ არსებობდა მექანიზმი, რომელიც სათანადოდ უზრუნველყოფდა ამომრჩევლის ხმის ფარულობას.
საარჩევნო უბნების ნაწილში კომისიის წევრებს, განსაკუთრებით კენჭისყრის პროცესის დასაწყისში, უჭირდათ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება და სჭირდებოდათ ზემდგომი საარჩევნო კომისიების წარმომადგენლების დახმარება. ამომრჩევლისათვის, პრობლემური იყო ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული აპარატების გამოყენება და ბიულეტენის სკანირების პროცესში ამომრჩეველთა დიდი ნაწილი დახმარებას საჭიროებდა.
ზოგიერთ საარჩევნო უბანზე მმართველი პარტიის წარმომადგენლები და სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლები ერეოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობაში; ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები და პარტიის წარმომადგენლები აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს.
უკონკურენტო არჩევნების პირობებშიც კი, მმართველ პარტიას უარი არ უთქვამს ამომრჩევლის მობილიზებისა და აღრიცხვის პრაქტიკაზე. ხშირ შემთხვევაში ეს, ასევე, საარჩევნო უბნის მიმდებარედ, 100 მეტრის მანძილზე ხდებოდა, რაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია.
კენჭისყრის დღის განმავლობაში პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით „სამართლიანმა არჩევნებმა” ორი საჩივარი წარადგინა, რომლებიც ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა.
I. საარჩევნო უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი
„სამართლიანი არჩევნების“ სტატიკურ დამკვირვებლებს ყველა (29) საარჩევნო უბანზე თავისუფლად შესვლისა და შეზღუდვების გარეშე დაკვირვების შესაძლებლობა მიეცათ. საარჩევნო უბნები აღჭურვილი იყო ხმის მიცემისათვის საჭირო შესაბამისი რაოდენობის ინვენტარით, მათ შორის ვერიფიკაციის და ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული აპარატებით. საარჩევნო უბნების გახსნისა და მოწყობის პროცედურები კანონით დადგენილი წესების შესაბამისად ჩატარდა. თითქმის ყველა (27) საარჩევნო უბანი 08:00 საათზე მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად.
საარჩევნო უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში დაფიქსირებული დარღვევები/ხარვეზები:
- ფოთის #3 საარჩევნო უბანზე კომისიამ ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი საარჩევნო სია საჯაროდ არ გამოაკრა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითებით კომისიამ ხარვეზი აღმოფხვრა;
- Ხობის #1 საარჩევნო უბანზე ვერიფიკაციის აპარატის ხარვეზის გამო კომისიამ კენჭისყრის დაწყება 08:40 საათამდე ვერ შეძლო. ამასთან, ვერიფიკაციის აპარატიდან საარჩევნო სიის ამობეჭდვა და საჯაროდ გაკვრა მხოლოდ კენჭისყრის პროცესის დაწყების შემდეგ გახდა შესაძლებელი;
- ხობის #7 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული აპარატი არ გააქტიურდა და კომისიამ მუშაობა მხოლოდ ერთი მოქმედი ხმის მიცემისა და დათვლის აპარატით განაგრძო;
- ფოთის #9 საარჩევნო უბანზე ვერიფიკაციის აპარატი შეფერხებით მუშაობდა და პერიოდულად თავიდან გააქტიურებას საჭიროებდა.
II. კენჭისყრის პროცესი
კენჭისყრა უმეტესად მნიშვნელოვანი დარღვევებისა და საარჩევნო პროცესისთვის ხელშეშლის გარეშე მიმდინარეობდა. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებამ საარჩევნო პროცედურები გაამარტივა და დააჩქარა, განსაკუთრებით ამომრჩევლის იდენტიფიცირების ნაწილში. საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლები ხმას სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე აძლევდნენ. ამომრჩევლები კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გადიოდნენ მარკირების პროცედურას. თუმცა, კენჭისყრის პროცესის დროს რამდენიმე საარჩევნო უბანზე ხმის ფარულობის დარღვევის, კომისიის საქმიანობაში ჩარევის, საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულების, მმართველი პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაციის, ამომრჩეველთა მობილიზებისა და აღრიცხვის შემთხვევები დაფიქსირდა.
კენჭისყრის პროცესში საარჩევნო უბანზე დაფიქსირებული დარღვევები/ხარვეზები:
- თერჯოლის #14 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი კომისიის წევრები კანონიერი საჭიროების გარდა, ცალკე ფურცელზე, აღრიცხავდნენ მისული ამომრჩევლების ვინაობასა და რაოდენობას. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა შენიშნა, რომ ერთ-ერთმა რეგისტრატორმა აღნიშნული ფურცელი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს გადასცა. დამკვირვებლის მითითების შემდეგ, აღრიცხვა შეწყდა;
- თერჯოლის #14 საარჩევნო უბანზე, რეგისტრატორი კომისიის წევრი და ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელი საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს აძლევდნენ მითითებას მმართველი პარტიის კანდიდატისთვის მიეცა ხმა. ,,სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის მითითების შემდეგ აღნიშნული დარღვევა აღმოიფხვრა;
- თერჯოლის #14 საარჩევნო უბანზე მმართველი პარტიის წარმომადგენელი და სადამკვირვებლო ორგანიზაცია ,,პოლიტიკის და სამართლის ობსერვერის” დამკვირვებელი ერეოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობაში და ითავსებდნენ კომისიის წევრის ფუნქციებს;
- ფოთის #9 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა დამოუკიდებლად ვერ შეძლო ძირითად საარჩევნო ყუთში სპეციალური ჩარჩო-კონვერტის საშუალებით ბიულეტენის მოთავსება. ამომრჩეველს ამ პროცესში, კომისიის წევრის ნაცვლად, ორგანიზაცია ,,პოლიტიკის და სამართლის ობსერვერის” დამკვირვებელი დაეხმარა. ამავე საარჩევნო უბანზე სხვა ამომრჩეველს კაბინაში დასახმარებლად შეჰყვა ორგანიზაცია ,,ასოციაცია თავისუფალი თაობის” დამკვირვებელი. „სამართლიანმა არჩევნებმა” ამ შემთხვევებზე საჩივარი დაწერა, რომელიც მოგვიანებით საოლქო საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა;
- ფოთის #1 საარჩევნო უბანზე ორგანიზაცია ,,პოლიტიკის და სამართლის ობსერვერის” დამკვირვებელი უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავდა. ასევე, ერეოდა საუბნო კომისიის წევრთა ფუნქციებში;
- ფოთის #8 საარჩევნო უბანზე ორგანიზაცია ,,პოლიტიკის და სამართლის ობსერვერის” დამკვირვებელი, ასევე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლი უბანზე მისულ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ;
- თერჯოლის #1 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორები ამომრჩევლისთვის ბიულეტენის შევსების წესების შესახებ ინსტრუქციის მიცემისას, ამომრჩეველს მმართველი პარტიის კანდიდატზე მითითებით ეუბნებოდნენ, რომ ზუსტად ასე უნდა შევსებულიყო ბიულეტენი, რაც აგიტაციის ნიშნებს შეიცავდა;
- თერჯოლის #5 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის დაბრუნებისას გამოვლინდა დისბალანსი, კერძოდ, საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრებს ბიულეტენი დააკლდათ, რაც ამომრჩევლისთვის სავარაუდოდ ერთის ნაცვლად ორი ბიულეტენის შემთხვევით გადაცემით ახსნეს. ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მითითებით, გადასატანი საარჩევნო ყუთი უბანზე არ გაიხსნა და საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაიგზავნა.
კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისას დაფიქსირებული ხარვეზები:
- თერჯოლის #1 და ცაგერის #25 საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლები ბიულეტენს ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონულ აპარატში დამოუკიდებლად, პრაქტიკულად, ვერ ათავსებდნენ. ამ პროცედურის განხორციელება უჭირდათ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსაც, განსაკუთრებით კენჭისყრის პროცესის დასაწყისში. Საჭირო იყო ზემდგომი საარჩევნო კომისიის წარმომადგენელის დახმარება;
- სენაკის #2, #3, #4, #16 , ხობის #11, ფოთის #3, ცაგერის #25 და თერჯოლის #2 საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული აპარატის მიერ ბიულეტენის სხვადასხვა მიზეზით უკან დაბრუნებისას, რამდენიმე შემთხვევაში, ამომრჩეველს ბიულეტენი გაუფუჭდა და ახლით შეუცვალეს. ამასთან, ფოთის #9, ცაგერის #25 და თერჯოლის #2, #14 საარჩევნო უბნებზე ბიულეტენის დაბრუნებისას, რიგ შემთხვევებში, ხმის ფარულობის პრინციპი დაირღვა;
- ფოთის #3 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემისა და დათვლის ერთ-ერთი ელექტრონული აპარატი ბიულეტენის შესავსები მარკერის მელნით დაისვარა, რის გამოც აპარატი ბიულეტენებს ვეღარ ასკანერებდა და მის გაწმენდას გარკვეული დრო დასჭირდა;
- Ხობის #2, თერჯოლის #24 და ფოთის #9 საარჩევნო უბნებზე რიგ შემთხვევებში ამომრჩევლები ისე ტოვებდნენ უბანს, რომ ბიულეტენის საარჩევნო ყუთში საბოლოოდ მოთავსებას არ ელოდებოდნენ. რამდენიმე შემთხვევაში, ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული აპარატიდან დაბრუნებული ბიულეტენი გაფუჭებულად ჩაითვალა და ამომრჩეველმა დაკარგა ხმა. შედეგად, ამ საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლის შემდეგ, შედეგების შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი აღმოჩნდა;
- Ხობის #7, #8, ფოთის #3, #9 და თერჯოლის #1 საარჩევნო უბნებზე ვერიფიკაციის ან/და ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული აპარატები გარკვეული პერიოდის მანძილზე შეფერხებით მუშაობდა, თუმცა ხარვეზები ტექნიკური პერსონალის დახმარებით მალევე აღმოიფხვრა.
კენჭისყრის პროცესში საარჩევნო უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები/ტენდენციები:
სამივე საარჩევნო ოლქში, განსაკუთრებით კი თერჯოლაში, ამომრჩეველთა მობილიზების, ორგანიზებულად მოყვანისა და აღრიცხვის პრაქტიკა შეიმჩნეოდა. ხშირ შემთხვევაში ეს საარჩევნო უბნის მიმდებარედ, 100 მეტრის მანძილზე, ხდებოდა. Საქართველოს კანონმდებლობით, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა აკრძალულია. გარდა ამისა, ამომრჩეველთა ორგანიზებული გადაყვანისათვის სატრანსპორტო საშუალებები იყო გამოყენებული, რომელთაგან ზოგიერთი ხანგრძლივი დროით რჩებოდა საარჩევნო უბნის მიმდებარედ. აღსანიშნავია ისიც, რომ ამომრჩეველთა ნაწილი კენჭისყრის შენობაში შესვლამდე და შესვლის შემდეგ სატრანსპორტო საშუალებაში მყოფ პირებს ეკონტაქტებოდა.
III. ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესი
ხმის დათვლის პროცედურები უმეტესად კანონით გათვალისწინებული წესების შესაბამისად წარიმართა. თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე კომისიამ წინასწარი შედეგების ქვითარი ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული აპარატებიდან უპრობლემოდ ამობეჭდა და ბიულეტენების დათვლის პროცესი საჯაროდ და გამჭვირვალედ ჩატარდა. საარჩევნო მასალები კანონით დადგენილი წესით დაილუქა.
Ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესში დაფიქსირებული დარღვევები:
- ფოთის #9 საარჩევნო უბანზე, გადასატანი საარჩევნო ყუთიდან ძირითად ყუთში ბიულეტენების გადატანისას, ხმის ფარულობის პრინციპი დაირღვა. „სამართლიანმა არჩევნებმა” ეს შემთხვევა გაასაჩივრა, რაც საოლქო საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა;
- ცაგერის #25 საარჩევნო უბანზე შედეგების შემაჯამებელ ოქმში მეტობით დისბალანსი დაფიქსირდა. კერძოდ, ხმების დათვლის შემდეგ, აღმოჩნდა რომ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი ერთით აღემატებოდა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას. საუბნო საარჩევნო კომისიის განმარტებით, დისბალანსი გამოწვეული იყო იმით, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემისას, ამომრჩეველზე ზედმეტი ბიულეტენი გაიცა, ხოლო საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ძირითად საარჩევნო ყუთში გადატანისას, აღნიშნული ზედმეტი, გამოუყენებელი ბიულეტენი კომისიამ შეცდომით მოათავსა ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონულ აპარატში.
IV. რეკომენდაციები
„სამართლიანი არჩევნების” დაკვირვების შედეგად გამოვლენილ დარღვევათა აღმოფხვრისა და ელექტრონული ტექნოლოგიებით კენჭისყრის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ორგანიზაცია საჭიროდ მიიჩნევს:
- საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ სიღრმისეულად გაანალიზდეს დანერგილი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების პრაქტიკა, განსაკუთრებით კი გამოვლენილი სირთულეები და ხარვეზები;
- საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყოს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების უკეთ მომზადება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით, რათა, ზემდგომი საარჩევნო კომისიების წარმომადგენლების დახმარების გარეშეც, შეძლონ დაკისრებული მოვალეობების შესრულება;
- გაგრძელდეს ამომრჩევლის უწყვეტი ინფორმირება დანერგილი ელექტრონული ტექნოლოგიების, განსაკუთრებით, კი, ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული აპარატის ფუნქციონირების შესახებ, რათა არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობა და არ დაიკარგოს ამომრჩევლის ხმა;
- საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლისთვის შეიქმნას და დაინერგოს ხმის მიცემის წესის შესახებ სტანდარტიზებული ინფორმაცია, მაგალითად, საარჩევნო უბანზე თვალსაჩინოდ გამოკრული ინსტრუქციის სახით, რათა მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს არ უხდებოდეთ ამომრჩევლის ინფორმირება;
- ამომრჩეველსა და საუბნო საარჩევნო კომისიას მიეცეს ცხადი ინსტრუქცია, რათა ამომრჩეველმა არ დატოვოს საარჩევნო უბანი ბიულეტენის საარჩევნო ყუთში საბოლოოდ მოთავსებამდე, ხმის ფარულობის შესაძლო დარღვევის ან/და ამომრჩევლის ხმის დაკარგვის რისკის შესამცირებლად;
- საარჩევნო ადმინისტრაციამ შეიმუშაოს შესაბამისი ინსტრუქცია, რომელიც ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული აპარატის მიერ დაბრუნებული, გაფუჭებული ბიულეტენის იმგვარად შენახვას/დამუშავებას უზრუნველყოფს, რომ არ დაირღვეს ამომრჩევლის ხმის ფარულობა;
- პოლიტიკურმა პარტიებმა უარი თქვან საარჩევნო უბანზე და მის მიმდებარედ ამომრჩეველთა აღრიცხვისა და მობილიზების ნეგატიურ პრაქტიკაზე;
- პოლიციამ პროაქტიულად მოახდინოს რეაგირება და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები საარჩევნო უბნის გარეთ 100 მეტრის მანძილზე ამომრჩეველთა აღრიცხვისა და მობილიზების შემთხვევებისას.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისია ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და, შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.