ფოთის საქალაქო სასამართლომ „სამართლიანი არჩევნების” დაცვის ქვეშ მყოფი პირი სამსახურში აღადგინა და განაცდური ხელფასი მიაკუთვნა
2023 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით, ფოთის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო ა(ა)იპ[1] „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მელიორაციის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანება მთავარი სპეციალისტის, ხვიჩა დოლბაიას გათავისუფლების შესახებ და დაწესებულებას მისი სამსახურში აღდგენა დაავალა. სასამართლომ, ასევე, დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
2020 წლის 1 მარტიდან გათავისუფლებამდე ხვიჩა დოლბაიასა და ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მელიორაციას“ შორის ფორმდებოდა მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულებები, სანიაღვრე არხებისა და სატუმბი სადგურების განყოფილების მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. 2020 წლის 1 ივლისიდან ხვიჩა დოლბაია, ასევე, მუშაობდა ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრში“, ქუჩების მოვლა პატრონობისა და კეთილმოწყობის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზეც. აღნიშნულ პოზიციებზე მუშაობის პერიოდში ხვიჩა დოლბაიას მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ გამოყენებულა.
2021 წლის 14 მაისს, სამსახურში გამოცხადებისას ხვიჩა დოლბაიას გაფრთხილების გარეშე ჩააბარეს ბრძანება, რომლითაც ეცნობა, რომ იმავე დღიდან გათავისუფლებული იყო სამსახურიდან. ბრძანებაში გათავისუფლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ იყო მითითებული. უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელეს ბრძანება ჩაბარდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა შრომით ხელშეკრულების მოქმედების ვადა (2021 წლის 30 ივნისი) არ იყო ამოწურული.
2021 წლის 19 მაისის ბრძანებით, ხვიჩა დოლბაიას მეორე დამსაქმებელმაც, ა(ა)იპ-მა ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მელიორაციამა" ხელშეკრულების მოქმედების ვადის (2021 წლის 31 ივლისი) ამოწურვამდე, გაფრთხილების გარეშე, შეუწყვიტა შრომითი ურთიერთობა. ამ შემთხვევაშიც დოლბაიას არ განემარტა გათავისუფლების მიზეზი.
ხვიჩა დოლბაია მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებების შეწყვეტის რეალური მიზეზი დისკრიმინაციული ხასიათისაა[2] და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდში მოაზრებულ პირებთან მის ახლო ურთიერთობას უკავშირდება. სწორედ ამ პროცესების შემდეგ, მალევე მოსთხოვეს ხვიჩა დოლბაიასაც ორივე სამსახურის საკუთარი განცხადებით დატოვება, რასაც ის არ დათანხმდა.
აღსანიშნავია, რომ საქმეში არ არსებობდა ისეთი ობიექტური გარემოება, რომელიც 1 წელზე ნაკლები დროით დოლბაიასთან შრომითი ხელშეკრულების დადებას გაამართლებდა.
ხვიჩა დოლბაიას ინტერესებს სასამართლოში ,,სამართლიანი არჩევნების” ადვოკატი მეგი ბაკურიძე იცავდა. ფოთის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ,,სამართლიანი არჩევნების” ადვოკატის არგუმენტები, დადგენილი სასამართლო პრაქტიკა[3] და მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა უვადოდ მიიჩნია.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფოთის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 13 აგვისტოს განჩინებით, ხვიჩა დოლბაიას წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დააკმაყოფილა, რითაც მოსარჩელის ინტერესი - აღდგენილიყო სადავო პოზიციაზე - უზრუნველყოფილ იქნა.
„სამართლიანი არჩევნები“, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, ახორციელებს სტრატეგიული სამართალწარმოების პროექტს, რომლის ფარგლებშიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირებს.
თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ:
info@isfed.ge
0 800 100 143
ზარი უფასოა.
[1] არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
[2]https://www.youtube.com/watch?v=1tRQ5T7DZvc&ab_channel=%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AE%E1%83%98GeorgianPublicBroadcaster
[3] სუსგ №ას-118-118-2018, 27 თებერვალი, 2018 წელი; ას 1418-2018 . 13 დეკემბერი 2019 წელი, №ას- 33-2020 17 ივნისი 2020 წელი