განცხადებები

ISFED-ის მიერ საარჩევნო უბნების გადათვლის მოთხოვნით წარდგენილი საჩივრები

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე შემაჯამებელ ოქმებში გამოვლენილი დისბალანსის და ოქმების გადასწორების გამოსამართლიანმა არჩევნებმა44 საოლქო საარჩევნო კომისიას 162 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის (შედეგების გადათვლის) მოთხოვნით მიმართა. საჩივრების უმრავლესობა უსაფუძვლობის მიზეზით არ დაკმაყოფილდა ან განუხილველი დარჩა არგუმენტით, რომ საჩივარი არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო შეტანილი. 

გასაჩივრებული 162 საარჩევნო უბნიდან საოლქო საარჩევნო კომისიებმა მხოლოდ 10 საუბნო საარჩევნო კომისიის საარჩევნო მასალები გადათვალეს, მათ შორის:

  • სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიამ გადათვალა #06.97 უბნის შედეგები, სადაც გამოვლინდა სხვაობა კანდიდატების მიერ მიღებულ ხმებსა და შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ მონაცემებს შორის. საგულისხმოა, რომ სამგორის სხვა ორი უბნის გადათვლასთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიამ ორგანიზაციის საჩივრები მომდევნო დღეს უსაფუძვლობის გამო აღარ დააკმაყოფილა. 
  • ხელვაჩაურის საარჩევნო კომისიამ, ხულოს 4 საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლის მოთხოვნიდან მხოლოდ 2 დააკმაყოფილა (30.84.25 აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული და 30.84.36 საქართველოს პარლამენტის პროპორციული), თუმცა შედეგები არა სრულად, არამედ მხოლოდ იმ მონაცემების ნაწილში გადათვალა, რაც გადასწორებული იყო შემაჯამებელ ოქმში. დანარჩენი ორი უბნის შემთხვევაში მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია. 
  • გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ 4 საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლის მოთხოვნიდან,  1 (15.32.04 მაჟორიტარული) დააკმაყოფილა. დათვლისას გამოვლინდა, რომ 2 ბათილი ბიულეტენი მითვლილი იყო მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის ნამდვილ ხმებში. 
  • თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ ახმეტის (10.18.20; 10.18.26), ყვარლის (10.16.18) და თელავის (10.17.40) საარჩევნო უბნების გადათვლის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა და ჯამში ოთხი საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალა. 
  • ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ 13 უბნის გადათვლის მოთხოვნიდან მხოლოდ 1 (28.79.19 საქართველოს პარლამენტის პროპორციული) დააკმაყოფილა, სადაც აღმოჩნდა, რომ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმები ყველა სახის არჩევნებში (საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული და პროპორციული, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს პროპორციული და მაჟორიტარული) დაჯამებული და ასახული იყო საქართველოს პარლამენტის პროპორციულ შემაჯამებელ ოქმში, რამაც მაღალი დისბალანსი გამოიწვია. 
  • ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიამ 5 საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლის მოთხოვნიდან, მხოლოდ ერთი (30.83.23 მაჟორიტარული ოქმის შედეგები) დააკმაყოფილა, ამასთან  პროპორციული შედეგების გადათვლაზე უარი განაცხადა. აღმოჩნდა, რომ ბათილი ბიულეტენები უფრო მეტია, ვიდრე ეს შემაჯამებელ ოქმში იყო მითითებული, თუმცა კომისიამ მიიჩნია, რომ ეს შედეგზე გავლენას არ მოახდენდა და შემაჯამებელი ოქმი თავისი შესწორების ოქმებით არ გააბათილა. ამომრჩეველთა ერთიანი სიები არ გადაუთვლიათ, შესაბამისად გაუგებარია, როგორ უნდა გაასწოროს კომისიამ დისბალანსი.

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ „სამართლიანი არჩევნების“ მოთხოვნა 7 საარჩევნო უბნის გადათვლის შესახებ განუხილველად დატოვა, თუმცა მომდევნო დღეს, საკუთარი ინიციატივით გადათვალა #23.59.102 საარჩევნო უბნის შედეგები. მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიამ სანამ საჩივრების განხილვა დაიწყო, „სამართლიანი არჩევნების“ 6 საარჩევნო უბნის გადათვლის  მთხოვნიდან, საკუთარი ინციატივით განიხილა #01.01.18 უბნის შედეგები და  უსაფუძვლობის არგუმენტით ორგანიზაციის საჩივარი აღარ დააკმაყოფილა. დანარჩენ საარჩევნო უბნებზე გადათვლა არ დაკმაყოფილდა.

აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული მცირე დროიდან და შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე, ორგანიზაციამ ვერ მოახერხა ყველა პრობლემატურ შემაჯამებელ ოქმთან დაკავშირებით საჩივრის წარდგენა. ამიტომ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ არაერთხელ მოუწოდა საარჩევნო ადმინისტრაციას, გამოეყენებინა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და თავისი ინიციატივით, საჩივრების მიუხედავად, გადაეთვალა ყველა ის უბანი, სადაც პრობლემა დაფიქსირდა და კითხვის ნიშნები არსებობდა.  

საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ტენდეციის სახე ჰქონდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში დაშვებული შეცდომების/უზუსტობების (დისბალანსი, მონაცემების გადასწორება, საჭირო რეკვიზირების დანაკლისი) გასასწორებლად, შესწორების ოქმების შედგენას საოლქო საარჩევნო კომისიებში. ეს პროცესი, ძირითადად, კენჭისყრის მეორე დღეს მიმდინარეობდა. 

საჩივრების დიდი ნაწილი შედეგების გადათვლასთან დაკავშირებით უსაფუძვლობის მოტივით არ დაკმაყოფილდა. 

ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიები არგუმენტად იყენებდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებებს და შესწორების ოქმებს, რაც მაღალი რაოდენობის დისბალანსის მქონე შემაჯამებელ ოქმებში სანდოობის საფუძველი ვერ იქნება. შესწორების ოქმების დიდი ნაწილი ეყრდნობოდა საუბნო კომისიის წევრთა ზეპირ ან წერილობით განმარტებას. შესაბამისად, შემაჯამებელი ოქმების შესწორების პროცესი იყო სრულიად სუბიექტური. შესწორების ოქმებში შესატანი რიცხვების დასაზუსტებლად, საოლქო კომისიას დალუქული პაკეტები არ გაუხსნია და რეალური მონაცემები არ გადაუთვლია. საოლქო კომისიები ყველანაირად არიდებდნენ თავს უბნის შედეგების გადათვლას.

შესაბამისად, კვლავ პრობლემას წარმოადგენს ბოლო რამდენიმე არჩევნებზე დამკვიდრებული მავნე პრაქტიკა, როდესაც შემაჯამებელ ოქმში დაშვებული ნებისმიერი სახის დარღვევა, განურჩევლად მისი სიმძიმისა სწორდებოდა საოლქო კომისიებში შესწორების ოქმებისა და საუბნო კომისიის წევრების მიერ დაწერილი ახსნა-განმარტებების საფუძველზე. შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული მნიშვნელოვანი დარღვევების მიმართ მსგავსი ზედაპირული მიდგომა  ვერ უზრუნველყოფს არჩევნების შედეგებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას.   

საგულისხმოა, რომ საოლქო კომისიების ნაწილი წარდგენილ საჩივრებს ნაწილობრივ აკმაყოფილებდნენ: კერძოდ შედეგების გადათვლის მოთხოვნის ნაწილი სრულიად უარყოფილი იყო, თუმცა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს - უმეტესად თავმჯდომარესა და მდივანს დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებდნენ რაც ძირითადად შენიშვნას გულისხმობდა. კანონმდებლობის უხეში დარღვევის გამო საუბნო კომისიების წევრთა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნის მიუხედავად, საოლქო კომისიების ნაწილი მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის მსუბუქი ფორმით შემოიფარგლებოდა. 

პრობლემურ უბნებზე ფორმალური მიზეზით ოლქები თავიდან ირიდებდნენ საჩივრების განხილვას

საოლქო საარჩევნო კომისიათა ნაწილი, ფორმალური საბაბის გამოყენებით უარს ამბობდა მნიშნელოვანი დარღვევების შესახებ საჩივრებზე რეაგირებაზე და მათ განხილვის გარეშე ტოვებდა. მაგალითად კომისია იმიზეზებდა, რომ საჩივარს არ ახლდა სათანადო მინდობილობა. „სამართლიანი არჩევნების“ შემთხვევაში ყველა დამკვირვებელს აკრედიტაციასთან ერთად ქონდა მინდობილობა, თუმცა კომისიას აღნიშნული დოკუმენტი არც კი მოუთოხვია, ისე დატოვა საჩივრები განუხილველად. ცალკე პრობლემას წარმოადგენს, აკრედიტირებული დამკვირვებლისთვის დამატებით მინდობილობის მოთხოვნა, რომელიც გაუგებარს ხდის აკრედიტაციის დანიშნულებას. აღნიშნული ქმედება ერთმნიშვნელოვნად ქმნიდა შთაბედჭილებას, რომ საჩივრების განუხილვევლად დატოვების ნამდვილ მიზეზს დარღვევებზე მსჯელობის, მათი გამოაშკარავების და გადაწყვეტის სურვილის არქონა წარმოადგენდა. 

ასევე, ქუთაისის და ადიგენის შემთხვევაში, საჩივრის განხილვა დაინტერესებული პირის დასწრებისა და მისთვის მოსაზრების წარდგენის საშუალების მიცემის გარეშე წარიმართა. იყო შემთხვევა, როცა საოლქო კომისიამ საჩივრის განხილვის მცდარი დრო შეატყობინა დამკვირვებელს და რეალურად გადაწვეტილება მანამდე მიიღო. შესაბამისად, საჩივრის წარმდგენი ფაქტის წინაშე ისე დააყენა მისი ინტერესების დაცვის შესაძლებლობა არ მისცა.  

საოლქო საარჩევნო კომისიების რეაგირება საარჩევნო უბნების გადათვლაზე წარდგენილ საჩივრებზე ცალსახად უარყოფითად უნდა შეფასდეს, როგორც არაეფექტური, რამაც პროცესის სასამართლოში გადანაცვლება და დროში გაჭიანურება გამოიწვია. ცხადია, ძალიან შეზღუდული ვადებიდან და რესურსიდან გამომდინარე შეუძლებელი იქნება ყველა დაუკმაყოფილებელი საჩივრის სასამართლოში გასაჩივრება. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ სათანადოდ ვერ უპასუხა არსებულ გამოწვევას და ნაცვლად მისი მოგვარებისა, უფრო მეტად გაწელა პროცესი, რაც ამწვავებს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს და ხელს არ უწყობს მის გადაჭრას. შექმნილმა ვითარებამ, ნათლად წარმოაჩინა საარჩევნო ადმინისტრაციაში არსებული პრობლემები და საარჩევნო დარვევებზე რეაგირების დამკვიდრებული პრაქტიკის და მიდგომების მიუღებლობა და არაეფექტურობა.