განცხადებები

ISFED სოლიდარობას უცხადებს ქალ უფლებადამცველებს

ფოტო: ქალთა მოძრაობა

 

გვსურს, სოლიდარობა გამოვხატოთ ქალი უფლებადამცველების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიისა და თავდასხმის სამიზნე გახდნენ ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ ერთ-ერთ ტურნირში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ.  ფაქტს  სოციალურ მედიაში ორგანიზებული აგრესიის  კამპანიის მოჰყვა როგორც არასამათავრობო ორგანიზაციების, ასევე  უფლებადამცველების მიმართ. აღნიშნული განაპირობა მათმა საჯარო პოზიციონირებამ ჩოგბურთელის  წინააღმდეგ მიმდინარე ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით.

ქალ უფლებადამცველებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ გენდერული თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობისთვის მიმდინარე ბრძოლის პროცესში, რაც საზოგადოებაში დისკრიმინაციის, ძალადობისა და განსხვავებული მოპყრობის აღმოფხვრას ისახავს მიზნად. ისტორიულად, არაერთმა მოძრაობამ და ქალთა უფლებების აღიარებისთვის მიმდინარე ბრძოლამ შეუწყო ხელი საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპების, ძალადობრივი გარემოს შეცვლას, მათ შორის მისცა ქალებს შესაძლებლობა კაცების თანასწორად ესარგებლათ ფუნდამენტური უფლებებით.  სწორედ, საქმიანობის ეს სფეროები აქცევს ქალ უფლებადამცველების აქტივობას მაღალი რისკის ქვეშ, რაც ხშირად მათი დისკრედიტაციაში, სიტყვიერ და ფიზიკურ თავდასხმაში გამოიხატება. ქალი უფლებამდაცველების მიზანმიმართული, გენდერული ნიშნით განხორციელებული თავდასხმა  მიანიშნებს საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმულ მიზოგენიურ განწყობებზე და  აფერხებს ძალადობის ფაქტების საჯარო მხილების პროცესს.