განცხადებები

აღსრულების ეროვნული ბიურო გაუმართლებლად აყოვნებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას

„სამართლიანი არჩევნები” თბილისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ უკანონოდ გათავისუფლებული ნოდარ ავდალიანის ინტერესებს სასამართლოში იცავდა. 2022 წელს სასამართლომ ბათილად ცნო გათავისუფლების შესახებ ბრძანება და მოპასუხეს, ავდალიანის სასარგებლოდ, იძულებითი განაცდურის და კომპენსაციის გადახდა დააკისრა. 2023 წლის თებერვალში „სამართლიანმა არჩევნებმა” აღსრულების ეროვნულ ბიუროს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით მიმართა, თუმცა მიმართვიდან 8 თვის შემდეგაც ბიურო არ ასრულებს ამ გადაწყვეტილებას, რაც კანონის დარღვევას წარმოადგენს. 

 

ნოდარ ავდალიანი ა(ა)იპ[1] თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე 2018 წლიდან მუშაობდა. 2021 წელს ავდალიანმა საქართველის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებულ ახალ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრების გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც იგი სამსახურიდან ხელშეკრულების ვადის გასვლის მიზეზით გაათავისუფლეს. ავდალიანი სამსახურიდან მის გათავისუფლებას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებდა.

 

ნოდარ ავდალიანმა სამართლებრივი დახმარებისთვის „სამართლიან არჩევნებს” მიმართა. მის ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაციის ადვოკატი თეონა კილაძე იცავდა. სასამართლომ გაიზიარა „სამართლიანი არჩევნების” ადვოკატის პოზიცია, რომ მოსარჩელე 30 თვეზე მეტი ვადით იყო დასაქმებული თანამდებობაზე, რის გამოც მისი შრომითი ურთიერთობა უვადოდ უნდა ყოფილიყო მიჩნეული და დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნები, კერძოდ, ბათილად ცნო გათავისუფლების შესახებ ბრძანება და მოპასუხეს იძულებითი განაცდურის და კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

 

მოპასუხე მხარემ გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა, ხოლო საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო. საბოლოოდ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში 2022 წლის 24 დეკემბერს შევიდა.

 

2023 წლის 6 თებერვალს „სამართლიანმა არჩევნებმა” სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით,  აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა.  მიუხედავად იმისა, რომ  აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის მიმართვიდან 8 თვეზე მეტი გავიდა, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არ ხდება. გენერალური ინსპექციისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელისათვის მიმართვისა და იძულებითი სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის მიუხედავად, აღმასრულებლის მიერ ამ დრომდე  არ არის გაგზავნილი ინკასოს შესახებ წერილი და გაუმართლებლად ყოვნდება გადაწყვეტილების აღსრულება, რაც წარმოადგენს დანაშაულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლი ადგენს სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

მოვუწოდებთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს", აღასრულონ სასამართლოს  კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

 

„სამართლიანი არჩევნები”, ამ საქმეს USAID  სამართლის უზენაესობის პროგრამისა და „ღია საზოგადოების ფონდის” მხარდაჭერით, ახორციელებს.

თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ:

0 800 100 143;

info@isfed.ge

ზარი უფასოა.

 

[1] არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი