განცხადებები

Სამართლიანი არჩევნები (ISFED) ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული თანამშრომლის უფლებებს დაიცავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა) იპ "მოსწავლე–ახალგაზრდობის  სასახლის" მატერიალურ-ტექნიკურ საკითხთა განყოფილების უფროსი, თამარ ქომეთიანი აცხადებს, რომსამსახურიდან გათავისუფლების მიზნით, მიზანმიმართულად დევნიდნენ და ხელოვნურად შეუქმნეს გათავისუფლების საფუძველი. თამარ ქომეთიანი აღნიშნულ დაწესებულებაში 2020 წლიდან მუშაობდა. მისი პოლიტიკური დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტია,,საქართველოსთვის“ მხარდაჭერა გამოუცხადა და თავისი პოლიტიკური შეხედულებები გაასაჯაროა. 

 

ქომეთიანის თქმით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა ისრამდენჯერმე დაიბარა და სამსახურიდან გათავისუფლებაზე განცხადების დაწერა სთხოვა. განცხადების დაწერაზე უარის თქმის შემდეგ, მის წინააღმდეგ დაიწყო სხვადასხვა საფუძვლით დისციპლინური წარმოება შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნის სისტემატურად დარღვევის გამო. 

 

თამარ ქომეთიანის თქმით, დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია. მას დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთი ზომა ფეისბუქის პირად გვერდზე გიორგი გახარიას მხარდასაჭერიპოსტის გაზიარების გამო დაეკისრა.

 

ქომეთიანს შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა გავიდა 2021 წლის 31 დეკემბერს. ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის“ სახლის დირექტორს ხელშეკრულების შეწყვეტამდე არ მიუწოდებია ინფორმაცია რომ მასთან ხელშეკრულების გაგრძელებას აღარ აპირებდა. ქომეთიანი აცხადებს, რომ ორჯერ მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტის დასაბუთება, თუმცა დაწესებულების დირექტორმა, დავით შამათავამ აღნიშნული ინფორმაცია არ მიაწოდა.

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) იცავს თამარ ქომეთიანის ინტერსებს და გეგმავს სამართლებრივი დაცვის ყველა საჭირო მექანიზმის გამოყენებას, რათა დადგინდეს პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი და აღდგეს მისი დარღვეული უფლებები.