„არა-ფობიას!“ განცხადება შობის ღამეს გამონაკლისის დაწესებაზე
სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ვიცე-პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებებს კომენდანტის საათიდან დაგეგმილი გამონაკლისების შესახებ. პლატფორმა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ნებისმიერი შეზღუდვა, ასევე მისგან გამონაკლისი დააწესოს თანასწორობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების განუხრელი დაცვით და არ შექმნას დისკრიმინაციის ახალი პრეცედენტი.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 05:00 საათამდე დაწესდა. მიღებული დადგენილებით გამონაკლისი იქნება 31 დეკემბრის (ახალი წლის) და 6-7 იანვრის (შობის) ღამე. ამ მხრივ საყურადღებოა ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადება, რომელმაც აღნიშნა: „...იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მართლმადიდებელია და შობას აღნიშნავს 6-დან 7 იანვარს ღამეს, ამ შეზღუდვიდან იყო აღებული გამონაკლისი. [ეს შეზღუდვა] მოხსნილი იყო ამ დღეს იმიტომ, რომ ეს საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ეხებოდა, რადგან ეს პრაქტიკულად ყველას ეხებოდა".
სამოქალაქო პლატფორმა “არა-ფობიას” მიიჩნევს, რომ დაწესებული შეზღუდვიდან მხოლოდ 6 იანვრის ღამეს დაგეგმილი გამონაკლისი რელიგიის ნიშნით დისკრიმინაცია და ხელისუფლების კიდევ ერთი განაცხადია, რომ ის არ განიხილავს რელიგიურ უმცირესობებს თანასწორუფლებიან მოქალაქეებად. ამ მხრივ, განსაკუთრებით საგანგაშოა მაია ცქიტიშვილის განცხადება, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის საპირისპიროდ (რაც მოიაზრებს უმცირესობათა უფლებების პატივისცემასა და დაცვას)[1], ცხადად მიუთითებს, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებებს მხოლოდ უმრავლესობის პერსპექტივიდან იღებს. ახლა, როდესაც უაღრესად მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია და ყველას თანასწორუფლებიანობაზე მკაფიო ხაზგასმა, ხელისუფლება, მსგავსი განცხადებებით ადამიანებს პირველ და მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ყოფს და კიდევ უფრო აღრმავებს უსამართლობის განცდას.
გასათვალისწინებელია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები აკეთებენ ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს. გაზაფხულზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მართლმადიდებლური სახელმწიფოა, რითაც ხაზი გაუსვა ერთი აღმსარებლობის უპირატესობას და უგულვებელყო სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთდამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპი.
ამასთან, ხელისუფლების გადაწყვეტილებებმა და განცხადებებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა პრემიერის დაქვემდებარებაში მოქმედი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ნეგატიური როლი. სააგენტოს მანდატი პრემიერისა და მთავრობისთვის რელიგიის თავისუფლების საკითხებზე კონსულტაციას გულისხმობს, თუმცა, ამ უწყებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ რელიგიიის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების თანასწორუფლებიანობის დაცვის ნაცვლად, ხელს უწყობს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის პრივილეგიების მინიჭებას. ეს კარგად გამოჩნდა პანდემიის დროს სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებშიც.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:
- იმოქმედოს სეკულარიზმის, თანასწორობის და სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპების დაცვით და თანაბარი წესი გაავრცელოს ყველა რელიგიურ გაერთიანებაზე;
- გაიაზროს რელიგიის თავისუფლების მნიშვნელობა და მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებამდე, კონსულტაციები გამართოს რელიგიური ორგანიზაციების ფართო სპექტრთან.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
მედიის განვითარები ფონდი (MDF)
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
თანასწორობის მოძრაობა
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
თბილისი პრაიდი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
საფარი
უფლებები საქართველო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
----
[1] სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 22-ე ზოგადი კომენტარის თანახმად, სახელმწიფო არაა უფლებამოსილი მიიღოს რელიგიური უმცირესობების მიმართ დისკრიმინციული ზომები იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ მოსახლეობის უმრავლესობა სხვა კონფესიის მიმდევარია (პარ. 9). ხელმისაწვდომია: https://www.equalrightstrust.org/ertdocumentbank/general%20comment%2022.pdf .