განცხადებები

არასამთარობო ორგანიზაციების განცხადება თორდიას საქმეზე

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით 24 მაისს გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც სავარაუდოდ გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას 2016 წლის 24 დეკემბერს  კაფე-ბარ „პ.ა.მ კლუბში“ მომხდარი ინციდენტი არის ასახული. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის საფუძველზე 2016 წლის 24 დეკმებრიდან მიმდინარეობს. 

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ გავრცელებული ვიდეომასალის ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ამ ინციდენტს უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და გენერალური აუდიტორის მხრიდან კანონის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში,  მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. თუმცა, ამასთანავე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტული მტკიცებულება არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნას გამოყენებული პირის მაკომპრომიტირებელ იარაღად. 

შინაგან საქმეთა სამინისტოს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის შესახებ სამინისტროს ჯერ კიდევ 2016 წლის 24 დეკემბერს ჰქონდა, თუმცა დღემდე ვიდეომასალის ავთენტურობის საკითხი დადგენილი არ არის და არ არის გამოკვეთილი პასუხისმგებელი პირი. მიგვაჩნია, რომ ვიდეომასალის გავრცელება საეჭვოდ ემთხვევა ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძის შორის მომხდარ ინციდენტზე დაწყებულ გამოძიებას და შესაძლოა, ამ შემთხვევის აქტუალურობის გადაფარვის მცდელობას ისახავდეს მიზნად. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არ არის პირის მაკომპრომეტირებელი მასალის გასაჯაროვების პირველი შემთხვევა. სამწუხაროდ, მსგავსი ეჭვები წარსულშიც არაერთხელ გაჩენილა, ეს კი შესაძლოა, სამართალდამცავი სისტემის მუშაობის მანკიერ მეთოდებზე მიუთითებდეს. ამასთან გაუგებარია, როგორ მოხდა გამოძიების ხელთ არსებული ვიდეო მასალის გასაჯაროვება. დამატებით ეჭვებს აჩენს ოთარ ფარცხალაძის მიერ მიმდინარე წლის 14 მაისს გაკეთებული განცხადება, სადაც ის ლაშა თორდიას ცუდ ქცევაზე მიუთითებს. აღნიშნული განცხადება აჩენს საფუძვლიან ეჭვებს, რომ ოთარ გარცხალაძემ წინასწარ იცოდა ვიდეო მასალის არსებობის შესახებ. ამგვარი განცხადების გავრცელება კი შესაძლოა ასევე შეფასდეს მთავარი აუდიტორის დაშინებისა და მასზე ზემოქმედების მცდელობად. 

ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელსა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი ინციდენტი არავითარ კავშირში არ არის გავრცელებულ ვიდეო კადრებთან და ორივე შემთხვევა დამოუკიდებლად უნდა იქნას გამოძიებული. ბოლო პერიოდის მოვლენათა ქრონოლოგია კიდევ ერთხელ მიუთითებს სამართლადამცავი ორგანოების პოლიტიზირების პრობლემაზე და აჩენს ლეგიტიმურ ეჭვებს ამ ორგანოთა საქმიანობის მიმართ. 

მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელის მიმართ, სავარაუდოდ ამ ორგანოს საქმიანობასთან კავშირში ჩადენილი ძალადობრივი აქტის  ობიექტური და დროული გამოძიება, რომელიც საქართველოს პარლამენტის აქტიური მონაქილეობით უნდა განხოორციელდეს. ასევე მნიშვნელოცანია ჩატარდეს დროული გამოძიება და შესაბამისი კვალიფიკაცია მისცეს 2016 წლის 24 დეკემბერს მომხდარ ინციდენტს. 



ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
ადამიანის უფლებათა ცენტრი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი