განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება განცხადება მერებისა და გამგებლების არჩევის წესისა და მათთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ

საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ პროექტის მეორე მოსმენით განხილვა. აქედან გამომდინარე, გვსურს, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია საკრებულოს მიერ მერისთვის/გამგებლისთვის უნდობლობის გამოცხადების მექანიზმის შესახებ, რაც გათვალისწინებულია წარმოდგენილი პროექტით. 
პროექტით შემოთავაზებულია ისეთი მნიშვნელოვანი სიახლე, როგორიცაა გამგებლების (მერების) პირდაპირი წესით არჩევა, რაც, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩვენი ორგანიზაციების მოთხოვნას წარმოადგენდა. სამწუხაროდ, შემოთავაზებული კანონპრექტი ითვალისწინებს ნორმას, რომელიც არჩევითი მერებისა და გამგებლების ინსტიტუტის მნიშვნელობას ასუსტებს. 

კერძოდ, საუბარია კოდექსის პროექტის 48-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს პირდაპირი წესით არჩეული გამგებლისთვის (მერისთვის) უნდობლობის გამოცხადების პროცედურას. აღნიშნული საკითხის ინიცირების უფლება აქვს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე 
მეტს ან მუნიციპალიტეტის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 20%-ს. 

აღნიშნული ეწინააღმდეგება წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპს. ამომრჩეველთა უმრავლესობის მიერ არჩეული გამგებლისთვის (მერისთვის) უნდობლობის გამოცხადების უფლება ეძლევა საკრებულოს, რის განსახორციელებლადაც საკმარისი იქნება საკრებულოს წევრთა გარკვეული ჯგუფი, მაქსიმუმ 15-20 წევრი. აღნიშნული მექანიზმი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას პოლიტიკური მოტივით, კერძოდ, საკრებულომ შეიძლება მოახდინოს უნდობლობის პროცესის ინიცირება იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს უმრავლესობასა და გამგებელს (მერს) შორის არსებობს პარტიული ან სხვა სახის დაპირისპირება. 

შესაბამისად, გარდა იმისა, რომ მოცემული წესით გამგებლის (მერის) გადაყენება წინააღმდეგობაში მოდის მოსახლეობის მიერ გაკეთებულ არჩევანთან და მათ მიერ გამოხატულ ნებასთან, ნორმამ შესაძლებელია პოლიტიკურად არასტაბილური გარემო შექმნას. პროექტის 48-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკრებულოს შესაძლებლობა ეძლევა გამგებლის (მერის) უფლებამოსილების ერთი ვადის განმავლობაში რამდენჯერმე განახორციელოს უნდობლობის პროცედურა. აღნიშნული კი გამოიწვევს იმას, რომ გამგებელი (მერი) მისი საქმიანობის განხორციელებისას უფრო მეტად იქნება დამოკიდებული საკრებულოს და მასში შემავალი პოლიტიკური პარტიების კეთილგანწყობილებაზე, რათა ამ უკანასკნელმა ინიცირება არ გაუკეთოს მის წინააღმდეგ უნდობლობის პროცედურას, რაც, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს გამგებლის (მერის) მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. 

თანამდებობის პირების პირდაპირი წესით არჩევის მიზანს წარმოადგენს უზრუნველყოს მოსახლეობის ჩართულობა თვითმმართველობის ორგანოთა ფორმირებაში, არჩეული თანამდებობის პირის/ორგანოს სტაბილურობა და დამოუკიდებლობა. საკრებულოსთვის მსგავსი უფლების მინიჭების შედეგად მივიღებთ იმავე რეალობას, რაც დღეს მოქმედი კოდექსით არის დადგენილი, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარეს შეუძლია თანამდებობიდან გაათავისუფლოს გამგებელი საკრებულოს თანხმობით, რისი სამწუხარო მაგალითებიც მრავლად ვნახეთ 2013 წლის განმავლობაში. შესაბამისად, ასეთი დათქმა ამცირებს ამ თანამდებობის პირების პირდაპირი წესით არჩევის არსს და მნიშვნელობას.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს ამოიღოს უნდობლობის მექანიზმი კოდექსის პროექტიდან.