განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციები ინტერფრაქციულ ჯგუფს ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემას სთავაზობენ

როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანებით შეიქმნა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს ორგანულ კანონში - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და სხვა კანონებში შესატანი ცვლილებების მომზადება და პარლამენტში წარდგენა.

ინტერფრაქციულმა ჯგუფმა უკვე გამართა პირველი სამუშაო შეხვედრა, სადაც მონაწილეობის საშუალება ჰქონდათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებს.

მიგვაჩნია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა, კერძოდ, უნდა მოხდეს ისეთი სისტემის დამკვიდრება, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და ამომრჩეველთა ნების პროპორციულად გარდასახვას მანდატებში. 

აღსანიშნავია, რომ დღეს არსებული საარჩევნო სისტემა დიდი ხანია წარმოადგენს კრიტიკის საგანს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ვინაიდან, ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების პროპორციულად ასახვას მანდატებში, დიდია ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობა, არ არის დაცული ერთი ხმის თანასწორობის პრინციპი.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია საარჩევნო სისტემის ცვლილების აუცილებლობაზე ვსაუბრობთ,  (ამ საკითხის დროულ ვადებში განხილვის მოთხოვნა ჩვენს მიერ ჯერ კიდევ 2013 წელს ინტერფრაქციულ ჯგუფში იქნა დაყენებული), 2013 წელს ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში აღნიშნული საკითხის განხილვა არ მოხდა და მომავლისთვის გადაიდო. სამწუხაროდ, მხოლოდ ახლახან, 2014 წლის იანვარში მოხერხდა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის შეკრება და თემის გარშემო პირველი ღია მსჯელობა.
ჩვენი, არასამთავრობო ორგანიზაციების სურვილია ისეთი საარჩევნო სისტემის მიღება, რომელიც გადაჭრის მოქმედი სისტემით არსებულ პრობლემებს და უკეთ ასახავს საქართველოს მოქალაქეთა მიერ არჩევნებში გამოვლენილ ნებას. შესაბამისად, წარმოდგენილი რეკომენდაციების შემუშავებისას, ჩვენი მიზანი არის ინტერფრაქციული ჯგუფისთვის ისეთი საარჩევნო სისტემების შეთავაზება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომლებიც უპასუხებს არსებულ გამოწვევებს. 

მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების მიერ პოლიტიკური გადაწყვეტილების დროულად მიღების და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების თებერვლის შუა რიცხვებამდე შეტანის შემთხვევაში, შესაძლებელია საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდეს. თუმცა, თუ საკითხის გადაწყვეტა გაჭიანურდება, იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლა, გარდა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ტრენინგებისა და სხვა ტექნიკურ-ადმინისტრაციული საკითხებისა, მოითხოვს ასევე, მოსახლეობისათვის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის წარმოებას, ძირეული ცვლილებების განხორციელება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.  

საარჩევნო სისტემის შერჩევისას, პირველ რიგში, განვსაზღვრეთ ის პრიორიტეტები, რასაც ახალი საარჩევნო სისტემა უნდა ითვალისწინებდეს. ესენია: 

 პროპორციულობა - ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად ასახვა მანდატებში;
 ამომრჩეველთა ე.წ. „დაკარგული ხმების“ მინიმალური ოდენობის უზრუნველყოფა;
 მცირე პარტიების და დამოუკიდებელი კანდიდატებისა წარმომადგენლობის ხელშეწყობა;
 სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლობა (უმცირესობები) და გენდერული თანასწორობა;
 არჩევნებისადმი მოსახლეობის ნდობის გაზრდა;
 კანდიდატებზე ორიენტირება;
 მეორე ტურის აუცილებლობის ნაკლები ალბათობა;
 სიმარტივე. 
აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ინტერფრაქციულ ჯგუფს ვთავაზობთ შემდეგი საარჩევნო სისტემების განხილვას: 
 საკრებულოს არჩევნებისთვის:
ა) პროპორციული არჩევნებისთვის - სიითი პროპორციული სისტემა (ღია სიით);  მაჟორიტარული არჩევნებისთვის - მრავალმანდატიანი ოლქის შემთხვევაში ბლოკური კენჭისყრა, ხოლო ერთმანდატიანი ოლქის შემთხვევაში ალტერნატიული კენჭისყრა; 
ბ) შერეული წევრობის სისტემა;
 გამგებლის (მერის) არჩევნებისთვის - ალტერნატიული ხმის მიცემის სისტემა.

გამგებლის (მერის) არჩევნებისთვის მხარს ვუჭერთ 50% ბარიერს, რასაც ითვალისწინებს ჩვენს მიერ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა. ვთვლით, რომ აღნიშნული ბარიერი უზრუნველყოფს ამომრჩეველთა უმრავლესობის ნების ასახვას და არჩეული კანდიდატის ლეგიტიმაციის მაღალ ხარისხს.

ვიმედოვნებთ, რომ ინტერფრაქციული ჯგუფი დროულად განიხილავს წარდგენილ რეკომენდაციებს და საარჩევნო სისტემის შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროს იხელმძღვანელებს ზემოაღნიშნული პრინციპებით და საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებით, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. 

დეტალური ინფორმაცია ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საარჩევნო სისტემების უპირატესობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.