არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიციის მიერ თანასწორობის მოძრაობის აქტივისტების ცემის ფაქტს ეხმაურებიან
ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციები და ჯგუფები უკიდურეს აღშფოთებას გამოვხატავთ ბათუმში „თანასწორობის მოძრაობის“ აქტივისტების, ლევან ბერიანიძისა და თორნიკე კუსიანის სავარაუდო ჰომოფობიური მოტივით ცემის, თვითნებური დაკავებისა და პოლიციის თანამშრომლების მიერ დამამცირებელი და არაადამინური მოპყრობის ფაქტებზე და პროკურატურას მოვუწოდებთ საქმის დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ, რათა უზრუნველყოფილი იქნას დამნაშავე პოლიციელების სამართლიანი დასჯა.ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვთხოვთ შესაბამისი პოლიციის თანამშრომლების უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებას და სამართალდარღვევის დადასტურების შემთხვევაში გათავისუფლებას, საპოლიციო სისტემის შიგნით კი – სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის ეფექტიანი პოლიტიკის გატარებასა და თანასწორობაზე დაფუძნებული საპოლიციო კულტურის დამკვიდრებას.
2017 წლის 25 აგვისტოს, გამთენიისას, ქ. ბათუმში თორნიკე კუსიანს, ლევან ბერიანიძესა და მათ თანმხლებ სამ პირს უცნობმა პირმა სავარაუდოდ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად გაუსწორდა. ძალადობრივ ინციდენტში გარშემო მყოფი სხვა პირებიც ჩაერთვნენ. დაზარალებულებმა დახმარება შემთხვევის ადგილთან მყოფ პოლიციის თანამშრომლებს სთხოვეს, თუმცა დანაშაულებრივი ინციდენტის დაფიქსირების მიუხედავად, პოლიციელებს არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ და დაზარალებულებს საპატრულო პოლიციაში დარეკვის შესაძლებლობაც არ მისცეს. ამის საპირისპიროდ, ლ. ბერიანიძე და თ. კუსიანი თვითნებურად დააკავეს და მათ მიმართ მკვეთრად ჰომოფობიური შინაარსის სიძულვილის ენა გამოიყენეს. დაკავებულებისთვის პოლიციის თანამშრომლებს არ განუმარტავთ საპროცესო უფლებები, დაკავების მიზეზი და არც ტელეფონზე დარეკვის საშუალება მისცეს.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებაში გადაყვანის პროცესში კი დაკავებულ აქტივისტებზე პოლიციამ იძალადა. მეტიც, პოლიციის განყოფილებაში ფიზიკური შემოწმებისას პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულებს გაშიშვლება მოსთხოვეს და ღირსების შემლახავ მოპყრობასთან ერთად, ჰომოფობიური შინაარსის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამასთან დაკავებულები მიუთითებენ, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში სამედიცინო შემოწმებისას ექიმმა გულგრილობა გამოიჩინა, ლევან ბერიანიძისთვის მიყენებული ფიზიკური დაზიანებები სრულყოფილად არ შეაფასა და არ ასახა შესაბამის დოკუმენტებში.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-6 განყოფილების თანამშრომლებმა ლგბტ თემის რამდენიმე წევრის მიმართ გამოვლენილ ძალადობასთან დაკავშირებით ასევე არ მიიღი სათანადო ზომები და პოლიციამ მოძალადეების ნაცვლად, თავად დაზარალებულები დააკავა.[1] წარსულში ფიქსირდება რამდენიმე საქმე (მათ შორის, 2016 წლის 20 აგვისტოს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტის, პაატა საბელაშვილის თვითნებური დაკავების ფაქტი; წინა წლის ზაფხულში პოლიციელების მიერ ტრანსფობიური მოტივით ერთ-ერთ თემის წევრის, რ.შ. ცემის ფაქტი), სადაც ასევე ჩანს აღნიშნული პოლიციის განყოფილების თანამშრომლების სავარაუდო მონაწილეობა თვითნებური დაკავებისა და ჰომოფობიური ძალადობის ინციდენტებში.
ზემოთ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები ლევან ბერიანიძისა და თორნიკე კუსიანის მიმართ კერძო პირების მხრიდან სავარაუდო ჰომოფობიური მოტივით ცემასა და პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილისა და მორალური ტანჯვის მიყენებით არაადამიანურ და ღირებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაზე მიუთითებს, რაც შესაბამისად წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითა და 144 3-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელიც ჩადენილია სსკ-ის 53 1-ე მუხლით გათვალისწინებული სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე, შეუწყნარებლობის მოტივით.
ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები წლების განმავლობაში მიუთითებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის ერთიანი სტრატეგიისა და სისტემური პოლიტიკის არარსებობაზე, თუმცა, პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, უწყებას ხელშესახები რეფორმა ამ მიმართულებით არც კი დაუწყია. ჰომო/ბი/ტრანსფობიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული ხშირად პოლიციის ეფექტიანი რეაგირებისა და გამოძიების გარეშე რჩება, საპოლიციო სისტემის პირისპირ აღმოჩენილი უფლების დარღვევის მსხვერპლები კი, ჰომოფობიური პოლიტიკისა და საპოლიციო კულტურის გამო, განმეორებად ვიქტიმიზაციას განიცდიან. მსგავს დანაშაულებში იკვეთება ხოლმე პოლიციის მხრიდან ბრალის დაზარალებულებზე გადატანისა და მსხვერპლების დაკავების ტენდენცია. მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში პოლიცია თავად მიმართავს ძალადობას ლგბტი თემის წევრების მიმართ და თავის ჰომო/ბი/ტრანსფობიურ დამოკიდებულებას ყველაზე სასტიკი ფორმებით ავლენს.
არსებული არაეფექტიანი, დისკრიმინაციული და რეპრესიული საპოლიციო პოლიტიკა აძლიერებს საზოგადოებაში არსებულ ჰომო/ბი/ტრანსფობიურ წინასწარგანწყობებს, ქმნის დაუსჯელობის გარემოს და პოლიტიკური და სოციალური სივრციდან დისკრიმინირებული ჯგუფების გარიყვას განაპირობებს. საპოლიციო სისტემაში ინსტიტუციონალიზებული ჰომოფობია ლგბტი თემის სისტემურ ჩაგვრას აღრმავებს და თანასწორობის პოლიტიკის გატარებას შეუძლებელს ხდის. მსგავ ძალადობრივ ინციდენტებში პოლიციის თანამშრომლების მონაწილეობა ასუსტებს ლგბტი ადამიანებისა და სხვა ჩაგრული ჯგუფების ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და მათ ძალადობის პირისპირ მარტოებს ტოვებს.
ლევან ბერიანიძისა და თორნიკე კუსიანის საქმე ასევე მწვავედ ავლენს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის არარსებობის პრობლემას, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების სისტემის შიგნით ჩადენილი დანაშაულის დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების გარანტია უნდა იყოს.
ზემოთ აღნიშნული შეფასებების გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ
საქართველოს პროკურატურას, უზრუნველყოს
პოლიციის თანამშრომლებისა და ასევე კერძო პირების მხრიდან ლ. ბერიანიძისა და თ. კუსიანის ცემის ფაქტებზე დროული, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება, მათ შორის, დაზარალებულებისთვის სტატუსის დროული მინიჭების, ქმედების სათანადო კვალიფიკაციის (პოლიციელების ქმედების ნაწილში სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის (დამამცირებელი და არაადამიური მოპყრობა) გამოყენება, ასევე სიძულვილის მოტივის გამოკვეთა და საპროცესო დოკუმენტებში ასახვა), დამნაშავე პოლიციის თანამშრომლების სამართლიანი დასჯის უზრუნველყოფის გზით. ამასთან, საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მოახდინოს გამოძიების პროგრესისა და შედეგების შესახებ საზოგადოების დროული ინფორმირება;
შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს
ბათუმის საქალაქოს სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების შესაბამისი თანამშრომლების ქმედებების შესწავლა და სამართალდარღვევის დადასტურების შემთხვევაში მათი გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან. საქმის შესწავლის პროცესში არსებითია სამინისტრომ უზრუნველყოს აღნიშნული პირების უფლებამოსილების შეჩერება;
სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე სისტემური და ეფექტიანი პოლიტიკის გატარება, რაც ინსტიტუციურ დონეზე, მათ შორის, მოითხოვს, სტრატეგიის დოკუმენტის, სპეციალიზებული საპოლიციო სამსახურების შექმნასა და დამოუკიდებელი შიდა მონიტორინგის მექანიზმების ამუშავებას.
საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს
სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების ეფექტიანი პოლიტიკისა და მექანიზმების შექმნა, რაც, მათ შორის, გულისხმობს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ამუშავებას.
საქართველოს პარლამენტს, უზრუნველყოს
სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე სამართალდამცავი უწყებების საქმიანობაზე ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლი;
ჰომო/ბი/ტრანსფობიური ძალადობის დაგმობასა და თანასწორობის მხარდაჭერაზე ორიენტირებული საჯარო განცხადებების გაკეთება და პოლიტიკის გატარება.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
თანასწორობის მოძრაობა
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციცია (GYLA)
ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო (OSGF)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
კავშირი საფარი
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
ქალთა მოძრაობა
თემიდა
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ჰერა 21
იდენტობა