არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გეგმებს ეხმაურებიან
2015 წლის 31 აგვისტოს კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიცია არ აპირებს საარჩევნო სისტემის ძირეულ ცვლილებას და მხოლოდ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ზომების გათანაბრებას მოახდენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ევროპის საბჭოს 2002 წლის კარგი პრაქტიკის კოდექსის შესაბამისად. ასევე, მაჟორიტარული არჩევნებისთვის შემოღებულ იქნება 50%-იანი ბარიერი.
ამავე განცხადებაში წერია, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში, აგრეთვე, საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პაკეტს წარადგენს, რომელიც 2016 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული (მრავალმანდატიანი ოლქების) სისტემით ჩატარებას გაითვალისწინებს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს წინადადება ახალი არ არის და „ქართული ოცნების“ ამ გეგმების შესახებ ინფორმაცია 2015 წლის 5 ივნისსაც გავრცელდა, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენი შეფასება საზოგადოებას მიმდინარე წლის ივნისში წარვუდგინეთ.
კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები არ იქნება საკმარისი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყნაში უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემისა და გარემოს ჩამოსაყალიბებლად, ვინაიდან შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნებით არ იქნება უზრუნველყოფილი ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად გარდასახვა მანდატებში.
ვფიქრობთ, რომ მმართველმა კოალიციამ 2020 წლის არჩევნებისთვის დაგეგმილი საარჩევნო სისტემის ცვლილება 2016 წლის არჩევნებისთვის უნდა განახორციელოს, რაც, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ადვილად მოსწრებადია. ჩვენი მოსაზრება რამდენიმე გარემოებიდან გამომდინარეობს, კერძოდ:
პირველ რიგში, „ქართული ოცნება“ საკუთარ განცხადებაში მიუთითებს, რომ ამ რეფორმით ის წინასაარჩევნო დაპირებებს ასრულებს, რაც სამართლიანი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებას გულისხმობს; თუმცა, კოალიციის ლიდერების ბევრი კომენტარით აღიარებს, რომ არსებული შერეული საარჩევნო სისტემა არ არის სამართლიანი და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უკეთესი გადაწყვეტილება იქნება. 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების სურვილი და შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება სწორედ ამაზე მიუთითებს. გაუგებარია ხელისუფლების არგუმენტი, თუ რატომ არ ხდება ამ სასურველი ცვლილების განხორციელება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისაც.
მეორე, არსებული ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების გათანაბრება და მრავალმანდატიანად გადაკეთება ძალზე რთული იქნება, რაც აუცილებლად გამოიწვევს სხვადასხვა გეოგრაფიულ-ისტორიული მახასიათებლების მქონე ბევრი ოლქის მექანიკურ გაერთიანებას და განსაკუთრებით მცირე ტერიტორიული ერთეულების საქართველოს პარლამენტში წარმომადგენლობითობის სერიოზულ შესუსტებას. შესაბამისად, თუ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს, მაჟორიტარული ოლქების გათანაბრების რეფორმა გასაწევი შრომისა და რესურსების წყალში გადაყრა იქნება.
მესამე, ამჟამად საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში უპრეცენდენტო შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რაც იმაში გამოიხატება, რომ თითქმის ყველა დაინტერესებულ მხარეს (პოლიტიკური პარტიები, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საექსპერტო წრეები), აქვს ერთიანი ხედვა, რომ შერეული საარჩევნო სისტემის ნაცვლად საქართველოს პარლამენტი უნდა აირჩეს სრულად პროპორციული სისტემით. ამავე აზრზეა კოალიცია „ქართული ოცნება“, თუმცა გაუგებარი მიზეზების გამო, ამ სისტემით მხოლოდ 2020 წლის არჩევნების ჩატარების მომხრეა. აღსანიშნავია ისიც, რომ რაც უფრო გაიწელება რეფორმა, მით უფრო დიდია შანსი, რომ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის არსებული კონსესუსი დაიკარგოს, ხოლო მომავალ წელს არჩეულმა პარლამენტმა აღარ მოინდომოს ამ რეფორმის განხორციელება.
და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა დაინტერესებული მხარე თანხმდება, რომ არსებული მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა პრობლემურია, კოალიციის გადაწყვეტილების გამო, ქვეყანას დამატებით ოთხი წლის განმავლობაში კვლავ მოუწევს ამ მდგომარეობასთან შეგუება და 73 მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროების შესანახად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 4 მილიონ ლარზე მეტის ხარჯვა. თავად მაჟორიტარი დეპუტატების ცნობადობა კი საკმაოდ დაბალია, მაგალითისთვის, 2015 წელს გამოკითხულთა მხოლოდ 30%-მა იცის, ვინ არის მისი ოლქიდან პარლამენტის მაჟორიტარი წევრი. შესაბამისად, თუ „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ დღეს ამის წინააღმდეგ მაჟორიტარები წავლენ, გამოდის, რომ ისინი მიზანმიმართულად ინარჩუნებენ არაეფექტურ სისტემას, რომელიც სახელმწიფო ფინანსური რესურსების არაგონივრულ ხარჯვას იწვევს.
მოვუწოდებთ კოალიცია „ქართულ ოცნებას“, გაითვალისწინოს საზოგადოებაში არსებული ფართო კონსენსუსი, გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და სანამ ჯერ კიდევ არის საკმარისი დრო, გამოვიდეს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების წესს გაითვალისწინებს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)