არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ განცხადებას ავრცელებენ
საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იქცეს პოლიტიკური დებატების და არა პოლიტიკური თამაშების პლატფორმად
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი სამწუხაროდ კვლავ პოლიტიკური მოვლენებისა და ბრალდებების ეპიცენტრში მოექცა. წინასაარჩევნო პერიოდში აუცილებლად მიგვაჩნია, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პოლიტიკური დებატებისთვის ფორუმი უზრუნველყოს, სადაც კანდიდატებს საკუთარი პროგრამების წარდგენისა და ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება მიეცემათ, რაც ხელს შეუწყობს კენჭისყრის დღეს ტელემაყურებელთა მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას.
გასულ კვირას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის მიმართ უნდობლობის გამოცხადების პროცესი წამოიწყო. საბჭო ამტკიცებს, რომ ბარათაშვილმა მათ დროულად და ამომწურავად არ მიაწოდა ინფორმაცია გადაცემებთან და ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ექვსი თვის წინ, სამეურვეო საბჭომ ბარათაშვილს ერთხელ უკვე გამოუცხადა უნდობლობა, თუმცა მაშინ გათავისუფლებულმა დირექტორმა სასამართლო დავის წარმოების მეშვეობით მიაღწია თანამდებობაზე აღდგენას.
საზოგადოების ნაწილის ყურადღება მიიპყრო ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის საავტორო პოლიტიკური თოქ-შოუების შესაძლო გაუქმების საკითხმაც. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ კვესიტაძის „აქცენტები” და პაიჭაძის „დიალოგი” შესაძლოა დაიხუროს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. მენეჯმენტის წარმომადგენლების თქმით, მაუწყებელი ორივე ჟურნალისტთან აგრძელებს თანამშრომლობას და კვესიტაძემ და პაიჭაძემ, შესაძლოა, შემოდგომიდან ახალი თოქ-შოუ წაიყვანონ. ეს ორი წამყვანი ცნობილია საკუთარი კრიტიკული დამოკიდებულებით მოქმედი ხელისუფლების მიმართ და საზოგადოების ნაწილი მათ ნაციონალური მოძრაობის მიმართ ლოიალურად განწყობილ ჟურნალისტებად მიიჩნევს, ხოლო მათ მიერ მოქმედი ხელისუფლების კრიტიკას პოლიტიკური ნეირტალიტეტის უგულვებელყოფად აღიქვამს. შესაბამისად, გადაცემების დახურვის შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს ამ გადაწყვეტილების მყარი და ობიექტური არგუმენტებით დასაბუთება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ფაქტი თავად მაუწყებლის მენეჯმენტის პოლიტიკური მიუკერძოებლობის მიმართ გააჩენს კითხვებს.
ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ შექმნილი გაურკვევლობები უარყოფითად აისახება როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიან რეპუტაციაზე, ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს წინასაარჩევნო გარემოზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ და სამეურვეო საბჭომ ყველაფერი უნდა იღონონ, რათა მაუწყებელის ეთერში პლურალიზმი უზრუნველყონ. არხის მენეჯმენტი და სამეურვეო საბჭო უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას და არა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს, ხოლო პოლიტიკოსებმა კი, თავის მხრივ, მაუწყებელს მოქმედების სრული თავისუფლება უნდა მიანიჭონ, რათა მან პირნათლად შეძლოს საკუთარი მოვალეობების შესრულება.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო (TI Georgia)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)